"ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა"

"ვალების გამო ანაკლიაში რამდენიმემ თვითმკვლელობა სცადა"

ანაკლიასა და განმუხურში მოქმედი ხელისუფლების მიერ დაანონსებული პროექტების განხორციელებას ელოდებიან.

ანაკლიაში შესვლამდე პირველი, რაც თვალში გვხდება, ზუგიდიდი-ანაკლიის საავტომობილო მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. ადგილობრივები ხუმრობენ, რომ გზა ტახტივით არის. თუმცა, გზების მშენებლობა ყველაფერი არ არის. მთავარი, ახალი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ახალი პროექტებია - საერთაშორისო პორტი ის ერთადერთი იმედია, რაზეც ადგილობრივები დიდ გეგმებს ამყარებენ.

გასულ წლებში, მასშტაბური საკურორტო ზონის გახსნის იმედით, ადგილობრივების უმრავლესობამ სხვადასხვა ბანკიდან სესხი აიღო და დამსვენებლების მოლოდინში სახლი გაარემონტა. განმუხურსა და ანაკლიაში სტუმრებს რომ ელოდებიან, ამას ჭიშკარზე გამოკრული აბრებიც ცხადყოფს - "ქირავდება ბინა"...

თემური, 37 წლის, განუხმურის მკვიდრი:

- ბანკში აღებული ვალების გამო ძალიან ცუდ დღეში ვართ. რამდენიმე ადგილობრივმა ამის გამო თვითმკვლელობაც კი სცადა, რადგან 10 ათასი დოლარის მოცულობის სესხის გადახდა ვერ შეძლეს. შეგვპირდნენ, შეღავათები გექნებათო, მაგრამ ჯერჯერობით არაფერია...

- თხილის პლანტაციები არ გაქვთ?

- გვქონდა, მაგრამ ცოტაღა დაგვრჩა. "ლაზიკას" პროექტს შეეწირა პლანტაციების დიდი ნაწილი. ზოგს გადაუხადეს თანხა სავარგულებში, ზოგს - თეთრიც არ მისცეს. დავას რა აზრი ჰქონდა? ახლა რამდენიმემ დაიბრუნა... ძირითადად მათ, ვისაც "პატრონი" ჰყავდა. მე და დანარჩენებს არ გვყავს "კრიშა" და დავრჩით ასე, ვალების ამარა...

- განმუხურში რა ხდება? ვიცი, რომ იქ მუშაობთ...

-დიახ, განმუხურში ვმუშაობ. ინდოელების შეკვეთით, ორსართულიან სასტუმროებს ვაშენებთ. გვითხრეს, ზაფხულიდან 9 და 16-სართულიანებიც უნდა აშენდესო... ის ადგილი ინდოელებს აქვთ აღებული რამდენიმეწლიანი იჯარით. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაა, თვეში 1000-1200 ლარამდე გამოგვდის. სამუშაო რომ არ მქონდეს, არ ვიცი, ბანკის ვალი როგორ უნდა გამესტუმრებინა. ლამის დღე და ღამე ვმუშაობთ...

სასტუმროების მშენებლობა ეკონომიკური აქტივობის ერთადერთი ნიშანწყალია მთელ განმუხურში. სამაგიეროდ ანაკლია ჰგავს განაშენიანებულ, მაგრამ უკაცრიელ ადგილს, აი ისეთს საშინელებათა ფილმებში რომ გვინახავს. არადა, მას შემდეგ, რაც "ნაციონალებმა" ანაკლია და განმუხური "გააფერადეს", იქაურობას ახალდაქორწინებული წყვილები ხშირად სტუმრობდნენ.

სასტუმრო "ანაკლიას" მენეჯერი ამბობს, რომ საქორწინო ცერემონიალს ახლაც ხშირად მასპინძლობენ. შვედური მაგიდის საფასური ერთ პერსონაზე 70 ლარიდან იწყება. ზღვის სეზონის დაწყებამდე ჯერ თვენახევარზე მეტია დარჩენილი, ამიტომ სასტუმროს ნომერი ახლა გაცილებით იაფია და მისი ფასი 110 ლარიდან იწყება. ამ ფასში შედის 3-ჯერადი კვება და გართობა.

სასტუმროს ადმინისტრაციის თქმით, გასულ წლებთან შედარებით, ძალიან ცოტა დამსვენებელია.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია