რა ხდება საქართველოს ციხეებში?

რა ხდება საქართველოს ციხეებში?

ციხეებში არსებული ძალადობა დიდხანს იყო ტაბუდადებული თემა. ამ საკითხზე საჯარო არავინ ლაპარაკობდა, სანამ საქართველოში ბოლო 10 წლის მანძილზე პატიმართა სიკვდილიანობის რეკორდული მაჩვენებელი არ დაფიქსირდა. ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2010 წელს ქართულ ციხეში 100 ადამიანი გარდაიცვალა. მათი საშუალო ასაკი 23-დან 48 წლამდე მერყეობს.

18 წლის ალექსანდრე ალბოროვი 2004 წლის ოქტომბერში დაიჭირეს ალუმინის ქვაბის ქურდობისათვის. გაასამართლეს და სამი წელი მიუსაჯეს.

ქეთევან ცინცაძე: "აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო, ციხეში რომ გაამწესეს. დეკემბერში ფეხი მოვიტეხე. მარტოხელა ვარ, მეუღლე გარდაცვლილი მყავს და შვილს ციხეში ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი. 2006 წლის აგვისტოში გავიგე, რომ ტუბერკულოზით დაავადებულა. რამდენჯერმე გადაიყვანეს ციხის საავადმყოფოში, მაგრამ უმეტესად ორთაჭალის ციხეში ჰყავდათ.

ბოლოს შვილს ციხეში სექტემბერში შევხვდი. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. მოვახერხე და როგორღაც მთავარი ექიმი ვნახე. ვთხოვე, ძალიან ცუდად არის და გადაიყვანეთ ხუდადოვზე-მეთქი. უარი მითხრეს. რას გავხდებოდი ერთი უბედური მარტოხელა ქალი? ოქტომბერში, უკვე ხელში რომ აკვდებოდათ, დამირეკეს, ძალიან ცუდად არის და თუ მოხედავთო. არადა, დილით ვიყავი ციხეში, საჭმელი შევუგზავნე და მაშინ დამიმალეს, რომ უმძიმეს მდგომარეობაში ყოფილა. მაშინვე გავიქეცი ციხის საავადმყოფოში, მუხლებში ჩავუვარდი ექიმს - ახლა მაინც გადამაყვანინეთ ტუბერკულოზის ცენტრში მომაკვდავი-მეთქი. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, საწყალს ჩემი ნახვა უთხოვია. ღამით იქაურმა ავადმყოფებმა მომაკითხეს სახლში ტაქსით. შვილი რომ ვნახე, სასიცოცხლო პირი აღარ უჩანდა. რომ გააშუქეს, ერთი ფილტვი საერთოდ აღარ ჰქონდა, მეორე კი მეოთხედი ჰქონდა დარჩენილი. ფილტვის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა... ერთადერთი შვილი მყავდა, მართალია, დააშავა, იქურდა, მაგრამ განა 18 წლის ბიჭი ალუმინის ქვაბის ქურდობისთვის სიკვდილს იმსახურებს? 4 წელია გამოძიება მიმდინარეობს, ინსტანციიდან ინსტანციაში დავდივარ, მაგრამ ამაოდ. საქმეს არც ხურავენ, არც იძიებენ".

ციხეში სიკვდილიანობა შემზარავი რეალობის ყველაზე მძიმე ნაწილია, მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემა როდია. სტატისტიკურ მონაცემებში არ აისახება იმ ადამიანთა მდგომარეობა, რომლებიც ფიზიკურად სიკვდილს გადაურჩნენ, მაგრამ სამუდამოდ დაინვალიდნენ. ყოველი მშრალი ფაქტის უკან ტრაგედია იფარება.

