გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და თეატრის დარბაზში გაყინული მაყურებელი

გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და თეატრის დარბაზში გაყინული მაყურებელი

ის იურისტების ოჯახში გაიზარდა. იურისტი მამისა და ბაბუის ზეგავლენა უფრო იყო, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ თავადაც ამ პროფესიის არჩევას აპირებდა, მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა, როცა მისი ცეკვა-სიმღერით მოხიბლულმა ჟურნალისტმა ურჩია: სამსახიობოზე ჩააბარეო. წლები გავიდა და ქალბატონი მარინა დარასელია პროფესიონალ მსახიობად ჩამოყალიბდა. მას შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის სცენაზე უამრავი როლი აქვს შესრულებული, მხოლოდ კინოგადაღებებში მონაწილეობა ექცა ოცნებად. ალბათ დედაქალაქში რომ ეცხოვრა, ამ მხრივაც განებივრებული იქნებოდა, მაგრამ როგორც სხვა პერიფერიული თეატრების მსახიობებს, მასაც იშვიათად სწყალობენ კინორეჟისორები. ამჯერად ქალბატონი მარინას საინტერესო ცხოვრების გზასა და ზუგდიდის თეატრის პრობლემებზე მინდა გიამბოთ. ცნობისათვის: ვიდეორგოლში - "მე მიყვარს სვანეთი" ქალბატონი მარინა სოფო ნიჟარაძის დედის როლს ასრულებს.

შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან

-  მამაჩემს არ სურდა, იურიდიულზე ჩამებარებინა. მეუბნებოდა, - ქალისთვის რთული საქმეა, ამას არ გირჩევო. ერთ დღეს ნათესავის ოჯახში, სტუმრად ვიყავი, სადაც ბებიაჩემის ძმისშვილს - ჟურნალისტსა და პოეტს, რამაზ კუპრავას შევხვდი. სტუმრად მყოფმა ვიმღერე, ვიცეკვე. ბატონმა რამაზმა მკითხა: მარი, სად აპირებ სწავლის გაგრძელებასო? ვუპასუხე, - იურიდიულზე მინდა ჩავაბარო, მაგრამ მამიკო ამის წინააღმდეგია-მეთქი. - მართლაც, რად გინდა იურიდიული? შენ თეატრალურ ინსტიტუტში უნდა მოეწყო, მსახიობი უნდა გახდეო! ამ კაცმა ერთ საათში ისე გადამიტრიალა ტვინი, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და სკოლის დამთავრების შემდეგ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარე. ბაბუა წინააღმდეგი გახლდათ. არ უნდოდა, მისი შვილიშვილი არტისტი გამხდარიყო, მამა კი პირიქით, ამბობდა: ბავშვს რადგან ასეთი ნიჭი აქვს, ხელს არ შევუშლიო...

იმ პერიოდში პერიფერიის თეატრებისთვის "ლიმიტს" იძლეოდნენ ანუ გამოცდა "სამიანზეც" რომ ჩაგებარებინა, მოწყობილი იყავი, ხოლო მას, ვისაც ეს ლიმიტი არ ჰქონდა, მსახიობის ოსტატობაში აუცილებლად "ხუთიანი" უნდა მიეღო. ვიდრე გამოცდებს ჩავაბარებდი, 2-3 თვე თეატრში დავდიოდი, ვემზადებოდი. მაშინ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასიკო ჩიგოგიძე გახლდათ. მან მასწავლა ლექსის კითხვა, დამეხმარა პროზისა და იგავ-არაკის მომზადებაში. ჩემი გამომცდელები იყვნენ: გიზო ჟორდანია, ცხონებული ბაბულია ნიკოლაიშვილი (მეტყველების პედაგოგი), გურამ საღარაძე, დოდო ალექსიძე, დათო კობახიძე და მიხეილ თუმანიშვილი. სიმართლე გითხრათ, ცეკვა-სიმღერამ, პლასტიკაში გამოცდამ, ლექსის კითხვამ ნორმალურად ჩაიარა, ეტიუდში კი მოვიკოჭლებდი. დამავალეს:P ვითომ პაემანზე მიხვედი, შეყვარებულმა კი დაიგვიანა, არ მოვიდაო. ძალიან რთულია რამდენიმე წუთში ჩაეტიო და სათქმელი ბოლომდე თქვა, მაგრამ საერთო ჯამში, ალბათ ჩემს ეტიუდს არა უშავდა, რადგან იმ წელს თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე. თავიდან რაიონიდან ჩამოსული სტუდენტების ჯგუფი ცალკე იყო, თბილისელების - ცალკე, მაგრამ რეჟისორებმა: გია ანთაძემ და დოდო ალექსიძემ მოილაპარაკეს და გაგვაერთიანეს ანუ ორივე ჰგუფში იყვნენ თბილისელებიცა და რაიონიდან ჩამოსულებიც.

დოდო ალექსიძის ექსპე­რიმენტი და როლისთვის გაღებული მსხვერპლი

-  დოდო ალექსიძე დგამდა სადიპლომო სპექტაკლს - "კვაჭი კვაჭანტირაძე". კვაჭის როლი ითამაშა აწ გარდაცვლილმა კახა თავართქილაძემ. მეც "კანფეტივით" როლი მერგო: ჭიპი ჭიპინტირაძე ვითამაშე.

თუ რეჟისორი ჭკვიანია, მას არაფერი გამოეპარება. მე ხულიგანი გოგო ვიყავი, სულ ბიჭებთან ვმეგობრობდი, ვძმაკაცობდი. ეტყობა, ბატონმა დოდომ ეს შენიშნა და კაცის როლი ამიტომაც მანდო. ბიჭები გაუნაწყენდნენ, - ამდენი ვართ და ჭიპის როლი მარინას რატომ მიეცითო? დოდომ უპასუხა: ეს ერთგვარი ექსპერიმენტი იქნებაო. როლს ბრწყინვალედ გავართვი თავი, ოღონდ - ამისთვის მსხვერპლის გაღება მომიხდა: გენერალური რეპეტიცია ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში დაინიშნა, სადაც ჩემი ოჯახის წევრებიც მოვიწვიე. მანამდე, ერთ-ერთი რეპეტიციის დროს რეჟისორმა გამაფრთხილა: ფინალში, როცა კვაჭის ხელში აჰყავს ჭიპი და ახრჩობს, ფრთხილად იყავი. არ დაგავიწყდეს, კახა მაღალია და როცა "მოკვდები", ეცადე, საჯდომით დაეცეო. გენერალურ რეპეტიციაზე, როცა სიკვდილის სცენა ანუ ფინალი უნდა გვეთამაშა, ისე ვიყავი როლში შეჭრილი, რომ რეჟისორის დარიგება დამავიწყდა და წამოვედი პირდაპირ თავით. ჰოდა, სცენაზე წაქცეულმა და ტკივილისგან შეწუხებულმა, იმის ნაცვლად, რომ "ვაი, დედა" მაინც მეთქვა, მეგრულად ვიყვირე: "ვავა, დედა" (იცინის). მერე ფარდა დაეშვა და "გამასვენეს". მამაჩემი სცენაზე ამოხტა, - ჩემს შვილს რა დაემართაო? მინდოდა, მისთვის რაიმე მეთქვა, მაგრამ განძრევის უფლებას არ მაძლევდნენ, - ტვინის შერყევა არ მიიღოსო. ცხონებული დოდო მოვიდა, - ნუ გეშინია, შვილო, ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვსო. - მსხვერპლი კი არა-მეთქი და გამწარებულმა, გულიანად შევიგინე (იღიმის). ალექსიძე იმდენად დიდი პიროვნება იყო, რომ არაფერი უთქვამს, მხოლოდ გაეღიმა.

