გიორგი მარგველაშვილი - აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები

გიორგი მარგველაშვილი - აღდგენითი სამუშაოების დაწყებამდე უნდა გაირკვეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, სანამ დარიალის ხეობაში აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, უნდა მოხდეს დაზვერვა, არსებობს თუ არა კვლავ მეწყერის კერები. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგების ადგილზე გაცნობის შემდეგ გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტმა სამაშველო სამსახურისგან ინფორმაცია მოისმინა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, თვითმხილველებსაც გაესაუბრა, რომელთაგან მიიღო ინფორმაცია, რომ მეწყერმა 5-6 მანქანა მოიყოლა.

პრეზიდენტის თქმით, ეს ადამიანები ავტომობილების მძღოლები, დაკარგულებად ითვლებიან.

"მძიმე და რთული ვითარებაა. თვითმხილველებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ 5 თუ 6 მანქანა იყო ადგილზე. ეს ნიშნავს იმას, რომ 5 ან 6 მძღოლია დაკარგული. თუ, რა თქმა უნდა, მათ თან არ ახლდათ სხვა მგზავრები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად", - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ გზის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია დაზიანებული.

"ასეთი შემთხვევა მოხდა 2007 წელს. თუმცა, როგორც მახსოვს, მაშინ ჩამოწოლილი მეწყრის მონაკვეთი ნაკლები იყო. შესაბამისად, აღნიშნულ პრობლემას სჭირდება ძალიან სერიოზული ძალისხმევა, რადგან გზის ეს მონაკვეთი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია დადგინდეს, არსებობს თუ არა კვლავ მეწყრის საშიშროება, პრეზიდენტის განცხადებით, სანამ აღდგენითი სამუშაოები დაიწყება, უნდა მოხდეს დაზვერვა, არსებობს თუ არა კვლავ მეწყრის კერები.

პრეზიდენტის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანაა ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვა.

"მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ გადავარჩინოთ დაკარგული ადამიანების სიცოცხლე. ასევე უნდა მოხდეს სტიქიური პრობლემების ლიკვიდაცია, რაც არსებობს საბაჟომდე. ამაზე ძალიან ორგანიზებულად მუშაობს მთავრობა, მობილიზებულია მთავრობის ყველა შესაბამისი სამსახური", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება სომხეთისკენ მიმავალ გაზის მილსადენს, პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ქართული მხარე მზად არის, დახმარება გაუწიოს სომხეთს აღდგენითი სამუშაოების მხრივ, თუკი ამის საჭიროება გაჩნდება.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილის ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ხაზებთან მიმართებაში სტიქიას რაიმე დესტაბილიზაცია, არ გამოუწვევია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა