ჩვილების "ექსპორტი" საქართველოდან გაყალბებული საბუთებით?

ჩვილების "ექსპორტი" საქართველოდან გაყალბებული საბუთებით?

ბოლო რამდენიმე წელიწადში საქართველოდან საზღვარგარეთ ჩვილი ბავშვების უკანონოდ გაყვანის 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამათგან ასოციაცია "მომავლის იმედი" სამ კონკრეტულ საქმეს ასაჯაროებს, დამნაშავესაც ასახელებს და პროკურატურას საქმის დაჩქარებული წესით გამოძიებისკენ მოუწოდებს. თავად ბრალდებული კი ამ ყველაფერს სისულელეს უწოდებს.

"მომავლის იმედის" მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, დანაშაულის სქემა ასე მუშაობდა: ბავშვების ჩასახვა ხდებოდა დონორთა უჯრედების გამოყენებით. მიღებული ემბრიონების გადანერგვა და გამოზრდა ხდებოდა სუროგატი დედების საშვილოსნოში, ამის შემდეგ სუროგატ დედებს აიძულებდნენ, დაეფარათ სუროგაციის ფაქტი, დარეგისტრირებულიყვნენ კანონიერ დედებად და მამად დაესახელებინათ ის უცხოელი, რომელსაც საქართველოდან უნდა გაეყვანა ბავშვი.

აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას არ აქვს დაბადებული ბავშვის მშობლად ცნობის უფლება, რადგან ის არ წარმოადგენს ბიოლოგიურ დედას. ბავშვის საზღვარგარეთ გასაყვანად საჭირო იყო დედის უფლებით აღჭურვილი პირი, რის გამოც ხდებოდა სუროგაციის ფაქტის დაფარვა, იქმნებოდა ყალბი დაბადების მოწმობა, რომლის აღების შემდეგაც ბიოლოგიურ დედად მითითებულ პირს (სინამდვილეში სუროგატს) ნოტარიუსთან ათქმევინებდნენ დედობაზე უარს, რაც ბავშვის მამად მითითებულ უცხოელს შესაძლებლობას აძლევდა, დამოუკიდებლად გაეყვანა ბავშვი საქართველოდან.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის განმარტებით, შს სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344 პრიმა მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვისაა დაწყებული, რაც გულისხმობს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანას ყალბი საბუთების გამოყენებით.

"მომავლის იმედში" აცხადებენ, რომ შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს არაერთ ამგვარ შემთხვევაზე მიაწოდეს ინფორმაცია, თუმცა, სათანადო გამოძიება არცერთ მათგანზე არ წარმართულა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობდა, რაც მხოლოდ დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობდა. პროკურატურის 2013 წლის 17 მაისის წერილით ირკვევა, რომ შპს ჯანდაცვის საერთაშორისო სააგენტოს "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" ცალკეული მუშაკების მხრიდან ხდებოდა დოკუმენტების გაყალბება. თუმცა, 2013 წლის 7 მაისს გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ, რადგან ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნული ქმედება ამნისტირებული იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ რადგან მოცემული საქმე ეხება ბავშვთა უფლებებს, შესაძლებელია იყოს მნიშვნელოვანი ზიანი, მათ შორის, შესაძლო გაყიდვის ფაქტი.

"მნიშვნელოვანია, რომ ზიანის არსებობის შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე II ნაწილი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის მძიმე კატეგორიის დანაშაული, რაზეც ამნისტიის შესახებ კანონი ავტომატურად არ ვრცელდება.

"გარდა ამისა, ცხადია, რომ გამოძიება უნდა დაინტერესებულიყო, თუ რა მიზნით ხდებოდა დოკუმენტების გაყალბება და თავიდანვე მოეხდინა ჩადენილი ქმედების დაკვალიფიცირება. როგორც უკვე აღინიშნა, გამოძიება სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მიმართულებით დაიწყო მხოლოდ დაახლოებით 2 თვის წინ. მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ საქმის აღძვრით შემოიფარგლნენ და კონკრეტული პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ამ დრომდე დაწყებული არ არის. შესაძლოა, იკვეთებოდეს დანაშაულის ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რაც დამატებით დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს", - განაცხადა კოჟორიძემ.

"მომავლის იმედის" ხელმძღვანელის თამარ ხაჭაპურიძის განცხადებით, ამ ყველაფრიდან ფულს "ნიუ ლაიფ ჯორჯია" და მისი ხელმძღვანელი იღებს.

"ჩვენ გამოვიკვლიეთ და გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები სამ სუროგატზე. ესენი არიან მაღალაშვილი, ღონღაძე, ჯავაშვილი. ეს ქალბატონები რეგისტრირებულები არიან "ნიუ ლაიფ ჯორჯიაში" როგორც სუროგატები, ხოლო შემდეგ სამოქალაქო რეესტრში რეგისტრირდებოდნენ, როგორც კანონიერი და ბიოლოგიური დედები. არადა, საქართველოს კანონმდებლობა სუროგატს ბიოლოგიურ დედად დარეგისტრირებას უკრძალავს.

"თანხებს იღებდა ამ ყველაფერში "ნიუ ლაიფ ჯორჯია" და სუროგატებსაც მისი თანამშრომლები აიძულებდნენ, რომ დედად დარეგისტრირებულიყვნენ. ამას თავად სუროგატები ყვებიან.

"ეუბნებოდნენ სუროგატებს, რომ თუ არ გააკეთებდნენ ამას, ბავშვს მას დაუტოვებდნენ, თანხას არ გადაუხდიდნენ, გაუვრცელებდნენ ინფორმაციას, რომ სუროგატები იყვნენ და ამ სახით ხდებოდა ზეწოლა მათზე. ამ უკანონო გარიგებებში თავად "ნიუ ლაიფ ჯორჯიას" ხელმძღვანელიც არის", - უთხრა "რეზონანსს" ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, საქმე ფაქტობრივად გამოძიებულია, თუმცა, მისთვის გაურკვეველია, რატომ არ ხდება ამ დრომდე დამნაშავეების დაკავება.

"ის, რომ ბავშვების გაყვანა გაყალბებული დოკუმენტებით მოხდა, უკვე დადასტურებულია. გამოსაძიებელი აღარაფერია", - გვითხრა ხაჭაპურიძემ.

თავად სააგენტოს ხელმძღვანელი კი ამ ბრალდებებს სისულელეს უწოდებს.

"სულ მაგას ჩივის ეს ქალი, ათჯერ შეიტანა უკვე საჩივარი. პროკურატურასთან აქციებსაც მართავდა თავის მეუღლესთან ერთად. არის სერიოზული გიჟი. მეტი რა უნდა ვუპასუხო?! მსგავსი ბრალდება ადრეც წამიყენა და მერე გაირკვა, რომ იმ გოგოს ფული გადაუხადა.

"მე ოპერატიულ საქმეებში დიდ ხანია აღარ ვარ ჩართული, ამიტომ ამ კონკრეტულ გვარ-სახელებზე ვერაფერს გეტყვით. სრულიად აბსურდული ბრალდებებია იქიდან გამომდინარე, რომ მარტოხელა კაცები ჩვენ რატომ უნდა ჩამოგვეყვანა საქართველოში, როდესაც ინდოეთში და ტაილანდში გვაქვს კლინიკები და იქ მარტოხელა კაცებისთვის შვილის გაჩენას კანონი არ კრძალავს. უკვე 5 წელია, იქ კლინიკები გვაქვს და იქ არც მარტოხელა კაცები და არც ქალები გვაკლია.

"მან მოსყიდული სუროგატების სახელები და გვარები კი არ დაასახელოს, არამედ გვითხრას ერთი მარტოხელა მამაკაცის სახელი, რომლის ცოლსაც ჩვენ ვერ განახებთ და მერე ვილაპარაკოთ", - გვითხრა კუკუნაშვილმა.

თიკო ოსმანოვა

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია