ავარიული სახლების პრობლემები თბილისში

ავარიული სახლების პრობლემები თბილისში

ძველი თბილისი თავისი უნიკალური არქიტექტურული ნაგებობებით გამოირჩევა, თუმცა ყოველი წვიმიანი და ქარიანი დღე ზიანს აყენებს ძველ უბნებს. რამდენიმე დღის წინ, ძლიერმა ქარმა კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო ქალაქის ამ ნაწილს. ყველაზე მეტად კი სოლოლაკი დააზარალა. სახურავი გადახადა ერთ სახლს, მაგრამ ამ და სხვა კორპუსებს მარტო სახურავის პრობლემა არ აქვთ. მოსახლეობის სიცოცხლე მუდმივად რისკის ქვეშაა, რადგან არავინ იცის, როდის ჩამოიშლება მათი სახლის კედლები.

ნინო ბაბაჯანოვა-სოფრომაძე, დადიანის ქუჩის მცხოვრები:

- გვიან ღამით გრუხუნი გავიგონეთ. როდესაც გარეთ გამოვიხედეთ, ვნახეთ, რომ სახლის სახურავის ნაწილი მოგლეჯილი იყო. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქარმა ჩვენს სახლს სახურავი ახადა. პირველად ჩვენი სახსრებით, მეზობლებმა შევაკეთეთ სახურავი და ალბათ ახლაც იმავეს გავაკეთებთ, რადგან მერიის დახმარების იმედი არ გვაქვს.

- დახმარებისთვის მერიას მიმართეთ?

- პირველად დავწერეთ განცხადება, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. ძველი თბილისი არავის აინტერესებს.ყოველ ნაბიჯზე რესტორნებს აშენებენ, ხოლო საცხოვრებელი სახლები უყურადღებოდაა მიტოვებული - თითქოს აქ არავინ ცხოვრობდეს.

უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში არიან ბეგლარ ახოსპირელის ქუჩის მცხოვრებნი. მათი სახლები იმდენადაა დაზიანებული, რომ არანაირ საცხოვრებელ სტანდარტს არ შეესაბამება. ბატონი მერაბ ლოლაძისა და რიმა ბებოს სახლის კედლები ერთმანეთისგან მოწყვეტილია და საძირკველს - მოშორებული.

- მთავრობას ვინ ჩივის? მასმედიაც დიდად თავს აღარ იწუხებს ჩვენი პრობლემების გაშუქებით. რამდენიმე წლის წინ, მიწისძვრის დროს, რუსულმა არხებმა გააშუქეს ჩვენი პრობლემები, ხოლო ქართულ ტელევიზიებში ერთი სიტყვაც არ თქმულა. ყოველ წუთს შეიძლება კედლები მოსწყდეს საბოლოოდ ერთმანეთს. ჩვენი ძალებით ვცდილობთ ამ სახლის შეკეთებას, მაგრამ ასე როდემდე გაგრძელდება? მაგდენი ფული საიდან გვექნება? რამდენჯერაც რამეს გავაკეთებთ, მალევე ფუჭდება. ასე რომ, ჩვენს ძალისხმევას აზრი არ აქვს. კედლებს შუა დარჩენილი ადგილი ჩვრებით გვაქვს ამოვსებული, ქარისა და წვიმისგან რომ მაინც დავიცვათ თავი. ჭერი და იატაკიც დღითი დღე იხრება.

- საერთოდ არავინ დაგხმარებიათ?

- რამდენიმე წლის წინ, მერია დაგვეხმარა გადახურვაში, როცა ქარმა დაგვიზიანა. მას შემდეგ არაფერი გაკეთებულა. სარესტავრაციო სახლე­ბის სიაში ჩვენი შენობა უკვე წლე­ბია, შეყვანილია, მაგრამ არაფერი გა­უკეთებიათ. ახალ პროექტს - "პანორამა თბილისი" რომ აკეთებენ, რაც მასზე ფული უნდა დახარჯონ, ის თანხა ძველ თბილისს დაახარჯონ. სანამ რაიმე უბედურება არ მოხდება, მანამდე არავინ უნდა შეიწუხოს თავი? რა გვეშველება, არ ვიცით, ჩვენი მომხედავი არავინ არის, ეს უკვე დიდი ხანია, ვიცით და შეგუებული ვართ.

რიმა ბებო:

- ჩვენ გვითხრეს, თვეში 300 ლარს მოგცემთ, ბინას გიქირავებთ და გადადითო, მაგრამ საქმე მხოლოდ აქედან გასვლაში არ არის. ეს შენობა ხომ რჩება? აივნის ქვეშ ბავშვები თამაშობენ, მანქანას აჩერებენ, კედელი რომ უცებ მოწყდეს, ხომ დაიღუპა ადამიანი? ესეც არ იყოს, მე უკვე ძალიან მოხუცი ვარ, მთელი ცხოვრება აქ მაქვს გატარებული და სადამდეც გავძლებ, ვიქნები ჩემს სახლში. ხანდახან გვგონია, რომ სპეციალურად არ გვეხმარებიან, რადგან ძალიან კარგი უბანია და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებენ ამ ადგილს. მოვიყვანეთ არქიტექტორები, მათ გვითხრეს, - სავსებით ექვემდებარება რესტავრაციასო, მაგრამ ვისაც ეს საკითხი ეხება მთავრობაში, ის არაფერს აკეთებს. კანალიზაციაც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სარდაფში გროვდება წყალი და ესეც აზარალებს სახლს. ყოველ დილით გვიხარია, ცოცხლებს რომ გვეღვიძება, იმდენად სახიფათო მდგომარეობაში ვართ.

ეს ადამიანები მართლაც ძალიან დიდი რისკის ქვეშ ცხოვრობენ, დახმარება კი არსაიდან აქვთ. დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მთაწმინდის რაიონის გამგეობაში ვერაფერი მითხრეს ამ პრობლემების შესახებ. ვისაც მივმართე, სხვასთან გადამამისამართა. ბოლოს - არქიტექტურის სამსახურს მიმართეთო, მაგრამ სატელეფონო ზარებს იქაც არავინ უპასუხა. იმედს ვიტოვებ, რომ საკუთარ მყარ კაბინეტებში, უსაფრთხოდ მსხდომი ხელისუფალნი უბრალო, გაჭირვებულ მოსახლეობას მცირეოდენ ყურადღებას მაინც მიაქცევენ.

მაკა ტურაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია