ვინ მოსავს ქართველ ვარსკვლავებს

ვინ მოსავს ქართველ ვარსკვლავებს

კომპანია "ზენკა დ მარი" დიზაინერებს, ნინო ზენაიშვილსა და მარი მაკრახიძეს ეკუთვნით. ეს გოგოები უკვე წლებია, მოდის სფეროში წარმატებულად საქმიანობენ და ერთგული კლიენტებიც უხვად ჰყავთ. თუმცა ბოლო დროს მეგაშოუებისთვისაც უწევთ შრომა. ისინი "ცეკვავენ ვარსკვლავებისა" და "ორი ვარსკვლავის" კონკურსანტებს მოსავენ. ამჟამად მათ საქმიანობაზე და ვარსკვლავებთან ურთიერთობაზე მარი მაკრახიძე გვესაუბრება.

- გარდა იმისა, რომ ყოველდღიურ სამოსს ქმნით, ბოლო დროს პოპულარული შოუების ("ორი ვარსკვლავი", "ცეკვავენ ვარსკვლავები") მონაწილეების ტანსაცმელზე მუშაობაც დაგემატათ. როგორ არჩევთ კოსტიუმს თითოეული ვარსკვლავისთვის?

- პარალელურად ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პროექტზე ვმუშაობთ. სამოსს ვუკერავთ როგორც "ცეკვავენ ვარსკვალვების" მონაწილებს, ისე - "ორი ვარსკვლავის". იმის მერე, რაც სიმღერასა და დადგმას გავეცნობით, კოსტიუმი სამ დღეში იკერება. "ცეკვავენ ვარკვლავებისთვის" სპეციფიკური სამოსია საჭირო, რადგანაც სხეულის ფორმები მეტად უნდა გამოჩნდეს. ამიტომ ყველაფერი ამოღებული, შეხსნილი და მოღებული, სხეულზე მომდგარი უნდა იყოს, რომ მოძრაობაში ხელი არ შეუშალოთ. "ორი ვარსკვლავისთვის" უმეტესად საღამოს კაბები იკერება ისეთი, რომ მისი გამოყენება კიდევ შეიძლება. "ცეკვავენ ვარსკვლავების" კოსტიუმებს კი ვერავინ გამოიყენებს...

- სად მიდის ის კოსტიუმები?

- "იმედის" საკუთრებაა.…მოკლედ, "ორი ვარსკვლავისთვის" უმეტესად საღამოს კაბები იქმნება, ვინაიდან სიმღერასთან გვაქვს საქმე, რაც შედარებით სტატიკური საქმეა. ამიტომ იქ რადიკალურად განსხვავებული კოსტიუმებია საჭირო.

- მუშაობისას უპირატესობას რას ანიჭებთ?

- "ცეკვავენ ვარსკვლავებზე" მუშაობამ გვიჩვენა, ეკრანზე რა უფრო მომგებიანია, რა უხდება, რა უფრო ბრჭყვიალებს: შესაბამისი ქსოვილები, თვლები, ფერები, მოკლედ, მეტი და მეტი მრავალფეროვნება შევიტანეთ. არადა, მონაწილეები შავ ფერს ირჩევენ და მუდმივად იმის დამტკიცება გვიწევს, რომ ფერადი სამოსი ჯობია!

- მარტივად გთანხმდებიან, არ ჭირვეულობენ?

- უმეტესობას შოუმდეც კარგად ვიცნობდით და ერთად გვიმუშავია, ამიტომ ურთიერთობა ადვილია, მაგრამ ბევრია ისეთი, რომლის თავიდან შესწავლაც დაგვჭირდა, ანუ მისი სხეულის ფორმების, ხასიათის (სიცილით ამბობს). თუმცა ჭირვეული "ორ ვარსკვლავში" არავინ ყოფილა, მაგრამ სხვადასხვა ტურზე თითოეულთან ყოფილა ფაქტი, როცა მოგვიწია იმის დამტკიცება, რომ ასე ჯობია!

- ისე, კოსტიუმებში ქართული ელემენტები ჭარბობს ხოლმე...

- ეს სიმღერებიდან გამომდინარე ხდება, რადგანაც ბევრი ქართული სიმღერა თუ ტური იყო და კოსტიუმებიც ქართული, თანამედროვე ელემენტებით დამშვენდა.

- ე.ი. ფორსმაჟორში მუშაობთ...

- კი. ჩვენ არა მარტო მომღერლებსა და მათ მეწყვილეებს ვუკერავთ, არამედ მოცეკვავეებსა და მათ პარტნიორებს, ამასთან, წამყვანებსაც.

მაგალითად, ლელა წურწუმია ძალიან გვეხმარება თავისი კოსტიუმებით. სხვა წამყვანებთანაც კომფორტულია მუშაობა. აქ განსაკუთრებით მინდა, ანუკა ქორქია გამოვყო... მოკლედ, კოსტიუმების შესაქმნელად ძალიან მოკლე დრო გვაქვს.

- და ეს ცალკე პრობლემა, ალბათ.

- კი, ასე სწრაფ ტემპში და თან, როცა განსხვავებული სხეული, აღნაგობა აქვს ადამიანს და სტანდარტი არ არსებობს, რთულია. მოკლედ, სულ განსხვავებულების გაკეთება გვიწევს. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მუშაობა უფრო გვიადვილდება. "ორ ვარსკვლავში" კი ტიპაჟებიც სხვადასხვაა. მოკლედ, 20-ზე მეტ კოსტიუმს ფორსმაჟორში ვქმნით.

- ცხადია, მოდის თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებაც გიწევთ...

- რასაკვირველია, რა ფერებია მოდაში, როგორი მოდელები. ეს პოროექტი ხომ ხალხისთვის კეთდება, უნდა ისიამოვნონ.

- თუ ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა რაღაც ვერ მოესწრო...

- კი, რომ გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ სცენაზე გასვლის წინ რომელიმე ვარსკვლავის კაბისთვის სიგრძის დამოკლება მოგვიხდეს, რადგანაც რაღაც აღარ მოეწონა და იქვე ვჭრით და ვკერავთ. ასეც ხდება, როგორც ჩანს, ვარსკვლავმა სხვა ხასიათზე გაიღვიძა, მაგრამ ამით მათ პრობლემა არ შეჰქმნიათ.

- დიდი ჯგუფი გყავთ?

- საკმაოდ. ჩვენ - მე და ზენკა ესკიზებს ვაკეთებთ, გვყავს კონსტრუქტორი, ლეილა ენუქიძე, რომელიც აკადემიაში კონსტრუირებას ასწავლის, ერთ-ერთი უძლიერესი სპეციალისტია. შერწყმულები ვმუშაობთ, დიდი ახსნა არ გვჭირდება. ასე რომ, ძალიან მაგარი გუნდი გვყავს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება