"როდესაც წმინდა გიორგი გვსტუმრობს, არაფრის მეშინია" - რატომ დაბრძანდება ხატი ოჯახებში

"როდესაც წმინდა გიორგი გვსტუმრობს, არაფრის მეშინია" - რატომ დაბრძანდება ხატი ოჯახებში

ხატი ქრისტიანულ რელიგიაში იესო ქრისტეს, ღვთისმშობლის, მოციქულებისა და წმინდანების ფერწერული ან რელიეფური გამოსახულებაა. მართლმადიდებელ ეკლესიაში ხატი ტაძრის სიწმინდეა და ღმერთთან ურთიერთობის ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. ეკლესიაში უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ წმინდა გამოსახულებებს. ქრისტიანობის დევნის შეწყვეტის შემდეგ დაიწყო ხატწერის განვითარება, IV საუკუნეში კი ხატი საბოლოოდ დამკვიდრდა ეკლესიაში, მიუხედავად იმ დიდი რელიგიური მოძრაობისა, რომელიც ისტორიაში ხატმებრძოლეობის სახელით არის ცნობილი.

ზოგიერთი ხატი სასწაულმოქმედებითაა ცნობილი. ასეთებია: ივერიის ღვთისმშობელი, სამხელიანი ღვთისმშობელი, წილკნის, მანგლისის, სიონის, ყაზანის, იერუსალიმის ღვთისმშობელი, ლომისის წმინდა გიორგი და ბევრი სხვა.

ამჯერად მინდა, ჩვენში ბოლო დროს დამკვიდრებულ ტრადიციაზე ვისაუბროთ, რასაც ოჯახებში ეკლესიებიდან ხატების მიბრძანება ჰქვია.

ლიკა ახვლედიანი, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის გლდანის ტაძრის მრევლი:

- 8 წლის წინ, მოძღვარი არ მყავდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ლომისის წმინდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი ამავე სახელწოდების ეკლესიიდან ოჯახებში დაბრძანდებოდა. მაშინ ეს შედარებით ახალი ტრადიცია იყო, რომელსაც საფუძველი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩაეყარა. ნახსენები ხატი ჩემს ნათესავთანაც მიაბრძანეს და იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა მას მირონი სდიოდა... სურვილი გამიჩნდა, ეს ხატი ჩემთან სახლშიც დაბრძანებულიყო. იმ პერიოდში გავიცანი მოძღვარი, რომელიც ორგანიზებას უწევდა ხატის ტაძრიდან ოჯახებში მიბრძანებას (მამა ირაკლი კუთხაშვილი დღეს ჩემი მოძღვარია). იმის შემდეგ ეს სიწმინდე სახლში რამდენჯერმე, რამდენიმე დღით მესტუმრა. ყოველი მისი მობრძანება ჩვენი ოჯახისთვის უდიდესი დღესასწაულია... ასეთ დროს ჩვენთან მის მოსალოცად, მეზობლები, ნათესავები, უცხო ადამიანები მოდიან ხოლმე. რაც მეტი ადამიანი მოვა და გულით მოილოცავს, მისთვისაც კარგია და საერთოდ, დიდი მადლია. ეს ტრადიცია ზოგადად, ქრისტიანების დაახლოებას უწყობს ხელს. ამ დროს სახლიც იკურთხება... მამა ხშირად აღნიშნავს, - როდესაც ეს ხატი ჩვენთანაა დაბრძანებული, ასე მგონია, წმინდა გიორგი გვსტუმრობს და იმ პერიოდში ქვეყანა რომ დაინგრეს, არაფრის მეშინიაო. დაცულობის შეგრძნება აქვს. იმ დროს ყველა გახარებულია და ცდილობს, უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე სხვა დროს არის. ყველა კრძალვითაა სავსე და არაფერს აშავებს... ყოველდღე ხატის წინაშე იკითხება დაუჯდომელი ანუ შესაბამისი ლოცვა; შეგიძლია ასევე, ხატთან დაკავშირებული ლიტერატურაც წაიკითხო, რომელიც მას თან დაჰყვება. წმინდა გიორგი ჩვენთან პირველ წელს რომ მობრძანდა, ის წელი ჩემი წინსვლისა და წარმატების აღმოჩნდა. ამას ხატის მობრძანებას ვუკავშირებთ.

თამარ მენაბდე, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლი:

- 2005 წელი იყო. დიდი მარხვა იწყებოდა. დედა ექიმთან ახლობელს გაჰყვა და თვითონაც გაესინჯა. აღმოჩნდა, რომ ჯანრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა. ოპერაცია გარდაუვალი იყო, თან, ბოლომდე არ ვიცოდით, ეს ოპერაცია რა შედეგს გამოიღებდა. გვეშინოდა... ვიცოდი, რომ არსებობდა ღვთისმშობლის სწრაფლშემსმენელი ხატი, რომელსაც შესწევდა ძალა, სწრაფად განეკურნა ადამიანი, ამიტომ გამიჩნდა იდეა, ჩვენი ოჯახის სახელით დამეწერინებინა ღვთისმშობლის სწრაფლშემსმენელი ხატი და ეკლესიისთვის შემეწირა. თან, ძალიან მინდოდა, ის ოჯახებშიც დაბრძანებულიყო, ოღონდ ამ ყველაფერზე, მოძღვრისგან კურთხევა მჭირდებოდა. მამა რევაზმა აზრი მომიწონა, კურთხევა მომცა, დამლოცა და ჩვენი ტაძრის მხატვარს დამაკავშირა... მხატვარს ასეთი საპასუხისმგებლო საქმისთვის მომზადება სჭირდებოდა და მთელი მარხვის პერიოდი ამას დაუთმო. მერე ამის შესახებ მრევლმაც შეიტყო და ადამიანები, ვისაც რამდენი შეეძლო, ხატისთვის შესაწირავს სწირავდნენ. ისე მოხდა, რომ ამ ხატის დასაწერი თანხა თვითონ მრევლმა გაიღო. აღდგომის შემდეგ ხატის შექმნა ძალიან მალე დასრულდა. იმ პერიოდში დედამ ოპერაცია გაიკეთა და ღვთის შეწევნით, ყველაფერი კარგად დასრულდა...

- ახალდაწერილი სწრაფლშემსმენელი ხატი პირველად ვის ოჯახში მიბრძანდა?

- ხატი პირველად მამა რევაზის ოჯახში მიბრძანდა, მერე კი იმ ხალხთან, ვინც შემოწირულობები გაიღეს. ვრცელი სია იყო გაკეთებული... ყველა აღნიშნავს, რომ თბილი ხატია. მხატვარმა მითხრა, რომ ის ქართული ხატწერის ნორმების გათვალისწინებით შეასრულა... მოკლედ, ის ყველას უყვარს და ამბობენ, რომ ოჯახებში დიდი სითბო შეაქვს. არაერთი სასწაულიც მოუხდენია... ერთხელ ჩვენი მრევლის წევრმა სხვა ტაძრიდან მოიყვანა საოცარი პრობლემით დამძიმებული ადამიანი, რომელმაც ითხოვა, ხატი გამატანეთო, და წააბრძანა. ერთ კვირაში დამირეკა და მითხრა, - ისეთი სასწაულები მოახდინა, გთხოვ, ორი კვირა კიდევ დამიტოვოთო...

- როგორც ვიცი, მას მირონიც სდიოდა.

- ხატი შექმნიდან დიდხანს დაბრძანდებოდა ოჯახებში ისე, რომ მე თვითონ შინ არც მიმიბრძანებია. მერე როგორღაც მივეცი თავს ამის უფლება და სწორედ მაშინ, მირონი წარმოსდინდა... ვისაც ამის არ სჯერა, გაუჭირდება გაგება, მაგრამ ვინც მორწმუნეა, ის გაიგებს, რასაც ვამბობ. ეს ყველაფერი ამოუცნობი რამ არის, ნამდვილი სასწაულია... ისე, რაც შეეხება მირონდენას, სახლში ამ ხატის მიბრძანებამდე ეკლესიიდან სხვა ხატიც (წმ. იოაკიმესა და წმ. ანას) მიმიბრძანებია და მირონი მასაც გადმოუვიდა. იმ პერიოდში არა მარტო მას, არამედ სახლში ჩემს ყველა ხატს დაედინა მირონი... გარდა ამისა, კიდევ ერთი საოცარი რამ მოხდა: ჩემი საწოლის გადასაფარებელს ჯვრები გამოესახა. ჯვრებით ისე მოიჭედა, როგორც ცა - ვარსკვლავებით.

- როგორ გამოიყურებოდა?

- წარმოიდგინეთ, ცხიმი რომ დაეცემა ქსოვილს, გარეგნულად ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა. მოძღვარმა მითხრა, - ასეთი რაღაცების გამო ხიბლში არ უნდა ჩავარდე, არ უნდა ჩათვალო, რაკი შენს თავს ასეთი რაღაცები ხდება, სხვებისგან რაიმეთი გამორჩეული ხარ; არც სასოწარკვეთილებაში უნდა ჩავარდე, ეს ყველაფერი უბედურების ნიშნად არ აღიქვა; ფაქტია, რომ ღმერთი რაღაცას მიგანიშნებს, გაფრთხილებს, რომ მეტად გაძლიერდე რწმენაშიო. სხვათა შორის, ხატების მირონდენასა და ჯვრების გამოსახვას მოჰყვა ის განსაცდელი, რომელიც დედის ავადმყოფობის სახით გვეწვია... იმ ყველაფრის შემდეგ მუშაობა დავიწყე. მირონმდინარე ხატები ცოტა უყურადღებოდ მივატოვე, კანდელი კი სულ ენთო მათთან. მოკლედ, არ ვიცი როგორ, მაგრამ ხატების კუთხეში ხანძარი გაჩნდა და ბევრი დაიწვა. თუმცა იმ დამწვარი ხატებიდან მირონდენა რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც გრძელდებოდა...

დავით გოცირიძე, წმინდა სამების (ძველი) ტაძრის დეკანოზი:

- როგორც ვიცი, საქართველოში ამ ტრადიციას ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით ჩაეყარა საფუძველი. ეს ალბათ მომდინარეობს სახარებიდან, იესოს სიტყვებიდან: "შეიკრიბოს ორი ან სამი კაცი ჩემდა სასაუბროდ და მე მათთან ვარ"... ეკლესიის ხატის მოძრაობას სხვადასხვა ოჯახში, ოჯახურ სიმშვიდეს უწყობს ხელს. ამასთან, იმ პერიოდში მოძღვარი სახლსაც აკურთხებს (სახლი წელიწადში სამ-ოთხჯერ უნდა იკურთხოს; ჩანაწერიც არსებობს კურთხევანში: არასასურველი სტუმარიც რომ გეწვიოს, მაშინაც კი აკურთხე) - ეს რამხელა რამეს ნიშნავს! სახლი ხომ თავისთავად, ყოველი ადამიანისთვის ეკლესია და სიწმინდეა!

დასანანია, რომ დღეს ის ახალგაზრდა, ენერგიით სავსე თაობა, რომელსაც ხვალინდელი საქართველოს მომავალი ჰქვია, ზოგჯერ ისეთი არასასურველი საქმეების კეთებით არის დაკავებული, რომელიც არც კაცისგან და არც ღმერთისგან არ არის მოწონებული... როდესაც ოჯახში ხატი მობრძანდება, მეზობლები, ნათესავები, ახლობლები მოდიან, იკრიბებიან და ხატს დაუჯდომელს თუ პარაკლისს უკითხავენ, საუბრობენ წმინდანთა ცხოვრებაზე, ქრისტეზე, ღმერთზე და მადლით იმუხტებიან. ამ დროს სიკეთე წარმოიქმნება. ასეთი ფორმით ლოცვა მიზანშეწონილია და სულისთვის სასარგებლოა. სულის საცხონებელია. ყოველი წუთი უფლის წინაშე თითქმის დათვლილია. ადამიანის ცხოვრება სამარადისო არ არის, აქ ხომ დროებით ვართ! ამიტომ დრო ღვთის დიდებაში, კეთილი საქმეების კეთებასა და ათი მცნების შესრულებაში უნდა გავატაროთ, რადგანაც ეს გზაა სწორედ მაცხონებელი.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია