საქართველო ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა

საქართველო ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა

"დეიდებო და ბიძიებო, დამეხმარეთ"; "გაიღეთ მოწყალება, შვილი მიკვდება, დამეხმარეთ"; "ძალიან მიჭირს, პურის ფული არ მაქვს, დამეხმარეთ" - ეს ის სიტყვებია, რასაც მეტროს ვაგონებში, ეკლესიის შესასვლელთან, ქუჩაში, შუქნიშნებთან, რესტორნებთან, ბანკებთან ხშირად გაიგებთ. მოწყალებას ითხოვენ ყველგან და ითხოვენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ასევე შრომისუნარიანი ადამიანები. მათხოვრობენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში მათხოვრებს მოწყალების თხოვნა ეკრძალებათ. მათ ამის უფლებას პატრული არ აძლევს, თუმცა მათხოვრები მეტროს ვაგონებში შესვლას და დახმარების თხოვნას მაინც ახერხებენ. მწვავედ დგას მოწყალების მთხოვნელი ბავშვების პრობლემა. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მიუსაფარ ბავშვთა პრობლემებზე აქტიურად მუშაობენ და ყოველ გამოვლენილ ფაქტზე რეაგირებას ახდენენ. შსს-ში კი ამბობენ, რომ კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს.

"კარგი" და "ცუდი" დღე – გამომუშავების მასშტაბები

საქართველოში მათხოვრობის პრობლემა მწვავედ დგას. სიდუხჭირე და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აიძულებს ადამიანს შემწეობა სხვა ადამიანებს სთხოვოს. ეს ყველასათვის იოლი როდია. ზოგისთვის თუ მათხოვრობა პროფესიაა, ზოგისთვის დიდი ტვირთია და ქუჩაში გამოსული სახესაც კი იფარავს, რომ ნაცნობმა არ დაინახოს. ზოგსაც სიტყვა "დამეხმარეთ!" თქმაც უჭირს და მთელი დღე ხმაამოუღებლად დგას ერთ ადგილას.

ისინი - მოწყალების მთხოვნელები, დღეში საკმაო თანხასაც "გამოიმუშავებენ", ზოგჯერ იმაზე მეტსაც, რასაც ოფიციალურად დასაქმებული იღებს. ამბობენ, რომ "ცუდი დღე" მაშინ აქვთ, როცა 15-20 ლარს "აკეთებენ", "კარგ დღეს" კი 40 ლარიც აუღიათ. თანხის მოცულობა კი იმაზეა დამოკიდებული, ესა თუ ის ადამიანი მოწყალებას რომელ უბანში ითხოვს და სხვათათვის თავის შეცოდების რამდენად კარგი სტრატეგია აქვს შემუშავებული. მათხოვრებს მკაცრად აქვთ გადანაწილებული "მუშაობის სფეროები" და "კონკურენტის" გამოჩენა ხშირად ჩხუბითა და აყალმაყალით. მთავრდება ხოლმე. ამ ადამიანებს ზოგი ჩვენგანი ეხმარება, ზოგი კი - არა.

არსებობენ "ელიტარული" მათხოვრებიც, ასეთები თბილისში საკმაოდ მრავლად არიან. ჩვენი რესპონდენტი, თბილისელი მაია თავაძე ამბობს, რომ ასეთი მათხოვარი მის მეზობლად უკვე წლებია ცხოვრობს.

"რამდენიმე წლის წინ ჩემს მეზობლად ერთმა ქალმა ბინა იგირავა, ამაში 6 ათასი დოლარი გადაიხადა. ცხოვრობდა კარგად, არ აკლდა არაფერი. ყოველ საღამოს ტაქსით მოდიოდა სახლში და თანაც დაზურგული.

შემდეგ გავიგეთ, რომ ეს ქალი თავს და ოჯახს მათხოვრობით არჩენს. ერთხელ მეზობლებში თქვა, რომ ზოგჯერ დღეში 100 ლარიც კი გაუკეთებია, ყველაზე ცოტა კი 20-30 ლარი აუღია. დღესაც, ყოველ საღამოს სახლში ტაქსით მოდის და არაფერს აკლებს ოჯახს", - გვითხრა მაია თავაძემ.

თბილისელ თამუნა ხარაძეს მეტროთი გადაადგილება ყოველდღიურად უწევს. ამბობს, რომ დღე არ გავა, მეტროს ვაგონში მინიმუმ 5 მათხოვარი არ შემოვიდეს.

"მათხოვრობენ როგორც ბავშვები, ასევე ქალები, კაცები, მოხუცები; მათხოვრობენ როგორც ქართველები, ასევე ბოშები და ბოლო პერიოდში აზერბაიჯანელებიც მომრავლდნენ. თავიდან მეგონა, რომ საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები იყვნენ, მაგრამ მერე გავიგე, რომ ისინი აქ სამათხოვროდ სწორედ აზერბაიჯანიდან ჩამოდიან. საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ქართულად თუ ვერ საუბრობენ, ესმით მაინც, მათ კი არც ენა ესმით და, რა თქმა უნდა, ვერც საუბრობენ. იციან მხოლოდ სიტყვა "დამეხმარეთ".

თბილისში მათხოვრების რაოდენობა საკმაოდ მომრავლდა, ერთხელ მეტროში გავლაც კი საკმარისია ამაში დასარწმუნებლად. ვფიქრობ, ეს ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია. ბოლო პერიოდში თბილისში ბევრი უცხოელი ჩამოდის და როდესაც ისინი ხედავენ მათხოვრებით გადაჭედილ ქალაქს, ცხადია, რომ კარგს არაფერს იფიქრებენ.

ხშირად მინახავს, რომ მათხოვარი ბავშვი სწორედ უცხოელს ეკონწიალება და დახმარებას მას სთხოვს. კარგი იქნება, თუ მთავრობა ამ პრობლემას მიხედავს და მეტროში მაინც არ მისცემს მათხოვრებს ფულის შოვნის საშუალებას", - ამბობს თამუნა ხარაძე.

თბილისელ ეკა ღვინიაშვილსაც მეტროთი უწევს გადაადგილება. ამბობს, რომ ერთ-ერთი მათხოვარი მეტროში უკვე 17 წელია დადის, მას ყველა ეხმარება.

"სტუდენტი ვიყავი, როცა ამ ქალმა მეტროში მათხოვრობა დაიწყო. მას შემდეგ 17 წელი გავიდა, მოხუცდა, მაგრამ ისევ მეტროში დადის და მოწყალებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ პატრულის თანამშრომელმა უთხრა, რომ არ შესულიყო ვაგონში. უცებ ეს ქალი ცუდად გახდა. არ ვიცი, შეიძლება თავი მოიკატუნა, რომ ცუდად იყო. მგზავრებმა კი პატრულს დაუწყეს ჩხუბი.

შემდეგ ერთ-ერთი მგზავრისგან გავიგე, რომ ეს ქალი მათხოვრობით ოჯახს ინახავს. მეტიც, ერთი შვილისთვის ბინაც კი უყიდია, მეორე შვილი კი ევროპაში სასწავლებლად გაუშვია. ეს მგზავრი ამ ქალის მეზობელი იყო და აქედან გამომდინარე, მისი ოჯახის ისტორიაც იცოდა. ამ მათხოვარს ყოველთვის ვეხმარებოდი, მაგრამ რაც მისი ოჯახის შესახებ გავიგე, ვეღარ დავეხმარები. თუ ჰყავს ახალგაზრდა შვილები, იმუშაონ და დედა გარეთ სამათხოვროდ აღარ გამოუშვან. როგორც ჩანს, მათ ეს არ უნდათ, თანაც ამ ქალისთვის მათხოვრობა უკვე პროფესიად იქცა", - გვითხრა ეკა ღვინიაშვილმა.

თბილისელი გიორგი გორგილაძის თქმით, ევროპაში მათხოვრები ხდებიან იმის გამო, რომ მათ არ უნდათ მუშაობა. საქართველოში მათხოვრობას ვუყურებთ როგორც სოციალურ გაჭირვებას და ქვეყანაში გააზრებული პოლიტიკაც კი არ გვაქვს ამის შესახებ. ეს არის ძალიან ცუდი და ამას მოგვარება სჭირდება.

"ამასთან, დადის ხმები, რომ თითო მათხოვარი თითო უბანზეა მიმაგრებული და იქ შოულობს დღიურ შემოსავალს, რაც არც ისე ცოტაა. გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკუთარ შვილებს უშვებენ სამათხოვროდ. ეს ბავშვები მათხოვრობაში იზრდებიან, ეჩვევიან ამ გარემოს და წლების შემდეგაც აგრძელებენ. თითქოს სპეციალობადაც კი ექცათ. ეს ხომ იოლი და კანონიერი გზაა ფულის საშოვნელად. ამიტომ, როდესაც ადამიანი მათ ფულს აძლევს, ზოგჯერ, შეიძლება ეს ძალიან ცუდიც იყოს, მაგრამ თუ მართლა ხეიბარს და დავრდომილს ეხმარები მაშინ, რა თქმა უნდა, სიკეთეს სჩადიხარ", - ამბობს გიორგი გორგილაძე.

ქუჩის ბავშვების უმეტესობა აზერბაიჯანის მოქალაქეა

გარად ზრდასრული ადამიანებისა, ქუჩებსა თუ ტრანსპორტში ხშირად შეხვდებით მათხოვარ ბავშვებს. ამბობენ, რომ მათ, ხშირ შემთხვევაში, ფულის საშოვნელად ოჯახის უფროსები უშვებენ, რადგან არც დედას და არც მამას მუშაობა არ სურს. მეტროს ვაგონებში შეგხვდებათ 2 წლის ბავშვებიც კი, რომლებმაც ლაპარაკიც კი არ იციან, მაგრამ ხელში პლასტმასის ჭიქა უჭირავთ, რითაც მიანიშნებენ, რომ ფული უნდათ. ზოგიერთი ბავშვი სიმღერით შემოდის ვაგონში, ზოგიც კი გულზე ჩამოკიდებული წარწერით - "დედა მიკვდება და დამეხმარეთ!"

დღეისთვის ზუსტი მონაცემები ე.წ. "ქუჩის ბავშვების" რაოდენობის შესახებ არ არსებობს, თუმცა ისინი არიან ყველგან, განურჩევლად ასაკისა. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი გია კაკაჩია აცხადებს, რომ მიუსაფარი ბავშვების პრობლემის მოსაგვარებლად სამინისტროში მობილური ჯგუფები მუშაობენ, რომლებიც ასეთ ბავშვებს ხან თავად მონიტორინგის შედეგად პოულობენ, ხან ცხელ ხაზზე შემოსული განცხადების შემდეგ მიდიან ადგილზე. თუკი ბავშვი მათხოვრობს იძულებით, ანუ უკვე დანაშაული ხდება, საქმეში პატრული ერთვება.

"თუ ცალსახა ძალადობაა, ეს არის შსს-ს კომპეტენცია. თუ არსებობს გარკვეული ეჭვები, მაშინ სოციალური სააგენტო ერთვება. სოციალური მუშაკი ადგილზე აფასებს სიტუაციას და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს - ეს შეიძლება იყოს ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა ან თუ არსებობს დაუდასტურებელი ეჭვი, ოჯახი მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ უნდა მოექცეს", - ამბობს გია კაკაჩია.

რაც შეეხება მათხოვარი ბავშვების რაოდენობას, კაკაჩიას თქმით, ამის სტატისტიკა არ არსებობს.

"მათხოვარი ბავშვის აღრიცხვა, სტატისტიკა, ნებისმიერ ქვეყანაში საკმაოდ რთულია. ასეა ჩვენთანაც. ბოლო მონაცემებით, ანუ კვლევით, რომელიც 2008 წელს ჩატარდა, სულ 1500 მათხოვარი ბავშვი იყო. მას შემდეგ არაფერი ჩატარებულა, შესაბამისად, მოიმატა თუ შემცირდა ასეთი ბავშვების რაოდენობა, რთული სათქმელია", - განუცხადა "რეზონანსს" კაკაჩიამ.

ზოგადად "ქუჩის ბავშვებთან" დაკავშირებით პრობლემას კანონმდებლობა ქმნის. როგორც "რადიო თავისუფლებასთან" საუბრისას შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მაკა ფერაძე ამბობს, კანონით მხოლოდ მაშინ შეიძლება მათხოვრობის ფაქტის აღკვეთა, როდესაც პოლიციელმა დადასტურებულად იცის, რომ ბავშვი თავისი ნებით არ მათხოვრობს.

თანაც ის ბავშვები, რომლებიც ქუჩაში გვხვდებიან, ხშირად აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და არა საქართველოსი.

"აღმოჩნდა, რომ მაწანწალა ბავშვებისა და ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უმეტესობა არის აზერბაიჯანის მოქალაქე. ისინი კვეთენ საქართველოს საზღვარს და შემდეგ ქალაქში გროვდებიან, რომ ამ გზით იშოვონ ლუკმაპური", - ამბობს მაკა ფერაძე.

აქედან გამომდინარე, საქართველო თანდათან ემიგრანტი მათხოვრების თავშესაფრად იქცა. მათ წინააღმდეგ რაიმე კონტრზომა სახელმწიფოს მხრიდან მიღებული ჯერ არ არის.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია