"მე და ეკა ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ!.."

"მე და ეკა ერთმანეთზე არ ვეჭვიანობთ!.."

ექიმი მიშა ხუჯაძე "ორ ვარსკვლავში"მონაწილეობას სიმღერის სწავლის იმედით დათანხმდა. ბავშვობაში სოლფეჯიოსა და სპეციალობის ორწლიან გაკვეთილებს თუ არ ჩავთვლით, ტელეწამყვან ეკა ხოფერიას ქმარს მუსიკასთან პროფესიონალური შეხება არასდროს ჰქონია. ამიტომ როცა შეიტყო, რომ პროფესიონალ ვოკალის პედაგოგებთან მოუწევდა მუშაობა, დიდხანს არ უფიქრია.

"ორი ვარსკვლავის"მონაწილეებს კრიტიკა ნამდვილად არ აკლიათ. მიშა ის იშვიათი გამონაკლისია, რომლის მისამართითაც ყველაზე ნაკლებად ისმის კრიტიკა. სამაგიეროდ, აუტსაიდერებში უკვე მესამედ იდგა.

- მიშა, როგორ დათანხმდით პროექტ "ორ ვარსკვლავში"მონაწილეობას?

- ამ პროექტმა თავიდანვე დამაინტერესა იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალურად მასწავლიდნენ ახალ სიმღერებს. ყოველთვის მინდოდა, ჩემთვის ვინმეს სიმღერა ესწავლებინა, ოჯახის წევრებს თუ არ ჩავთვლით, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. დედა და მამა მასწავლიდნენ მხოლოდ.

- თქვენი მშობლები მღერიან?

- ისე, როგორც ყველა ქართულ ოჯახში.

- პროფესიონალური შეხება მუსიკასთან არასდროს გქონიათ?

- ორი წელი დავდიოდი გიტარაზე. ამ ინსტრუმენტზე ვუკრავ, მაგრამ იქიდან არაფერი არ დამრჩა, სამწუხაროდ. ღრმა ბავშვობაში იყო ეს, სოლფეჯიოსა და სპეციალობის გაკვეთილები დიდად არ მიზიდავდა. მხოლოდ ეს იყო ჩემი მუსიკასთან კონტაქტი, თუმცა მუსიკის სიყვარული დღემდე შემომრჩა. თითქმის ყოველი სუფრა მეგობრებთან ერთად სიმღერით მთავრდება და მეც ამ ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული.

- რომელი მუსიკალური ჟანრი მოგწონთ?

- ქართული ქალაქური და რუსული "ბლატნოი"სიმღერები. ბოლო ათი წელია, ფრანგული სიმღერაც შემიყვარდა, მას მერე, რაც საფრანგეთში მომიწია ცხოვრებამ ოთხი წლის განმავლობაში.

- თქვენი მეუღლე, ეკა, როგორ შეხვდა თქვენს ახალ ამპლუას, ჩვენ ვხედავთ, როგორი მონდომებით გგულშემატკივრობთ...

- პირველად ეკას უთხრეს ამის შესახებ. სახლში რომ მოვიდა მითხრა, წარმოგიდგენია, რა შემომთავაზეს და თან ჰგონიათ, დათანხმდებიო. თუ სიმღერას მასწავლიან, რატომაც არა-მეთქი, ვუპასუხე. ეკას ვერ წარმოედგინა, რომ დავთანხმდებოდი, მან იცის ჩემი დამოკიდებულება, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს ტელევიზიაში, არ მიყვარს მისვლა შოუებში, გადაცემებში, თუმცა მიწევს ეკას, მეგობრების, ოთარ ტატიშვილის გადამკიდე.

- საკმაოდ მრავალრიცხოვანი ფანკლუბი გყავთ ეკას მეთაურობით, ეს ეკრანზეც კარგად ჩანს...

- ეს მხოლოდ ეკას დამსახურება არ არის. არსებობს ჩემი მეგობრების მთელი ჯგუფი, მათი ცოლების, დების, რომლებიც მართლაც აქტიურად არიან ჩართული ამ ყველაფერში. ეს მხოლოდ მსიამოვნებს.

- ფანკლუბები კარგია, მაგრამ კრიტიკული ჯგუფები თუ შეგხვედრიათ?

- არა, ასეთი არ მახსენდება. მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს მუსიკოსობასა და მომღერლობაზე. ძირითადად, ოჯახში მაკრიტიკებენ მამაჩემი და ეკა. დედაჩემს ყველაფერი მოსწონს. კიდევ, პედაგოგები მაკრიტიკებენ ხოლმე.

- ძირითადად რა პრეტენზიები აქვთ პედაგოგებს?

- ჩვენს პედაგოგებს ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვთ. ძალიან ბევრს გვავარჯიშებენ, როგორ უნდა ვიმღეროთ. უკვე გამჯდარის შეცვლა და ახალი ინტერპრეტაციით წარმოჩენა ძალიან რთულია. უკვე გამჯდარის, დამახსოვრებულის დამტვრევა უფრო რთულია, ვიდრე ახლიდან სწავლა. ამის გამო რუსა ჩემით ხშირად არის უკმაყოფილო.

- ჟიურიზე მინდა გკითხოთ, ყველაზე დიდი ინტერესით ვის შეფასებას ელოდებით?

- ჟიურის ყველა წევრი თავისებურად პერსონაა და თავისი ფუნქცია აქვს. ყოველთვის კარგად ვხვდები თითოეულის შეფასებას. ერთდერთი, რასაც მოვითხოვ ის არის, რომ მათი შეფასება არ უნდა იყოს შეურაცხმყოფელი ჩემი პარტნიორისთვის, იმიტომ, რომ ეს მათი კონკურსი არ არის, ეს ჩვენი, არაპროფესიონალების კონკურსია.

- თქვენთვის შეურაცხმყოფელი შეიძლება იყოს?

- არა, რა თქმა უნდა. პირადულ შეურაცხყოფას ყოველთვის პასუხს გავცემ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება