საახალწლო დღესასწაულების თანამდევმა სავაჭრო ეიფორიამ ჩაიარა, თუმცა ფასებს ქვეყანაში ისევ ცეცხლი უკიდია. ექსპერტების ვარაუდით, ეს ნეგატიური პროცესი გაგრძელდება - გაძვირდება ნავთობი და მედიკამენტები, აგრეთვე პირველადი მოხმარების საგნები.
ბუნებრივია, პროცესების ამგვარი ესკალაცია დაამძიმებს ქვეყნის სოციალურ ფონს, რასაც, სავარაუდოდ, სოციალური დაძაბულობაც მოჰყვება. ეს მშვენივრად იციან ხელისუფლებაშიც და, როგორც ჩანს, სათანადო ზომების მიღებასაც ცდილობენ, თუმცა რა შედეგს გამოიღებს ეს ზომები, არავინ იცის.
როგორც ამბობენ, მთავრობას 2011 წლის მეორე ნახევრიდან სერიოზული საბიუჯეტო პრობლემები შეექმნება. მიუხედავად ხელისუფლების მტკიცებისა, რომ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო პირობებია, ადგილობრივი წარმოება არათუ ვითარდება, არამედ კიდევ უფრო მცირდება. უკიდურესად არის შემცირებული უცხოური ინვესტიციები, ამასთანავე, ხელისუფლებამ თითქმის ამოწურა ის ფინანსური დახმარებები, რაც ქვეყანამ 2008 წლის ომის შემდეგ მიიღო. მოკლედ, ხელისუფლება ეცდება, სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობა ახალ-ახალი პიარაქციით შეიქციოს.
ჩნდება ეჭვი, რომ გაყიდიან იმ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებსაც, რის გაყიდვაც აქამდე იკრძალებოდა. ლაპარაკია მაგისტრალურ გაზსადენზე, რომლის გაყიდვისთვისაც მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში შეამზადა ნიადაგი. ვგულისხმობთ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან გაზსადენის ამოღებას. მოკლედ, საქართველოში მაგისტრალური გაზსადენის თემა უკვე მერამდენედ მწვავდება. რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია თბილისთან რუსეთ-სომხეთის გაზსადენის საქართველოს ნაწილის პრივატიზებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ამის შესახებ სააგენტო "აპა"-ს კორპორაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ამ გაზსადენის გამოყენება შავი ზღვის სანაპიროსთან გაზის ექსპორტირებისთვის სურს. ამას საპასუხო რეაქცია მოჰყვა სომხეთისგან, სადაც შეშფოთება გამოთქვეს და, ამასთანავე, გაცხადდა, რომ გაზსადენის შეძენის სურვილი სომხეთსაც აქვს. ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით რაიმე განცხადებას ერიდებიან, თუ არ ჩავთვლით საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს, სადაც მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა:
"აზერბაიჯანმა ხსენებული გაზსადენის შესყიდვის სურვილი გამოთქვა. ლაპარაკია კერძო კომპანიის დაინტერესებაზე, რომელიც მოლაპარაკებას მართავს, მაგრამ ამ მოლაპარაკების არც შინაარსი ვიცით და არც დეტალები. მით უმეტეს, აღნიშნული საკითხი ამ ეტაპზე სახელმწიფოებრივ დონეზე არ განიხილება." ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის განცხადებით, კალანდაძეს სრულიად ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს შექმნილ ვითარებაზე და არც ის იცის, რომელი კომპანიაა აზერბაიჯანში სახელმწიფო და რომელი - კერძო.
გია ხუხაშვილი, ექსპერტი:
- სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ გაზსადენს ჩვენი ქვეყნისთვის პოლიტიკურად იმხელა მნიშვნელობა აქვს, მისი გაყიდვა არ შეიძლება. ეს არის აქტივი სახელმწიფოსთვის, რომელმაც შესაძლოა, სამომავლოდ სერიოზული დივიდენდებიც მოგვიტანოს, თუმცა ჩვენს ხელისუფლებას ამის გაცნობიერება არ სურს. როგორც ყოველთვის, ახლაც დღევანდელ კვერცხზე ფიქრობენ და არა პერსპექტივაზე. თუ მაინცდამაინც აუცილებლად დადგება დღის წესრიგში გაზსადენის გაყიდვა, სჯობს, ისევ აზერბაიჯანს მივყიდოთ, რადგან სომხეთისთვის მიყიდვა, ფაქტობრივად, გაზსადენის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას ნიშნავს. თუმცა ამ ხელისუფლებისგან არაფერია გასაკვირი, იქნებ პირდაპირ რუსეთსაც მიჰყიდონ.
ზაფხულში, როდესაც გაზსადენი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხიდან ამოიღეს, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ამბობდა: "არ ვაპირებთ გაზსადენის პრივატიზაციას არც ერთ ვარიანტში... თუ მსგავსი რამ დადგა დღის წესრიგში, მაშინ გაზსადენის აქციათა პაკეტის 51% აუცილებლად დარჩება სახელმწიფოს ხელში. სავარაუდოდ, შეიძლება გასხვისდეს მხოლოდ 10-15 პროცენტი, რაც კარგი იქნება როგორც მენეჯმენტის, ასევე, საერთოდ, საინვესტიციო გარემოსთვის."
თუმცა, გამორიცხული არ არის, გაზსადენის გაყიდვის ამბავი გილაურს აღარც ჰკითხონ. საქმე ის არის, რომ არ წყდება მითქმა-მოთქმა კიდევ ერთი სამთავრობო კარუსელის შესახებ. ეს სრულიად სავარაუდოა, მით უფრო, რომ ჩვენს ხელისუფლებას ყოველთვის ხელეწიფებოდა საზოგადოების ყურადღების სერიოზული პრობლემებისგან მეორეხარისხოვან საკითხებზე გადატანა ამგვარი ხერხით. მოკლედ, ამბობენ, რომ შესაძლოა, ბატონი გილაური პრემიერის პოსტზე ვერონიკა ქობალიათი ჩაანაცვლონ.
გია ხუხაშვილი: - ჩემთვის ასეთი ცვლილება ფანტასტიკის სფეროა და ეს თუ მოხდა, იქნება კადრი ჰიჩკოკის ფილმიდან. დღეს რა თანამდებობაზეც არის ქობალია, მისი ყოფნა იქაც სკანდალურია.
თუმცა ამგვარი სკანდალური გადაწყვეტილება უფრო მეტად აუშლის საზოგადოებას ლაპარაკისა და გარჩევის საღერღელს, შესაბამისად, რეალური პრობლემები მცირე ხნით მიეცემა დავიწყებას. გარდა ამისა, ამბობენ, რომ, ბოლოს და ბოლოს, გაათავისუფლებენ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ გოგა ხაჩიძეს.
ამ სამინისტროში უკვე იმდენი ადამიანი დააპატიმრეს, ხაჩიძე კარგა ხნის მოხსნილი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქამდე მას პრეზიდენტისა და, ზოგადად, მთავრობისთვის მიძღვნილი "ჰიმნოგრაფიული" შედევრები შველოდა. რა გაეწყობა, როდესაც ლაზიერი საფრთხეშია, საყვარელ მხედარსაც კი სწირავენ ხოლმე. გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეცვლიან კობა სუბელიანსაც.
მოკლედ, წინ საკმაოდ რთული სოციალურ-პოლიტიკური პროცესები გველის, იმედია, ამ ორომტრიალში ყველაზე ნაკლებად რიგითი მოქალაქე დაზარალდება.
ანა გიორგაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)