როგორ მოვიქცეთ კბილის ამოღებამდე და შემდეგ

როგორ მოვიქცეთ კბილის ამოღებამდე და შემდეგ

(რუბრიკას უძღვება ექიმი ნინო ჩარგეიშვილი)

დაავადებული კბილის ამოღება ქირურგიული ოპერაციაა და ზოგჯერ - საკმაოდ რთულიც. ამიტომ, პაციენტმა ზუსტად უნდა იცოდეს, თუ რა იკრძალება და რა არის დასაშვები კბილის ამოღებამდე და ამოღების შემდეგ.

კბილის ამოღება არ შეიძლება:

ინფექციებისა და მწვავე დაავადებების (ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთება, გრიპი, ანგინა, ჰერპესი, პნევმონია და სხვა) დროს;

მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან პირველი 2 თვის განმავლობაში;

არტერიული წნევის მკვეთრი მატების შემთხვევაში;

- ორსულობის I-II და VIII-IX თვეებში.

ვიდრე კბილს ამოიღებთ, ექიმი აუცილებლად გააფრთხილეთ:

თუ ოდესმე, კბილის ამოღების დროს, რაიმე გართულება გქონდათ;

თუ ნოვოკაინის, ანტიბიოტიკების, იოდის ან სხვა პრეპარატების მიმართ ალერგია გაქვთ;

თუ გაქვთ რაიმე ქრონიკული დაავადება - ჰიპერტენზია (მაღალი წნევა) ან გულის იშემიური დაავადება, სტენოკარდიის ხშირი შეტევა, დიაბეტი, ეპილეფსია, ჰემოფილია და სხვა.

კბილის ამოღება უმჯობესია დღის პირველ ნახევარში. ამ პროცესამდე 2-3 საათით ადრე, დანაყრება აუცილებელია, რადგან ჯერ ერთი, ოპერაციის შემდგე, რამდენიმე საათის განმავლობაში, საკვების მიღება იკრძალება და მეორეც, მშიერ ადამიანს გამოეყოფა ბევრი ნერწყვი, რაც ექიმს კბილის ამოღებისას ხელს შეუშლის.

კბილის ამოღების შემდეგ პაციენტმა შემდეგი წესები უნდა დაიცვას:

15-20 წუთის მერე ენით გამოაგდოს ექიმის მიერ ჭრილობაზე დადებული მარლის ტამპონი;

არ აწვალოს ჭრილობა ენით, თითით ან რაიმე საგნით, რათა არ შეიტანოს ინფექცია და დაარღვიოს სისხლის კოლტი, რომელიც საცობის მსგავსად, ჭრილობას ფარავს;

საკვები მიიღოს მხოლოდ 3-4 საათის შემდეგ, თან ღეჭოს ამოღებული კბილის საწინააღმდეგო მხარეს. პირველ დღეებში ერიდოს ცხელი და მაგარი საკვების მიღებას.

მეორე დღეს, პაციენტს შეუძლია გაიკეთოს სავლები მანგანუმის პერმანგანანტის (ე.წ. "მარგანცოვკა") ღია ვარდისფერი ხსნარით ან გადადუღებული თბილი წყლით.

ამოღებული კბილის ფოსოდან სისხლდენის თავიდან აცილების მიზნით, იკრძალება:

კბილის ამოღების დღეს ცხელი და მაგარი საკვების მიღება;

მძიმე ფიზიკური სამუშაოს შესრულება და სპორტით დატვირთვა;

ამოღებული კბილის მხარეს წოლა;

უახლოეს 2-3 დღეს აბანოსა თუ საუნაში წასვლა, აბაზანისა და ცხელი შხაპის მიღება;

მზეზე წოლა.

ზოგჯერ, კბილის ამოღებიდან რამდენიმე საათში შეიძლება, კბილის ფოსოდან ზომიერი სისხლდენა დაიწყოს, ჩვეულებრივ, ეს ხდება საღამოს ან ღამით, ძილში. ამის მიზეზი ხშირად, პაციენტის მიერ ექიმის რეკომენდაციების შეუსრულებლობაა, კერძოდ, უხეში და ძალიან ცხელი საკვების მიღება, პირის ღრუში სავლების ინტენსიური გამოვლება და სხვა.

როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, თუ სისხლდენა დაეწყო?

პირველ რიგში, არ უნდა შეშინდეთ. აიღეთ სტერილური ბამბა ან ბინტი, გააკეთეთ მომცრო ზომის მჭიდრო ტამპონი და დაასველეთ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარში. შემდეგ, სისხლის კოლტები ძალდატანების გარეშე გადმოაფურთხეთ, დამზადებული ტამპონი ამოღებული კბილის ფოსოზე დაიდეთ, პირი დახურეთ და ასე დაყავით 30-40 წუთის განმავლობაში. იმის შესამოწმებლად, შეჩერდა თუ არა სისხლდენა, გადმოაფურთხეთ ნერწყვი ისე, რომ კბილები ერთმანეთს არ დააშოროთ. მასში სისხლის კვალის არარსებობა ან ძალიან მცირე რაოდენობით არსებობა, სისხლდენის შეჩერებაზე მეტყველებს. მაგრამ თუ ამ მეთოდით სისხლდენის შეჩერება დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში ვერ მოხერხდა, მაშინ ექიმს მიმართეთ.

ზოგჯერ, კბილის ამოღების შემდეგ ფოსოში ძლიერი ტკივილი იგრძნობა ხოლმე. ამის მიზეზი შეიძლება, ჭრილობაში ინფექციის მოხვედრა და ანთების განვითარება გახდეს. ამ შემთხვევაში, უნდა მოამზადოთ საჭმელი სოდის ხსნარი (1/2 ჩ/კ სოდა ჩაყარეთ ოთახის ტემპერატურის მქონე 2 ჩ/ჭ წყალში) და გამოივლეთ პირის ღრუში, ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. სოდის ნაცვლად, შეგიძლიათ მარილის ან მანგანუმის პერმანგანატის ღიავარდისფერი ხსნარის გამოყენება.

თუ არავითარ გართულებას არ აქვს ადგილი, მაშინ ჭრილობა სრულად 2-3 კვირაში შეხორცდება.

ჟურნალი გზა

#11 12.03.2009

"იმედი გვაქვს, ზაფხულისთვის გეგმას არა მხოლოდ დავეწევით, არამედ გავასწრებთ" - პაატა იმნაძე ვაქცინაციაზე

"რატომ მომატყუა ბიძინამ 2012 წელს ასე მწარედ? კინაღამ დავკალით ერთმანეთი მე და ნიკამ... ამას არ ვაპატიებ" - ანზორ მელია

"საბოლოოდ მივიღე გადაწყვეტილება..." - გურამ კაშია თბილისის "ლოკომოტივის" ფეხბურთელი გახდა