პირველი როლი

-  სადიპლომო სპექტაკლი - "შემოსავლიანი ადგილი" გია ანთაძემ (ის იყო ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი) დადგა. ამ წარმოდგენაში მე კუკუშკინას როლს ვასრულებდი. ეს არის ქალი, რომელიც შვილებს ყიდის... როდესაც რომელიღაც გმირს თამაშობ, ის თავიდან ბოლომდე უნდა შეისწავლო და ალბათ მის ამა თუ იმ საქციელს გამართლებაც უნდა მოუძებნო. რთულია თამაში მაშინ, როცა ის, ვინც უნდა განასახიერო, არაფრით გგავს, მაგრამ მე შევძელი და ამ ქალსაც გავუგე. მას გასაჭირი აიძულებს, ასე მოიქცეს...

სტუდენტობის დროს ბატონ გიზო ჟორდანიასთანაც მომიხდა მუშაობა. მან დადგა დუმბაძის "მარადისობის კანონი", სადაც გურული ქალის როლი მხვდა წილად. მერე გასტროლზეც ვიყავით ამ სპექტაკლით.

ხულიგანი სტუდენტი და ნაცემი ბიჭები

-  სტუდენტობა არ მიგრძნია, რადგან დედაჩემის დედა, მამა, ჩემი ბიძები აქ ცხოვრობდნენ. სოლოლაკში, ბებია-ბაბუასთან ვიყავი. ვინაიდან მამა მილიციის უფროსი იყო და საშუალებაც ჰქონდა, თვეში 100 მანეთს მაინც მიგზავნიდა, ეს კი მაშინ "დიდი" ფული გახლდათ. ჰოდა, ხშირად თავს უფლებას ვაძლევდი, ჯგუფელები საქეიფოდ რესტორანში წამეყვანა. მაშინ ამისთვის 10 მანეთიც საკმარისი იყო... ზოგჯერ, იმის გამო, რომ რაიონიდან ვიყავი, ვინმე ზევიდან თუ დამხედავდა, "ხულიგნურად ვაწვებოდი". არასდროს არავის ვაძლევდი ჩემი დაჩაგვრის უფლებას და უფრო მეტიც - რამდენჯერმე ბიჭებიც მყავს ნაცემი (იღიმის). ჰოდა, ვინაიდან ეს ყველაფერი იცოდნენ, "პარადიც" მიმყავდა. ამბობდნენ, ეს გოგო ხულიგანიაო. სხვათა შორის, მაშინ თეატრალურ ინსტიტუტში დაახლოებით 500 სტუდენტი იყო და ყველანი ვმეგობრობდით, ერთმანეთს პატივს ვცემდით. პირველკურსელებს ახლო ურთიერთობა გვქონდა: გოგა პიპინაშვილთან G(მაშინ გოგა და ჩემი ცხონებული ჯგუფელი - ნანა ესაკია შეყვარებულები იყვნენ),L ლევან უჩანეიშვილთან, რუსიკო ბოლქვაძესთან და ა.შ. სწორედ პირველ კურსზე ვიყავი, როცა ბატონი მიშა თუმანიშვილის მიერ დადგმული სადიპლომო სპექტაკლი - "ბაკულას ღორები" ვნახე და იმდენად აღვფრთოვანდი, რომ სცენაზე ავედი და ყველა მსახიობი გადავკოცნე. თავისუფალი, უკომპლექსო გოგო ვიყავი.

კომედიის დიდოსტატი

-  საერთოდ ჯამში, თეატრში 70-ზე მეტი როლი მექნება ნათამაშები. ზუგდიდის თეატრში ჩემი პირველი სადებიუტო როლი იყო მარტინა ("ძალად ექიმში"). პატარა გოგონა 40 წლის იტალიელ ქალს ვთამაშობდი და როგორც ამბობენ, დავალებას თავი კარგად გავართვი. ერთ-ერთ სპექტაკლში ვითამაშე გოგონას როლი, რომელსაც გააუპატიურებენ. მერე გაიმართება სასამართლო და აცხადებენ, რომ დარბაზში დაზარალებული უნდა შევიდეს. სცენაზე შევდივარ აწურული, ძალიან დაძაბული, ნამტირალევი სახით და... დარბაზში სიცილი ატყდა. მაყურებელი თავს ვერ იკავებს, ჩემს სერიოზულ გამომეტყველებას ვერ ეგუება... ასეა, ხალხის თვალში კომედიის მსახიობი უფრო მეტად ვარ. ამას ისიც უწყობს ხელს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც მხიარული გახლავართ, ასეთს მიცნობენ...

ურჩი მაყურებელი და დაძაბული პრემიერა

-  თბილისში რატომ არ დავრჩი? - ვალდებული გახლდით, ჩემს რაიონში დავბრუნებულიყავი. ჩემი ზუგდიდი და ზუგდიდელი მაყურებელი ძალიან მიყვარს. სხვათა შორის, ძალიან რთული და ამავე დროს, საინტერესო მაყურებელი ჰყავს ზუგდიდის თეატრს. სცენაზე ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, ახალ-ახალ რაღაცებს ვეძებ, რომ მოსაწყენი არ გავხდე. პრემიერის დღეს კი ძალიან დაძაბული ვარ და ის, რასაც რეპეტიციაზე ვაკეთებ, შეიძლება, პრემიერაზე ვეღარ გავაკეთო. ეს ალბათ, ბუნებრივიც არის. ბოლოს და ბოლოს, მსახიობი ხომ ის ადამიანია, რომელიც მაყურებლის წინაშე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს, მაყურებელი კი იმდენად ჭკვიანია, რომ ვერაფერს გამოაპარებ. თუმცა ზოგჯერ მათი საქციელის გამო გულიც გვტკივა. მაგალითად, სპექტაკლის დაწყებამდე აცხადებენ: გთხოვთ, მობილური ტელეფონები გამორთეთო, მაგრამ ამას ბევრი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, როცა მობილური აწკრიალდება, მერე საათობით გააბამენ ხოლმე ლაპარაკს. ვინ იცის, რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ სცენაზე მდგომს მესმოდა პარტერში, პირველ რიგში მჯდომი ქალის ქაქანი, ეს კი, ცხადია, არტისტზე ცუდად მოქმედებს... ასეთი მაყურებელი კაპელდინერებს გაჰყავთ, მერე კი იწყება ჩხუბი, საქმის გარჩევა. ზოგი საერთოდაც, ნასვამი შემოდის. არც ის მომწონს, როცა თეატრში სპორტული სამოსით მოდიან. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი თაობა სხვანაირად არის აღზრდილი, სხვა ღირებულებები გვქონდა...

სცენასა და პარტერს შორის აღმართული კედელი

-  ბატონი დოდო ალექსიძის რჩევა არასდროს დამავიწყდება. ის მიხვდა, რომ ყოველი სპექტაკლის დაწყების წინ ძალიან ვღელავდი, რაღაცის მეშინოდა (სხვათა შორის, პრემიერის დღეებში ახლაც ასე მემართება). ემოციური ვარ, მაგრამ სცენაზე გავალ თუ არა, ყველაფერი მავიწყდება. როცა მაყურებლისგან დადებით მუხტს ვგრძნობ (საბედნიეროდ, თითქმის ყოველთვის ასე ხდება), მერე უკვე როლში "ცურვას" ვიწყებ. ჰოდა, ბატონმა დოდომ მირჩია: მაყურებელს არასდროს შეხედო. იფიქრე, რომ შენ წინაშე კედელია და არა - ხალხით სავსე დარბაზიო... როცა მაყურებელი არ მყავს, ეს არის ჩემთვის "ჩავარდნა". იყო პერიოდი, 15 კაცისთვისაც კი გვითამაშია. ის 15 მაყურებელი შეიძლება, 100 მაყურებელს უდრიდეს, მაგრამ მაინც ძნელია ცარიელი დარბაზის ყურება... ზუგდიდი პატარა ქალაქია, მაყურებელი რამდენჯერმე რომ მოვა ერთსა და იმავე სპექტაკლზე, მერე ინტერესს კარგავს და ეს ბუნებრივია. ამიტომ ვალდებულები ვართ, მას სულ ახალ-ახალი რაღაცები შევთავაზოთ.

შეხვედრა გურამ დოჩანაშვილთან

-  ზუგდიდის თეატრში დაიდგა დოჩანაშვილის "ხორუმი ქართული ცეკვაა". ამ წარმოდგენით მთელი დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო მოვიარეთ. ამ სპექტაკლში მაქვს ისეთი ქალის როლი, რომელიც გამუდმებით გათხოვებაზე ოცნებობს. სახასიათო როლია, მე კი ასეთი როლების თამაში მიადვილდება. სხვათა შორის, ამ წარმოდგენის პრემიერას თავად ბატონი გურამ დოჩანაშვილი დაესწრო. მისი ჩამობრძანება ჩვენთვის დიდი პატივი და ბედნიერება გახლდათ. ამ ფაქტით აღფრთოვანებული ვიყავი. სპექტაკლის დასასრულს, ის სცენაზე ამოვიდა და მადლობა გადაუხადა არა მარტო მსახიობებს, არამედ ზუგდიდელ მაყურებელსაც.

გიორგი ფოჩხუას დაკარგვით გამოწვეული ტკივილი

-  ჩვენთან სოსო ნემსაძემ "ყვარყვარე" დადგა. ბრწყინვალე სპექტაკლი იყო, მაგრამ რეპერტუარიდან მისი ამოღება დაგვჭირდა. რატომ? - იმიტომ, რომ ამ წარმოდგენაში გიორგი ფოჩხუა თამაშობდა, მისმა დაღუპვამ კი ყველას ძალიან გვატკინა გული და ცხადია, გიორგის შემცვლელის პოვნის სურვილიც არ გაგვჩენია (სხვათა შორის, მას ამ სპექტაკლში ორი როლი ჰქონდა). გიორგი იყო უნიჭიერესი მსახიობი და არაჩვეულებრივი პიროვნება. თეატრალურ უნივერსიტეტში სწავლა რომ დაასრულა, ქალბატონმა მაია კალანდიამ, თეატრის მმართველმა ჩამოიყვანა, - ზუგდიდში გვჭირდებიო. მისი დანახვა ბედნიერება იყო, რადგან ისედაც ახალგაზრდა მსახიობების დეფიციტს განვიცდით, თბილისში წასვლის შემდეგ კი ახალგაზრდები რაიონს აღარ უბრუნდებიან. ვამჩნევდი, რომ რეჟისორული ნიჭიც ჰქონდა და ხშირ-ხშირად ვუმეორებდი: გიო, არ გეწყინოს, უნიჭიერესი ბიჭი ხარ, მაგრამ დაამთავრე სარეჟისორო ფაკულტეტიც-მეთქი. მიპასუხა: კარგი, ასე მოვიქცევიო, მაგრამ არ დასცალდა სწავლის გაგრძელება; ვიღაცამ საშინელი ტრაგედია დაატრიალა და გიორგი წაგვართვა. ეს ადამიანი არასდროს დამავიწყდება. სცენაზე რომ გავდივარ, ყოველთვის მაქვს ისეთი შეგრძნება, თითქოს გიორგი პარტერში ზის და მაკვირდება. სხვათა შორის, გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დადგა ერთსაათიანი სპექტაკლი და როლი მეც მომცა. როგორც რეჟისორი, მსახიობებთან ურთიერთობისას ძალიან თბილი იყო, ყველასთან ადვილად პოულობდა საერთო ენას. ვინაიდან მისი მესმოდა და იმას ვაკეთებდი, რასაც ჩემგან ითხოვდა, გულში მიხუტებდა და მეუბნებოდა, - ჩემი სიხარული ხარო. ახლაც მგონია, რომ გიორგი მიყურებს და მგულშემატკივრობს...

"52 წლის ქალი 20 წლის გოგოს ვერ ვითამაშებ"

