"გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა"

"გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს, რათა რამე სისულელე არ ჩაედინა"

კულტურის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ, 2 აპრილს კინორეჟისორმა ლევან ანჯაფარიძემ სამინისტროსთან მორიგი აქცია დაიწყო. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის მინიშნებამ, რომ გურამ ოდიშარია არ გადის კარგი მინისტრის რანგში და უნდა წავიდეს, შედეგი არ გამოიღო.

"ალია" ლევან ანჯაფარიძეს ესაუბრა:

- წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული უამრავი დანაშაული დღესაც გრძელდება გურამ ოდიშარიას უმოქმედობის გამო. ადამიანი, რომელიც ხელს უწყობს სახელმწიფო თანხების ფლანგვას, უნდა წავიდეს თანამდებობიდან. ის მორგებულია გულისამრევი ადამიანების სურვილებზე. მე ისევ დავიწყე აქციები კულტურის სამინისტროსთან, სწორედ იქ, სადაც რამდენიმე თვის წინ ვშიმშილობდი. სამი დღის წინ ტელევიზიით გამოვიდა ოდიშარიას მოადგილე, ალექსანდრე მარგიშვილი და ამბობს, ანჯაფარიძეს ფული უნდა, სცენარი არ დაუფინანსეს და ამიტომ კომენტარს ვერ გავაკეთებო. დიახ, მან ჩემზე კომენტარი არ უნდა გააკეთოს, რაც კულტურის სამინისტროსა და კინოცენტრში ხდება, ამაზე ყველა დოკუმენტი გაგზავნილია პროკურატურაში და ვალდებულია, კრიმინალზე ილაპარაკოს.

- ლევან, რა ინფორმაცია გაქვს, სამინისტროში რას ამბობენ, ოდიშარია წავიდა თუ რჩება?

- მაგას ბიძინა ივანიშვილმა სწორი მინიშნება გაუკეთა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ივანიშვილს წარმოუდგენია, მისი მინიშნებები აღარ მოქმედებს. ეს ხალხი სანამ გაინაღდებს, მანამდეა ხოლმე თავმოდრეკილი, თორემ მერე ისეთი ამბიციები უჩნდებათ, მინისტრობიდან კი არა, დამლაგებლობიდანაც ვეღარ გაუშვებ. ერთი კვირის წინ მე პირადად შევხვდი ოდიშარიას მოადგილეს, მარგიშვილს, ოთხ კაცთან ერთად ვიყავი და ისეთი რაღაცები გვითხრა, კინაღამ ჭკუიდან გადაგვიყვანა.

- კონკრეტულად რა გითხრათ?

- გურამ ოდიშარია უუნარო და უნიათო აღმოჩნდა, მან დამნაშავე ნანა ჯანელიძეც კი ვერ მოხსნაო. მეტიც, ეს კაცი აცხადებს, გურამ ოდიშარია მე ჩამაბარეს რათა რამე სისულელე არ ჩაედინა, როგორც კი ნარმანია თბილისის მერი გახდება, თავისთან წამიყვანს, აქ მაგისთვის ვარ დანიშნულიო.

- ესე იგი, მარგიშვილმა თქვა, ოდიშარია მე ჩამაბარეს, რომ ქვიშაში არ ეთამაშაო?

- კი, ეს ყვლაფერი კულტურის მინისტრის მოდაგილემ განაცხადა ჩვენთან საუბარში... როგორც ჩანს, მარგიშვილი ისეთი ჭკვიანია, რომ ამხელა კაცი ჩააბარეს, სისულელეები არ ჩაიდინოსო. ეს ბრიყვები ახლა ამბობენ, ანჯაფარიძე იმიტომ გვიწყობს აქციებს, სცენარი არ დავუფინანსეთო... დიახ, ჩემი პრობლემით დავიწყე და წავაწყდი დანაშაულს. ახლა გამოჩნდა ახალი ფაქტები: დღეს უკვე დაიწყეს ახალი კონკურსების გამოცხადება, სადაც 40 განაცხადია შესული. 2013 წელს სულ 7 განაცხადი იყო, მაგრამ ახლა კინომაფია შეშინდა და გააკეთეს პროექტების დუბლირება, თითო სტუდიამ 2-3 პროექტი შეიტანა, ზოგ შემთხვევაში სცენარიც კი არ არსებობს, შეიტანეს ნაჩხაპნის სახით. ამათ სპეციალურად გაზარდეს კონკურსანტების რაოდენობა, რათა უფრო კარგად გაანიავონ თანხები. ფულის ძირითადი ნაწილი მიდის სულ 3 სტუდიაში, ესენია: "სინეტეკი", "მილიმეტრი" და "ბაზღაძე-სტუდია". ადრეც ამ სტუდიებში თეთრდებოდა ფული და მათ უკან ვინ დგას, იცი? "მილიმეტრის" უკან დგას დავით კეზერაშვილი, "ბაზღაძის" უკან დგანან ვლადიმერ კაჭარავა და ნიკა რურუა, ხოლო "სინეტიკის" უკან დგას ელდარ შენგელაია. აი, ამ ადამიანებმა ამ ხერხით გააკოტრეს თავის დროზე კინოსტუდია "ქართული ფილმი".

- ლევან, რა ხდება პროკურატურაში, გამოძიება დაიწყო?

- მეუბნებიან, რომ მიმდინარეობს შესწავლა... მე სულ მალე გამოვაცხადებ იმ პარლამენტარების გვარებს, რომლებიც დგანან ამ საქმის უკან. ესენი არიან უმრავლესობის წევრები, რომლებიც მფარველობენ დამნაშავეებს და უხეშად აფათურებენ ხელებს ქართულ კინოში. მე დავდებ ფაქტებს. მე უკვე მრჩება შთაბეჭდილება, რომ პარლამეტში უმრავლესობა და უმცირესობა აღარ არსებობს, ეგენი ერთნი არიან, ეს ყველაფერი თამაშია. მე მივმართავ ყველას: უახლოეს ხანში კინოცენტრში უნდა ჩატარდეს არჩევნები და ჩვენ თვითონ ავირჩევთ დირექტორს. ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ იმ პირებმა, რომლებმაც კულტურის მინისტრს გაუგზავნეს ყალბი წერილი. ამ ადამიანებმა იკადრეს და სიცრუეს მოაწერეს ხელი, თითქოს კინოცენტრში ყველაფერი რიგზეა. ესენი არიან: ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, ბაადურ წულაძე, ბუბა ხოტივარი, ზურაბ ინაშვილი, მერაბ კოკოჩაშვილი, ზაალ რუსაძე, მარინა კერესელიძე, ირაკლი სოლომონაშვილი, ლევან თუთბერიძე, ბესო ოდიშარია, კოტე ჯანდიერი, ნანა თუთბერიძე, ბასა ჯანიკაშვილი, უტა ბერია, ლევან ღლონტი, შოთა იმნაძე, რეზო ესაძე და სხვები. მას შემდეგ, რაც ამ ადამიანებმა ტყუილზე მოაწერეს ხელი, დაიდო სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და არც ერთ მათგანს ბოდიში არ მოუხდია.

- შენ ახსენე არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს, თუკი კინოცენტრის დირექტორს კულტურის მინისტრი ნიშნავს?

- ამაზე კინემატოგრაფისტები უნდა შევთანხმდეთ და როცა ჯანელიძეს გაუშვებენ, კულტურის მინისტრმა ერთპიროვნულად აღარ უნდა დანიშნოს დირექტორი.

- აქ კანონი იქნება შესაცვლელი.

- ვისაც ჩვენ დავასახელებთ, ის დანიშნოს მინისტრმა. ოღონდ, ვინც მე დავასახელე, ამ ადამიანებმა არჩევნებში არ უნდა მიიღონ მონაწილეობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რასაც მე ვლაპარაკობ, ეს არის ზღვაში წვეთი. მე უკვე დავრწმუნდი, რომ "ნაციონალების" შეცვლით "ჩარეცხილების" თემა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამ დღეებში აღარ დავკმაყოფილდები რამდენიმესაათიანი აქციებით, კულტურის სამინისტროსთან კარვები გაიშლება. იქ ვეპატიჟები ყველას, ვისაც ღირსება არ დაუკარგავს.

- ისევ შიმშილობის დაწყებას აპირებ?

- არა, არავითარი შიმშილობა, ახლა იქით იშიმშილონ. მე არ გავჩრედები, სანამ სიმართლე არ იზეიმებს.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ალია"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება