ნინო ქათამაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნინო ქათამაძე საქველმოქმედო კონცერტს გამართავს

ნინო ქათამაძე საქველმოქმედო კონცერტს - "ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს" გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს , საქველმოქმედო გალა კონცერტი - "ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს" 5 ივნისს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "უჩინარი ბავშვებისთვის" გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე და "ინსაითი", ნიკოლოზ რაჭველი, ევგენი მიქელაძის სახელობის ორკესტრი და "ჯორჯიან ბრასი".

შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება საქველმოქმედო ორგანიზაციაში - "პირველი ნაბიჯი საქართველო", რომელიც ნინო ქადაგიძე-ჟვანიას მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა და უკვე 15 წელიწადზე მეტია ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა გადარჩენას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.

კონცერტი ეძღვნება "შინ მოვლის" პროგრამას, რომელსაც "პირველი ნაბიჯი საქართველო" ახორციელებს და ამ პროგრამის ფარგლებში ემსახურება 60 ბენეფიციარს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

"პროგრამა "შინ მოვლა" ემსახურება მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვებს. დაარსების დღიდან მოყოლებული ჩვენ 114 ბენეფიციარს მოვემსახურეთ. აქედან 21 ბავშვი ჩვენი სპეციალისტების დაუღალავი და ეფექტური შრომის შედეგად უკვე სწავლობს საჯარო სკოლაში, დღის ცენტრსა და საბავშვო ბაღში. ამ ბავშვებს ხშირად "უჩინარ ბავშვებს" ვეძახით, რადგან ისინი ძირითადად საზოგადოებისაგან იზოლირებულად ცხოვრობენ და სახლებიდან ვერ გამოდიან. უმეტეს შემთხვევაში ასეთი ბავშვები დედისამარა არიან დარჩენილი და გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ხშირად ისინი საზოგადოებისაგან უარყოფილნი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გარკვეულ საკითხებში გვეხმარება, "შინ მოვლის" პროგრამისთვის მუდმივად გვიწევს ფინანსების მოძიება. ამ პროგრამაში 60 ბენეფიციარი გვყავს, რომელთა მიტოვება მათი გაწირვის ტოლფასი იქნება, რადგან მშობლებს რეალურად უჭირთ მათი მოვლა, როგორც ფიზიკურად და მატერიალურად, ასევე მორალურად. ზუსტად ამ ფინანსური კრიზისის დროს, ჩვენ გვერდით დაგვიდგა ნინო ქათამაძე, რომელმაც გამოთქვა დიდი სურვილი და მზადყოფნა, რომ თავისი სოლო კონცერტი ეჩუქებინა ბავშვებისთვის. რაც უდიდესი თანადგომაა ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისათვის", - აცხდებს ნინო ქადაგიძე-ჟვანია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია