შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სააგენტო ”რია ნოვოსტის” ინტერვიუ მისცა.
- მომეჩვენა, რომ თქვენი პოლიციელები, განსაკუთრებით აკადემიის კურსანტები, ისე გამოიყურებიან, როგორც ევროპელები, ჯერ კიდევ არაევროპულ საქართველოში...
- გამოდის, რომ ამაოდ არ გვიშრომია. მაგრამ არცერთი მათგანი უცხოეთიდან არ ჩამოფრენილა. ისინი ჩვეულებრივი ქართველები არიან, მათგან 99%-ს პოლიციაში საერთოდ არ უმუშავია.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ რეფორმები ყველა სფეროში ერთდროულად დაიწყო. შედით საქართველოს ნებისმიერ სამინისტროში და ნახავთ, რა სერიოზული ცვლილებებია. ცვლილებებია ფინანსურ სფეროში, პენიტენციურ სისტემაში, განათლებაში. საქართველოს ბიუჯეტი შვიდი წლის მანძილზე 25-ჯერ გაიზარდა.
შეუძლებელია ერთი სისტემის რეფორმირება და სხვების - არა. კორუმპირებული სფეროები შსს-ზე მაინც იმოქმედებდა. ეს ისევეა, როგორც ადამიანი, მთელს ორგანიზმს უნდა უმკურნალო.
- როგორ გაჩნდა საპატრულო პოლიციის შემქნის იდეა და რამდენად გაამართლა მან?
- ამერიკაში იგივე სისტემაა, როგორც ჩვენთან. მაგრამ მთავარი ის კი არაა, სახელმწიფო ავტოინსპექციას (ГАИ) სახელი გადაარქვა და პატრული უწოდო, და არც იმაში, რომ მილიცია პოლიციად მონათლო. ჩვენ ყველა ძველი "გაიშნიკი" სახლში გავუშვით. იმიტომ რომ ლპობადი სისტემის გამოსწორება უფრო რთულია, ვიდრე მისი მთლიანად შეცვლა. მათ ნაცვლად ახალი ხალხი ავიყვანეთ, რომლებსაც სჯეროდათ, რომ კარგი პოლიციელები გახდებოდნენ. ახლა საზოგადოების 82% პოლიციას ენდობა.
ადრე პოლიციას "ძაღლებს" ეძახდნენ, როგორც რუსეთში "მენტს". ახლა ასეთი რამ დიდი ხანია არ გამიგონია. ჩვენ დამნაშავეთა სატელეფონო საუბრებს ფარულად ვისმენთ, ისინიც კი არ მოიხსენიებენ პოლიციელებს "ძაღლებად".
- სარისკო არ იყო, რომ ფსონი აბსოლუტურად ახალ ხალხზე დადეთ? გამოცდილება? პროფესიონალიზმი? კანონების ცოდნა? პოლიციის აკადემიაში კურსანტები 7-8 კვირა სწავლობენ, ძველებური 4 წლის ნაცვლად.
- შეცდომების არ უნდა გვეშინოდეს. თუ შენი განზრახვა პატიოსანია, ყოველთვის შეძლებ შეცდომების გამოსწორებას.
რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ეს მითია. იმიტომ რომ კორუმპირებულ სისტემაში პროფესიონალიზმი არ არსებობს. 99 % იმისა, რასაც პოლიციელი აკეთებს, მიმდინარე საქმეებია და არა, გამოძიება. თუ ადამიანი სამუშაოზე კი არა, იმაზე ფიქრობს, როგორ გამოკვებოს ოჯახი და უფროსს ქრთამი როგორ მისცეს, მისი პროფესიონალიზმის ფასი ნულის ტოლია. საგზაო მოძრაობის რეგულირება ავტომოყვარულსაც შეუძლია.
საჭიროა საქმის გულით კეთება, განათლება და ინტელექტი. ასეთი ადამიანი 10-ჯერ უფრო ეფექტურად იმუშავებს, ვიდრე კარგად გაწვრთნილი და პროფესიონალი გარეწარი.
- პოლიციის თანამშრომლის საშუალო ასაკი?
- 23-24 წელი, დეპარტამენტის ხელმძღვანელისა - 31-32.
- თქვენი უფროსი ვაჟი 10 წლის არის, ამ ასაკს მალე მიაღწევს, სამსახურში აიყვანდით?
- სანამ გაიზრდება პოსტიდან წავალ. თქვენი ნურგალიევი კი არ ვარ, სამუდამოდ რომ ვიჯდე. სანამ მინისტრი ვარ შსს-ში ვერ წავა. არცერთი ჩემი ნათესავი ჩემთან არ მუშაობს.
- თქვენ რომ დაგიჯეროთ, ქართულ პოლიციაში იდილია სუფევს. როგორ აკონტროლებთ, რომ მან დეგრადაცია არ განიცადოს? ამას გენერალური ინსპექცია აკონტროლებს?
- ამისთვის ცვლილებები შეუქცევადი უნდა გახდეს. თუ რამის შემოწმება გინდა, იოლია. 25 ათას პოლიციელზე 47 გენინსპექტორი მოდის. არ მახსოვს შემთხვევა, რომ სერიოზული სამართალდარღვევა მომხდარიყოს და ინსპექციას არ სცოდნოდეს.
როგორ ვახერხებთ, ამის მოყოლა დიდ დროს წაიღებს, მაგრამ მარტო შემოწმება კი არა, ნდობაცაა საჭირო. როცა ადამიანს ენდობი და გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას გადასცემ, მას პასუხისმგებლობის გრძნობა ემატება.
გენინსპექცია მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ პოლიციელს ღირსება და სიამაყე აქვს. სანამ ქრთამს აიღებს, ათჯერ დაფიქრდება, მისთვის ქრთამი სტრესია. როცა ქრთამს იღებ, თავს იმცირებ. ვინც ქრთამს გაძლევს, ზემოდან გიყურებს.
-ამ 25 ათასიდან სამართალდარღვევათა გამო, რამდენი გაათავისუფლეთ...
-სადღაც 2-3 ათასი, ან გავათავისუფლეთ, ან თავისით წავიდნენ. 300 დავაპატიმრეთ. მარტო წელს - 35 ადამიანი.
კვირა არ გადის, გენინსპექციამ ვინმე არ დაიჭიროს. ამას ფართოდ ვაშუქებთ. თუ ინფორმატორი გყავთ და მას ინფორმაციისთვის პრემიას აძლევთ, ეს ინფორმაცია თქვენამდე ძალიან სწრაფად მოვა.
- თვითონ გენინსპექციიდან ვინმე დაგიჭერიათ?
- გავაგდეთ ერთი-ორი, ეჭვების საფუძველზე. ვინაიდან შსს-ს გენინსპექცია არ უყვარს, ნებისმიერ დარღვევას იოლად ვიგებთ.
- გამოდის თუ თქვენ არ გინდათ, ქრთამს არავინ აიღებს. და ვინ აკონტროლებს, რომ მინისტრმა ქრთამი არ აიღოს?
- როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში, პარლამენტი, საზოგადოებრივი აზრი, თავისუფალი პრესა. თუ ქმნი სისტემას, სადაც ქრთამს არავინ იღებს, ეს ქმნის გარანტიას, რომ ხელმძღვანელიც ვერ იქნება მექრთამე. მინისტრი ვერ მიიღებს ქრთამს სამინისტროს დახმარების გარეშე.
- საპარლამენტო ოპოზიციას შევხვდი, ქრისტიან-დემოკრატებს. ისინი ამბობენ, რომ საქართველო პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა. ოპოზიციურ მიტინგებს შლიან, ციხეები სავსეა.
- მზად ვარ კონკრეტულ ბრალდებებს ვუპასუხო. გამოკითხეთ მოსახლეობა – თბილისის პოლიციის ხელმძღვანელი ვინ არის? არავინ იცის. არადა ყოველთვის იცოდნენ. მოსკოვშიც იციან, ვინ არის მოსკოვის შსს-ს ხელმძღვანელი.
- რევოლუციის შემდეგ 5-ჯერ გაიზარდა პატიმრების რაოდენობა...
- და ხუთჯერ შემცირდა დანაშაული. საქართველოში არ არის რეკეტის მცნება, არ იტაცებენ ხალხს, მანქანებს. 4-5 წლის მანძილზე არ ყოფილა არცერთი შეკვეთილი მკვლელობა. და თუ ამას პოლიციური სახელმწიფო ქვია, ვამაყობ რომ საქართველო პოლიციური სახელმწიფოა. თუ საზოგადოების ყველაზე კარგ წევრებს პოლიციელობა სურთ, ტარდება დიდი კონკურსი, 1000 კაციდან ერთი იმარჯვებს და შემდეგ ის თავად ქრთამს არ იღებს, თუ ამას ჩავთვლით პოლიციურ სახელმწიფოდ, მაშინ ვამაყობთ, რომ ასეთი სახელმწიფო გვაქვს.
-როგორ განვითარდება ქართული პოლიცია მომავალში?
- რეფორმა ერთი ნაბიჯი არ არის. ეს მუდმივი გაუმჯობესებაა. ბოლო 5-6 წლის მანძილზე ახალი იდეები ზემოდან კი არა, ქვემოდან მოდის. ახლა რიგითმა პოლიციელმა უკეთ იცის, რა უნდა გაუმჯობესდეს. განათლების პროცესი უწყვეტი უნდა იყოს, კვალიფიკაციის ამაღლება - ნახევარ წელიწადში ერთხელ. ენების და კომპიუტერის შესწავლა, სისტემის ავტომატიზაცია.
გაისად გვინდა მართვის მოწმობის ტარება სავალდებულო აღარ იყოს. პატრული ადამიანს სახელსა და გვარს კითხავს და კომპიუტერში გადაამოწმებს, ეს სწორედ ის ადამიანია, თუ არა. რაც ნაკლებად ჩაერევა სახელმწიფო ადამიანის პირად ცხოვრებაში, საზოგადოებისთვის უკეთესია. შსს-ში ყველა დოკუმენტისა და ინფორმაციის გაცვლა, არა წერილობითი, არამედ ელექტრონული ფორმით ხდება.
- არ გეშინიათ, რომ ქსელში რუსი ჰაკერები შემოძვრებიან და გატეხავენ?
- ინფორმაციის დამალვის საუკეთესო გზა, მისი გახსნაა. იმიტომ რომ მილიონი ინფორმაციიდან იმის არჩევა, რაც მზვერავს სჭირდება, ძალზე რთულია.
იხილეთ ინტერვიუს ვიდეოჩანაწერი
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.