ნელი გიგაური: "ჩემი ვაჟი, მამუკა გიგაური, 19 ნოემბერს პრეზიდენტის შეწყალების აქტით გამოუშვეს ქსნის საპყრობილიდან. 4 წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი. სასჯელის ვადა სამ დღეში, 22 ნოემბერს ეწურებოდა. მოულოდნელი იყო მისი გათავისუფლება, არავის არაფერი შეუტყობინებია, რის გამოც ციხის კართან ვერ დავხვდი. შინ, რომ დაბრუნდა

მოულოდნელად იარაღი მომთხოვა, რომ მოგაბარე, სასწრაფოდ მომეციო. არადა, არასოდეს ჰქონია. უცნაურად იქცეოდა, ხელში გათავისუფლების საბუთები ეჭირა და ყვიროდა, რისთვის დამიჭირეს, ტყუილად რატომ ვიჯექი ციხეში ამდენ ხანსო? გააფთრებულმა აირბინა კიბე და სანამ აზრზე მოვიდოდი, სახლი უკვე იწვოდა. სულ დაიფერფლა ყველაფერი.(?!)

ხანძარი რომ გაჩნდა, პატრულსა და სახანძროს გამოუძახეს მეზობლებმა. ჩემი შვილი რაიონის ფსიქიატრმა გასინჯა და მითხრა, ხონის ფსიქიატრიულში წაიყვანეთ, მძიმე მდგომარეობაშიაო. იქ მართლაც მწვავე შიზოფრენია დაუდგინეს.

მეუღლე 14 წელია დაღუპული მყავს. თავად ონკოლოგიური ავადმყოფი ვარ, უფროსი შვილი ცერებრალური დამბლით მყავს დაავადებული, ამიტომ ხშირად ვერ ჩავდიოდი ქსანში შვილის სანახავად. ბოლოს ივნისში ვნახე და შევამჩნიე, ძალზე აგრესიული იყო. ზედამხედველს ვკითხე, არ მომწონს მამუკა, ასე იქცევა საერთოდ-მეთქი? როგორ გეკადრებათ, ასე რომ იქცეოდეს, აქ ვინ გააჩერებდა, ახალ ციხეში გადაიყვანდნენო.

ადმინისტრაციისთვის მინდოდა მიმემართა, მაგრამ 102-ე ვიყავი რიგში და სამუშაო საათების შემდეგ ვერავინ ვნახე. მე კი რაიონში ვიყავი დასაბრუნებელი. საწყალი ადამიანის ამბავი ხომ იცით, რასაც ეტყვიან, ყველაფრის სჯერა. მე ვინ შემახედებდა, ციხეში რა ხდებოდა? ასეთ ავადმყოფს როგორ აჩერებდნენ? ის მაინც შეეტყობინებინათ, რომ მძიმედ იყო ავად, პირდაპირ წავიყვანდი სამკურნალოდ და უსახლკაროდ აღარ დავრჩებოდი. ვინ აგებს ჩემი ოჯახის ტრაგედიაზე პასუხს? სად ვეძებო სამართალი? ვერ წარმომედგინა, თუ ასეთი განუკითხაობა იყო ციხეებში, თანაც, სასტიკად არის ნაცემი. თვითონაც ამბობს, მცემდნენო. როგორც ექიმმა მითხრა, დაავადება შეიძლება ტრავმითაც იყოს გამოწვეული, ამის დადგენა აუცილებელია, რომ სწორად უმკურნალონ. ის არ შემატყობინეს, შიზოფრენიით რომ იყო ავად და იმას მეტყვიან, სცემდნენ თუ არა?

P.S. მართალია პატიმარი დამნაშავეა, მაგრამ მათ წინაშე სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული, რომ პატიმარმა სასჯელი ნორმალურ პირობებში მოიხადოს, დაავადებულს კი უმკურნალოს. მუდმივმოქმედი სამედიცინო კომისია, რომელიც 2009 წელს შეიქმნა ჯანდაცვისა და სასჯელაღსრულების მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, როგორც ჩანს, მასზე დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს, რადგან შარშან ტუბერკულოზით გარდაცვლილი 70 პატიმრიდან კომისიას არც ერთი არ შეუმოწმებია.

ხათუნა პაიჭაძე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