-  მინდა გიამბოთ ჩვენს ახალგაზრდა მსახიობზე, უნიჭიერეს გოგონაზე, მზევინარ ჩარგაზიაზე, რომელსაც უნივერსიტეტი არ აქვს დამთავრებული, მაგრამ თეატრმა, დამსახურებულმა არტისტებმა, რეჟისორმა გაზარდეს და ახლა შეიძლება ითქვას, რომ ბევრ ინსტიტუტგამოვლილზე უკეთ გამოსდის მსახიობობა. მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტი ახალი სისხლი გვჭირდება. საშინელება იქნება, თეატრი ახალგაზრდა თაობით თუ არ გამდიდრდება... 52 წლის ქალი 20 წლის გოგოს ვერ ვითამაშებ, ახალგაზრდა კი ითამაშებს მოხუცს ისევე, როგორც თავის დროზე ეს მე გავაკეთე... აქვე გეტყვით, რომ გვყავს არაჩვეულებრივი მსახიობი ზემფირა გუნია. ზუგდიდის თეატრში მრავალი წლის წინ თემურ ჩხეიძეს სადიპლომო სპექტაკლი დაუდგამს, რომელშიც ზემფირაც მონაწილეობდა. ახლა, როცა მარჯანიშვილის თეატრში ჩამოვიტანეთ ჩვენი ერთ-ერთი სპექტაკლი, ბატონი თემური სცენაზე ამოვიდა და ჩაეხუტა, მიეფერა: ჩემო ზემფო, ჩემო ფეფო, როგორ ხარო? ზემფირამ ბატონ თემურს საკუთარი ოსტატობით დაამახსოვრა თავი და მიხარია, რომ ის სწორედ ზუგდიდის თეატრს ამდიდრებს თავისი მოღვა­წეობით. 53 წელია, ეს ქალბატონი სცენაზე დგას, მე კი 32 წელია, ჩემს საუკეთესო მაყურებელს ვემსახურები.

გაყინული მაყურებელი და მსახიობები საგრიმიოროს გარეშე

-  მსახიობი წესით, ერთი საათით ადრე მაინც უნდა მივიდეს თეატრში, რათა თავი მოიწესრიგოს, გრიმი გაიკეთოს, უკვე დაივიწყოს, ვინ არის რეალურად და როლში შევიდეს... სამწუხაროდ, ზუგდიდის თეატრს საგრიმიოროც აღარ აქვს, სადაც საკუთარ თავზე მუშაობას მოვახერხებდით. უფრო მეტიც, ზამთარში, ვიდრე სცენაზე გავალთ, გაყინულები საკუთარ თავს ჩავჩიჩინებთ, რომ მოდუნება არ ივარგებს, რომ სცენაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ! ყოფითი პრობლემების დაძლევა რთულია, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ, სცენაზე ისე ვითამაშოთ, თითქოს კულისებში ფუფუნება გვქონდეს... თამაშს რომ ვიწყებთ, ვხურდებით, სიცივეს ვეღარ ვგრძნობთ, მაგრამ ახლა მაყურებელია ცუდ დღეში, - უმოძრაობისგან იყინებიან. წელს "თოვლის დედოფალი" რომ "გავაკეთეთ", მაყურებელმა სიცივეს ვერ გაუძლო და დარბაზი ნელ-ნელა დაიცალა. თუმცა, 300-დან 100 ბავშვი მაინც დარჩა, გმირულად გაუძლეს ყინვას. რაღაც პერიოდის შემდეგ მეზობელმა მითხრა, იმ დღეს ჩემი შვილი ისე გაცივდა, რომ რამდენიმე თვე ლოგინიდან ვერ ადგაო. აი, ასე დაისაჯა ბავშვი ერთგულებისთვის...

დანგრეული შენობა და რისკიანი ზუგდიდელები

-  ჩვენი თეატრი საშინელ მდგომარეობაშია. უკვე 15 წელია, შენობა ავარიულია, მაგრამ ჩვენი პრობლემის მოგვარებას საშველი არ დაადგა. მაყურებელი მთავარი კარიდან კი არა, გვერდიდან, კაფის გავლით შემოგვყავს. პარტერის იატაკი ლამის, ჩავარდეს. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მოზარდ მაყურებელთა თეატრს, რადგან ჩვენს დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამართეს. თუმცა, ცხადია, ეს ზღვაში წვეთია... რამდენიმე თვის წინ კულტურის მინისტრი დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება. იმედია, დანაპირებს შეგვისრულებს და მალე, ისეთ შენობაში შევძლებთ მაყურებლის გამასპინძლებას, სადაც მათ აღარ შესცივდებათ, დისკომფორტი არ ექნებათ.

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია