ბრიტანული გამოცემა The Independent სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ბური ფერმერების საქართველოში მოსალოდნელ ჩამოსახლებაზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
ჟურნალისტი შონ უოკერი წერს, რომ სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების მიერ გატარებული მიწის რეფორმის გამო, ბური ფერმერები ცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს პოსტსაბჭოთა საქართველოში ეძებენ. საუბარია, დაახლოებით, 40 000 ფერმერზე.
"ჰოლანდიიდან ჩამოსახლებულების შთამომავლები ფიქრობენ, რომ მათი ახალი ცხოვრების გასაღები საქართველოშია, რომელიც სამხრეთ აფრიკას, ღვინის წარმოებისა და შფოთიანი უახლესი ისტორიის გარდა, არაფრით ჰგავს. საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიწები თითქმის უსასყიდლოდ შესთავაზა, სანაცვლოდ მათგან სოფლის მეურნეობაში ტრადიციული და უახლესი მეთოდების საქართველოში დამკვიდრებას ითხოვს", - წერს The Independent.
გამოცემას მოჰყავს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაპუნა დავითაიას განცხადებაც, რომ ბურები ერთ-ერთი საუკეთესო ფერმერები არიან მსოფლიოში.
"სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტორებს ვეძებთ. საქართველო ისტორიულად ყოველთვის მიწათმოქმედი ქვეყანა იყო, მაგრამ საბჭოთა მმართველობის დროს ეს ტრადიციები გადაგვავიწყდა", _ განუცხადა დავითაიამ გამოცემას.
ამასთან, ჟურნლისტი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების იდეა ორივე ქვეყანაში კრიტიკის ობიექტი გახდა.
"ქართველი ოპოზიციონერები ამტკიცებენ, რომ ჩამოსახლებულ ბურებს იაფად საუკეთესო მიწებს მიჰყიდიან, ადგილობრივ გლეხებს კი მწირმოსავლიანი ფართობები დარჩებათ. არც სამხრეთ აფრიკაში მიესალმებიან საუკეთესო ფერმერების სხვა ქვეყანაში მოსალოდნელ გადასახლებას", - წერს The Independent-ის ჟურნალისტი შონ უოეკორი.