თენგიზ კიტოვანი: "მალე საქართველოში იქნება ტერორისტული აქტები"

თენგიზ კიტოვანი: "მალე საქართველოში იქნება ტერორისტული აქტები"

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანიც გამოეხმაურა: "ამ კანონის მიღება გამოიწვევს უდიდეს ომს, პირდაპირ ვამბობ - ეს იქნება ომი, პარლამენტის შემოღებული კანონით. მივმართავ უსუფაშვილსა და მის მეუღლეს, რომლებიც ასე მონდომებული არიან, არ დაუშვათ ამ კანონის მიღება! კანონპროექტი ქართველი ერის შეურაცხყოფაა! კავკასიაში ასეთი რამ არ მომხდარა და არც მოხდება. ქართველი კაცის შემარცხვენელი კანონის მიღებას არ დავუშვებ! პირველი ჩვენ დავიწყებთ ომს ამ კანონის საწინააღმდეგოდ, პარლამენტში შევალთ, ცხვირ-პირს დავუმტვრევთ და ისე გამოვყრით ყველას, არც მომერიდება არაფრის!"

გარდა ამისა, გაცხადდა, რომ იქმნება "ანტიტერორისტული კომიტეტი". კიტოვანთან ერთად, მისი დამფუძნებლები იქნებიან ექსმინისტრის მეგობრები: უშიშროების გენერალი ზურაბ ბაქრაძე და შს ექსმინისტრი რომან გვენცაძე.

რას აპირებენ "ექსები"? რატომ შეიქმნა ახალი ორგანიზაცია? როგორ და რა ძალებით აპირებს თენგიზ კიტოვანი პარლამენტის წინააღმდეგ ომის დაწყებას?

"ალიას" თენგიზ კიტოვანი ესაუბრა:

"ჩენ უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს ეს "ანტიტერორისტული კომიტეტი", რომელიც მშვენივრად მუშაობს და ძალიან კარგ საქმესაც აკეთებს. მანდ ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ვგეგმავთ ღონისძიებებს.

- თქვენ მოსკოვში, ეტყობა, გარკვეული ინფორმაციები შეაგროვეთ, რახან ასეთი ორგანიზაციის შექმნამდე მიხვედით. რატომ ქმნით ამ ანტიტერორისტულ ორგანიზაციას?

- ეგ ორგანიზაცია აუცილებელია, მოსკოვშიც და სხვა ქვეყნებშიც არის ეგეთი სამოქალაქო ორგანიზაციები შექმნილი. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ერი ნარკომანიისგან, წამლების შემოტანისგან, ტერორისტული აქტებისგან. ეს არის ჩვენი მოვალეობა, ყველას თავისი ქალაქი უყვარს, რა შუაშია აქ მოსკოვი?

- მოსკოვი იმ აზრით ვახსენე, ეგება იქ მოიპოვეთ რამე მნიშვნელოვანი ინფორმაცია? რაც შეეხება "ანტიტერორისტულ კომიტეტს", ეს ანტიტერორისტული ცენტრი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და თქვენ რა უნდა გააკეთოთ?

- ის არის ოფიციალური და ეს არის სამოქალაქო ორგანიზაცია. ერთ საქმეს გავაკეთებთ, როცა ჩვენ დავაგროვებთ იმ ინფორმაციას, თუ საჭირო იქნება დახმარება, მაშინ მივმართავთ მაგ პირებს. ჩვენ გვიწერია წესდებაში, რომ ჩვენი მოქმედება იქნება შეთანხმებული ოფიციალურ ორგანიზაციებთან და მანდ საიდუმლო არაფერი არ იქნება. მაგრამ ჩვენ ვგრძნობთ, რომ მალე საქართველოში იქნება ტერორისტული აქტები. მე ვგრძნობ ამას და წინააღმდეგი ვართ ამისა სუყველა, რომ დაიღუპოს რომელიმე ჩვენი მოქალაქე.

- რას ჰქვია, გრძნობთ, გრძნობთ, თუ რამე ინფორმაცია მოგეპოვებათ ამის შესახებ?

- ეს უკვე ჩვენი საქმეა.

- გასაგებია, მაგრამ ამ გაზეთს ხალხი კითხულობს და მათვის იწერება ინფორმაცია.

- თუ რამე იქნება, შეგატყობინებთ ყველაფერს. გეტყვით ერთ ამბავს, ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს საზღვარზე დაიჭირეს 900 კილოგრამი ნარკოტიკი, რაც ჩვენთან შემოჰქონდათ, დაიჭირეს სომხებმა და ქართველი იყო მძღოლი, ეს 900 კილო რამდენია, იცით? ეს რომ შემოსულიყო, ნახევარი საქართველო იქნებოდა წამლის ქვეშ. ჩვენს დროს საქართველოში იყო 40 000 ნარკომანი და ახლა გახდა 300 000. როგორია?

- მერე თქვენ რას აპირებთ, როგორ მოიპოვებთ მსგავს ინფორმაციებს?

- ეგ ჩვენი საქმეა, კაცო, როგორ მოვიპოვებთ.

- თქვენ განაცხადეთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემთხვევაში კანონს ომს გამოუცხადებთ, პარლამენტში შეხვალთ და ცხვირპირის მტვრევით გამოყრით ყველას. ვინ შეხვალთ? ვისთან ერთად? იქ ჯერჯერობით ხალხი გარეთ აპროტესტებს და თქვენ მობილიზაციას მოახდენთ ამ ხალხისა, თუ რას აპირებთ?

- ჩვენ შევუშლით ყველანაირად ხელს, თუ ეს კანონი მიიღეს და არ დაუჯერეს საქართველოს მოსახლეობის 90%-ს, მაშინ "მივიღებთ" ყველაზე უკანასკნელ მეთოდს. თქვენ წამოხვალთ სუყველა და კი არ შევარდებით, შევალთ. შვილები ხომ გყავთ? თქვენს შვილებს არ უნდა გაფრთხილება? ჩვენ საკმარისი ხალხი ვართ, რომ მთელი საქართველო დაირაზმოს და მივიდეს იქა. ჯერ არ ვაპირებ და ვუყურებ კანონს.

- თქვენ მობილიზაციას მოაწყობთ, თუ რას აპირებთ? უსუფაშვილმა უკვე განაცხადა, რომ მაინც მივიღებ ამ კანონსო.

- რას ვაპირებ, ეგ ჩემი საქმეა...

- ბარემ ისიც გვითხარით, რას აპირებთ რეალურად.

- მაპატიეთ, რასაც გეუბნებით დაწერეთ. მეც ვამბობ, რომ ეს კანონი არის მიუღებელი და ხალხი ამას არ დაუჭერს მხარს საქართველოში. დაწერეთ ეს, თუ შეიძლება, პირდაპირ და ჩვენც ამ ხალხის რიგებში ვდგევართ სუყველა. მივიღებთ მონაწილეობას იმაში, რომ ეს კანონი არ გავიდეს საქართველოში. იმიტომ რომ ყველას გვყავს შვილები და მე არ მინდა, რომ შვილები და შვილიშვილები ჰომოსექსუალისტები გახდნენ და, როგორ შევალთ, ეს ჩვენი საქმეა, გადავხტებით თუ გადმოვხტებით.

- თქვენი ინტერვიუები მახსოვს, მოსკოვიდან ჩაწერილი, სადაც დადებითად აფასებდით "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლას. ახლა, სამშობლოში რაც ჩამოხვედით, იმავე აზრზე ხართ?

- მაგათ გააკეთეს დიდი საქმე, როცა მიშა სააკაშვილი გადააგდეს, ასეთი დიდი საქმე სხვას არავის არ გაუკეთებია. ეს გააკეთა "ოცნებამ" და მოხარული ვარ, რომ ეს შეძლეს, სააკაშვილის რეჟიმს როგორც მოუღეს ბოლო. ამ ხელისუფლების ყველაფერი მომწონს, გარდა უსუფაშვილის, ამ პარლამენტის ხელმძღვანელის ქცევისა, რომ ასეთ უცნაურ კანონებს იღებს. ეს არის გასაღიზიანებელი და მარტო ჩემს გაღიზიანებაზე არ არის ლაპარაკი, ეს აღიზიანებს მთელ საქართველოს. და რაც მთავარია, მართლმადიდებლურ ეკლესიას. ეკლესია კი ხელს უშლის ამ უსუფაშვილის კანონების მიღებას.

- ფაქტია, ეგ მთლად მარტო უსუფაშვილის მიერ მიღებული კანონი ნამდვილად არ არის. კითხვა მაქვს, არ მახსოვს, კონკრეტულად ვის, მაგრამ რამდენიმე "ნაციონალს" მოსკოვიდან ემუქრებოდით, იყო ასე?

- მეე?

- სწორედ თქვენ და რა, არა?

- ნაციონალებს კი არა, მე ვემუქრებოდი იმას, ვისაც ცუდი ენა აქვს და ამახინჯებდა ამ ისტორიებს, რაც ხდებოდა საქართველოში.

- ვის გულისხმობდით?

- აბა, რა ვიცი, ვის ვგულისხმობდი(?). აღარ მახსოვს. კაცმა უნდა იცოდეს სინამდვილეში ის ისტორია, აი, რა მოხდა, როგორ მოხდა და არა ბრმად იძახდნენ ყველაფერს. ამას ისინი იმიტომ აკეთებდნენ, რომ მოეგოთ ვიღაცის გული. ეგრეც ხდებოდა, ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯები. კონკრეტულად ვინ აკეთებდა, არ მახსოვს(!).

- ისიც ცნობილია, რომ წლების წინ ამბობით, ჟვანიას სიკვდილის შესახებ ბევრი ვიციო (მაწყვეტინებს)...

- მე პირველმა დავწერე, რომ ჟვანია იყო მოკლული, რომ უსუპოვიც ცალკე იყო მოკლული და გადაიყვანეს და ერთად დაასვენეს ესენი. აი, ამას ვამბობდი.

- რომ ჩამოხვედით, პროკურატურას თუ მიმართეთ, რომ დაეკითხეთ.

- რა მოწმე? მე აქ არ ვიყავი, ჟვანია რომ მოკლეს, მერე ამერიკელმა ექსპერტებმა რომ დაწერეს, გაზით გაიგუდაო, უსუპოვის ფეხსაცმელი რომ ვერ იპოვეს, გაჩნდა ეჭვი, რომ ჟვანია იყო მოკლული. აი, რატომ მოკლეს ნინუა, როგორ მოკლეს ფინანსთა მინისტრი დვალიშვილი, ამას არავინ აქცევს ყურადღებას, როგორ მოკლეს გამსახურდია, როგორ მოკლეს ესენი, ამაზე ბოლო-ბოლო ვინმემ უნდა გასცეს პასუხი. მე რომ ვთქვი, ჟვანიაზე ესა, განაცხადეს, კიტოვანი საქართველოში არ შემოვუშვათო. აი, ესეა.

- ეს წინა ხელისუფლების დროს და თქვენ თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, ახალ ხელისუფლებას უთხარით.

- ეგენი დაინტერესდნენ და გამოიძიონ. ვინ მოკლა საჯაია? რატომ არ იძიებენ? რა, თავი მოიკლა? დვალიშვილი "პერერივზე" გავიდა და თავი მოიკლა? თქვენ გჯერათ ეს ყველაფერი? ამას უნდა პატრონი, გამოიძიონ ყველა მკვლელობა. იმიტომ, რომ სააკაშვილმა მოკლა ჟვანია, კვირაიამ და შევარდნაძემ მოკლეს გამსახურდია, და ასე. ვინმემ გამოიძია თამაზ ნინუას მკვლელობა? ამ მთავრობამ ეს ახსნას. ამდენი მკვლელობაა ჩადენილი და ამას მიხედონ, იმ კანონს კი ნუ ჩაებღაუჭნენ. ეტყობა, ვიღაცამ უთხრა და ჩაფრენილები არიან იმ ანტიდისკრიმინაციულ კანონს.

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა