"ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ"

"ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ"

თუ გსურთ გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა, მიაღწიოთ წარმატებას კარიერასა და პირად ცხოვრებაში, თუ სიყვარულში არ გაგიმართლათ და გულის გადაშლას ვერავისთან ახერხებთ ან ბედნიერი ხართ და გსურთ, საკუთარი განწყობა სხვებსაც გაუზიაროთ, გახსოვდეთ, რომ "პალიტრა ტვ"-ის ეთერში "1002 ღამე" თქვენთვის დაიწყო. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს, საღამოს 22 საათსა და 30 წუთზე შეაჩერეთ არჩევანი "პალიტრა ტვ"-ზე, გახდით გადაცემის სტუმარი და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, მიღწევები, შეცდომები სხვა ადამიანებს. გადაცემის წამყვანები: გია ჯაჯანიძე, მაკა შალიკაშვილი და ნატალია ტყეშელაშვილი თქვენ გელოდებიან.

გია ჯაჯანიძე:

- ამ გადაცემაში იქნება ლა­პარაკი სიყვარულზე, ღალატზე, მეგობრობაზე, სექსზე... მოკლედ, ყველაფერ ადამიანურსა და არაადამიანურზე.

- არაადამიანურზეც?

- სად გადის ზღვარი ადამიანობასა და არაადამიანობას შორის, ვერ დავადგინეთ. არ დარჩება თემა, რომელსაც არ შევეხებით.

- პირველი გადაცემის თემად "მადლიერება" რატომ შეარჩიეთ?

- ნამდვილ ამბავს მოგიყვები, რამაც ამ თემისკენ მიბიძგა: ერთი ქალბატონი მიყვებოდა, - ჩემს ეზოში ხშირად მოდიოდა ბიჭი, რომელიც ბოთლებს აგროვებდა და აბარებდა. მე მას ვეხმარებოდი, მეზობლებთან შევდიოდი, ბოთლები გამომქონდა და მისთვის ვინახავდი. შეძლებისდაგვარად, ფულსაც ვჩუქნიდი. მერე ის ბიჭი მოულოდნელად გაუჩინარდა, ბოთლების წასაღებად აღარ მოვიდა... ამ ამბიდან დაახლოებით 20 წლის შემდეგ, კარზე ზარის ხმა გაისმა. გავაღე და ჩემ წინ ვიღაც კაცი, პატარა ბავშვთან ერთად იდგა. ვიფიქრე, მოწყალებას ითხოვს-მეთქი და ფულის გამოტანას ვაპირებდი, რომ შემაჩერა. მკითხა, - ვერ მიცანითო? - ვერა-მეთქი. - თქვენ ხართ ქალბატონი, რომელმაც მე გადამარჩინეთ და მადლიერების ნიშნად, ჩემგან ეს (ხელში ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი ეჭირა) სახსოვრად გქონდეთ. ეს ბავშვი კი ჩემი შვილია, მოვიყვანე, რათა თქვენთვის გამეცნოო... ამ ამბავმა ისე შემძრა, რომ გადაცემის თემად გამოვიყენე. პირადი გამოცდილებიდან გეტყვი, - ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ეს მადლიერების გრძნობის "დამსახურებაა". გაწეული სიკეთე არასდროს მავიწყდება. არ ვივიწყებ იმ ადამიანებს, ვინც სტუდენტობის წლებში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, დახმარების ხელი გამომიწოდა.

მაკა:

- ცუდიც მამახსოვრდება და კარგიც.

გია:

- ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრებაში ბოროტებაზე მეტი, სიკეთე მაქვს ნანახი. გამლანძღე, შეურაცხმყოფელი სიტყვები მითხარი, დამამცირე? - ეს შენი ემოციაა. ყველაზე მეტად მაშინ მტკივა, როცა უმადურობას იჩენენ.

- უმადურებთან როგორ იქცევი?

- სასტიკად. ჩადენილ შეცდომებზე აღარ მივუთითებ. ვშორდები ფრაზით: "ახია შენზე, რომ მიგატოვე"...

მაკა:

- დამრიგებლური ტონით ლაპარაკი არ მიყვარს. ჩვენ მაყურებელს საკუთარ შეხედულებებს გავუზიარებთ და მათ მოსაზრებებსაც მოვისმენთ. ეს არის გადაცემა, რომელსაც მაყურებელთან ერთად შევქმნით. გამიხარდა, გიამ პარტნიორად რომ ამირჩია. ჩვენ მეგობრები ვართ ეკრანზეც და ცხოვრებაშიც.

გიას ჯაჯანიძისა და მაკა შალიკაშვილის სატელევიზიო ტანდემი მაყურებლისთვის კარგად ცნობილია. მათთან ერთად "1002 ღამეს" ნატალია ტყეშელაშვილი წაიყვანს. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში სარეკლამო სამსახურს ხელმძღვანელობდა. ამჯერად კი წამყვანის ამპლუა მოირგო და ამბობს, რომ მისთვის უცხო, მაგრამ საინტერესო სამუშაოა.

ნატალია:

- გიასთან წლებია, ვმეგობრობ. "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი იყო, მე - სარეკლამო სამსახურის უფროსი. პირველად თათბირზე სიტყვით გამოსვლისას ვნახე. მანამდე ამ ადამიანს ყოველთვის არაორდინარულად ჩაცმულს ვხედავდი, ამ დღეს კი კლასიკურ სამოსში გამოწყობილმა, ისე სერიოზულად და დამაჯერებლად ილაპარაკა, კარგად დავაკვირდი: ხომ არ მეშლება, ნამდვილად ჯაჯანიძეა-მეთქი? მალე დავმეგობრდით. ერთ მშვენიერ დღეს კი მითხრა, - გადაცემის წაყვანას ვაპირებ და თანაწამყვანი ხომ არ იქნებიო? დავფრთხი, გადაცემის წამყვანობაზე არასდროს მიოცნებია. ვაცნობიერებ, რომ საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა ავიღე.

- პირველი გადაცემის მსვლელობისას ღელავდი?

- რა თქმა უნდა, ვღელავდი, მაგრამ გია და მაკა ძალიან დამეხმარნენ, გამბედაობა შემმატეს. განსაკუთრებით პირველი 5 წუთი ვღელავდი, მერე "დავლაგდი".

გია:

- მადლიერებაზე პირადი გამოცდილებიდან კიდევ ერთ ამბავს გავიხსენებ. ჩემი მომავლის შენებისას, ყველაზე დიდი და მყარი აგური სწორედ სხვისი უმადურობის შედეგად დავდე. წლების წინ ტელევიზიაში კონკურსი გამოაცხადეს. ერთი ბიჭი კონკურსანტებს შორის გამორჩეული იყო, მაგრამ არავინ ჰყავდა ისეთი, რომ მისთვის ხელი წაეკრა; დანარჩენები კი ხან ვის არეკვინებდნენ, ხან - ვის. ამ ბიჭს ყველაფერი გავუკეთე იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია და როცა ჩემი ძალისხმევის შედეგად მომზადებული პირველი გადაცემა ეთერში გავიდა, ისე მოხდა, არც კი დამირეკა. მისი "სიჩუმე" მაოგნებდა. ერთ დღესაც შემთხვევით, ქუჩაში დავინახე. მცირე მანძილი გვაშორებდა. ვიფიქრე, მეტყვის, - მაპატიე, რომ ვერ დაგირეკეო. მე უნდა მეთქვა: არა უშავს, დაბნეული იყავი და გეპატიება-მეთქი. ამ ფიქრებში ერთმანეთს მივუახლოვდით. დამიძახა: "პრივეტ" და გაიარა. იმ წუთში ძალიან უბედური ვიყავი. სახლისკენ გზას ფეხით გამოვუყევი და გონებაში დავწერე პროექტი - "საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელოვნება", რომელიც შემდეგ თეატრალურმა უნივერსიტეტმა დამიმტკიცა. შევიმუშავე პროგრამა, დავიცავი დისერტაცია და ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორი გავხდი. ეს ყველაფერი ერთი ადამიანის უმადურობამ შთამაგონა. ამ წარმატებების შემდეგ, დავიბარე ის ბიჭი და მადლობა გადავუხადე. ეს შეხვედრა ჩემთვის ზეიმი იყო, ის კი გაოგნებული მიყურებდა. დღესაც მისი მადლიერი ვარ.

- შემდეგი გადაცემის თემა რა იქნება, გაგვიმხელთ?

- ეს პროექტი ორიგინალური იმითაც არის, რომ ტელევიზია მაყურებელს თავს იმას ახვევს, რაც უნდა, ჩვენს შემთხვევაში კი ასე არ იქნება. მომდევნო გადაცემის თემას არასდროს ვაანონსებთ, მაგრამ თქვენი ჟურნალის მკითხველს გავუმხელთ: "1002 ღამის" მეორე გადაცემის თემა იქნება, "რა სურს მაყურებელს?"

- შეგიძლიათ, ამ კითხვაზე თავად მიპასუხოთ?

- ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს იყოს წარმატებული პირად ცხოვრებაში, კარიერაში; ბევრს ნევროზული პრობლემები აქვს. არსებობენ გოგონები, რომლებსაც ძალიან უნდათ გათხოვება და ბიჭები, რომლებიც დაოჯახებაზე ოცნებობენ, მაგრამ დაკომპლექსებულები არიან, უჭირთ სიყვარულის გამხელა და ა.შ. ჩვენი ეთერი ყველასთვის ღიაა. მაყურებლის ზარებს ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მაკა და ნატალია ხუმრობით, "მასწავლებელს" მეძახიან, არ მიყვარს, როცა ვინმეს რამეს ვასწავლი. ადამიანების 90% სირთულეს თავად იქმნის. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოვდივარ. ეს ძალიან შრომატევადი საქმეა. როცა ვიღლები, ვწვალობ, კუნთები მკტივა და საკუთარ თავს ვეკითხები, - შემოთავაზებას რატომ დავთანხმდი? ალბათ მინდოდა და ეს გადაწყვეტილება მარტივად ამიტომაც მივიღე. ჰოდა, შეიძლება, ჩემი არ იყოს, გოგონებმა მომავალში თავში ხელი შემოირტყან, - ჯაჯანიძესთან რა გვინდოდაო? მაგრამ გვიანი იქნება. რა ვქნა, საქმის კეთებისას მკაცრი ვარ.

- მათგან რას ითხოვ?

- პუნქტუალობას, თემაზე მუშაობას; ვითხოვ, ყოველთვის მოვლილები და მოწესრიგებულები იყვნენ. პირველი გადაცემისას ისე ვღელავდი, როგორც არასდროს. ნატალიას, მაკას მაგივრადაც მე ვღელავდი, მაგრამ შედეგი მივიღეთ. ღელვა მომავალ გადაცემაში აღარ იქნება.

მაკა:

- მაყურებელს უნდა შოუ. ვიზუალური ეფექტის გარეშე, მხოლოდ შინაარსიანი ლაპარაკით მათ ვერ მიიზიდავ. გია აქ გვყავს და ისიც, მოწოდების სიმაღლეზეა. მახსოვს, ერთხელ თავზე გველი დაისვა. მეგონა, არ ეშინოდა. არადა, ცოტა ხანში, გადატანილი შიშისგან თავზე გამონაყარი გაუჩნდა. ის ბევრ რამეს აკეთებს საიმისოდ, რომ კარგი შოუ დადგას. ჰოდა, მე და ნატალიაც ავყვებით. ჩვენი ეთერი ცოტათი თეატრალიზებულიც იქნება.

- მაყურებელს სიურპრიზებით გაანებივრებთ?

გია:

- რა თქმა უნდა! თითქმის ყველა ტელევიზიაში არის გადაცემა კულინარიაზე. ეს კარგია, მაგრამ როცა იცი, რომ შენი მაყურებლებიდან ვიღაც მშიერია, შენ კი მას ძვირად ღირებული კერძების მომზადებას ასწავლი, ამით ხალხს ანევროზებ.

- თქვენ რას შესთავაზებთ მათ?

- ჩვენ ვურჩევთ, სახლის პირობებში როგორ მოუარონ თავს, როგორ იკვებონ ჯანსაღად...

- პირველი მაყურებელი, რომელიც დაგიკავშირდათ, დააჯილდოეთ...

- მინდა, ეს ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდეს. და კიდევ, სტუდია ჩემი ნახატებით გაფორმდება.

- მაკა და ნატალია, ფსიქოლოგ მეგობარს რჩევებს ხშირად ეკითხებით?

მაკა:

- რა თქმა უნდა! მეგობრობა ახალი დაწყებული გვქონდა, როცა გიასთან ძალიან ანერვიულებული მოვედი და ჩემს პრობლემებზე ველაპარაკე, - შეურაცხყოფა მომაყენეს, ძალიან ცუდად ვარ და რა გავაკეთო-მეთქი? მეგონა, გეგმის დასახვაში დამეხმარებოდა. მან კი შემომთავაზა, წავსულიყავი და ბოდიში თავად მომეხადა. დამნაშავე არ ვიყავი და ამის გაკეთება გამიჭირდა, მაგრამ შევძელი. მერე მივხვდი, როგორ ავმაღლდი.

ნატალია:

- გია ჩემი უახლოესი მეგობარია. ჩემს ამბებს გულწრფელად, დაუფარავად ვუყვები. მისი რჩევა არაერთხელ გამითვალისწინებია და გამომდგომია.

- გია, პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობაზე რომ დათანხმდი, ნანობ?

- არა, მხოლოდ იმაზე ვნერვიულობ, პარტნიორი - ანი ჯაჯანიძე ჩემ გამო არ დაიჩაგროს. ჯაჯანიძეები რომ დაგვაწყვილეს, ეს მათი მარკეტინგული გათვლაა. ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით. წინა სეზონებზეც რომ გამოდიოდა, ხალხი მეკითხებოდა, - შენი ვინ არისო? მოკლედ ვპასუხობდი: ჩემი შვილია-მეთქი.

- წარმატებებს გისურვებთ! დიდი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენმა გადაცემამ პოლიტიკურ შოუებს კონკურენცია გაუწიოს.

- ეს ერთგვარი გამოწვევაა. ამ დროს სხვა ეთერებში პოლიტიკური შოუები გადის, მაგრამ არ გვეშინია. ჩვენ გვეყოლება ერთგული მაყურებელი და ჩვენ მათ პოლიტიკისგან დავასვენებთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები