განქორწინება და მხარეების უფლება-მოვალეობები

განქორწინება და მხარეების უფლება-მოვალეობები

რა უნდა ვიცოდეთ განქორწინების შემთხვევაში, როგორ მოვაგვაროთ მხარეებს შორის არსებული დავა. ქორწინების ბათილად ცნობის სამართლებრივ მხარეზე, თქვენს შეკითხვებს ადვოკატი კონსტანტინე გელაშვილი პასუხობს.

სალო:

თქვენ როგორც იურისტი, როგორ აფასებთ ქორწინებას კონტრაქტით და რას გულისხმობს ეს ხელშეკრულება?

-საქორწილო ხელშეკრულება იდება ძირითადად ქონებრივ საკითხებზე და ითვალისწინებს განქორწინების შემთხვევაში ქონების გაყოფის განსხვავებულ პირობებს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ნორმების დაცვით.

სამოქალაქო კოდექსი ქონებას ყოფს თანაბარ ნაწილად მეუღლეებს შორის და ამ ქონებაში იგულისხმება თანასაკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ნივთი. შესაძლებელია სასამართლომ გადაუხვიოს თანასწორობის პრინციპს, იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის ინტერესი ითვალისწინებს. შესაძლებელია მიაკუთვნოს დედას, რომელთანაც შვილის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება დედის საცხოვრებელი ადგილი. ანუ 60% მიაკუთვნოს დედას, 40 % მამას.

საქორწილო კონტრაქტი ამ ყველაფერს არეგულირებს სხვანაირად, ისე, როგორც მხარეებს უნდათ. შეიძლება ეს ითვალისწინებდეს იმას, რომ საერთოდ არ გაიყოფა მათი ქონება. მოგეხსენებათ, ქორწინებამდე შეძენილი ქონება შეიძლება გახდეს თანასაკუთრება. შეიძლება საერთოდ არ მივაკუთვნოთ მეუღლეს პირადი ქონება, ან მივაკუთვნო უფრო მეტი, ვიდრე კანონი ითვალისწინებს. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქონებასთან დაკავშირებული გარიგება, რომელიც აუცილებლად უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით და ძალაშია ქორწინების განმავლობაში.

2) დაფიქსირდა თუ არა საქართველოში კონტრაქტით დაქორწინებულების განქორწინების საქმე?

-მე არ მაქვს ამის ინფორმაცია, თუმცა კონტრაქტის გაფორმების ფაქტები არის, მეც მაქვს ასეთი რამდენიმე დოკუმენტი შედგენილი. როგორც ასეთი, რომ მისი გამოყენება საჭირო გახდა, ჩემი ინფორმაციით ჯერჯერობით არ არის. ეს უფრო რეზონანსული იქნებოდა და ცნობილი გახდებოდა. რადგან ძალიან იშვიათი კატეგორიის დავა იქნებოდა, ამ საკითხზე თუ წარმოიშვებოდა დავა. ჯერჯერობით იმ კონტრაქტებზე, რომლებიც გაფორმებული გვაქვს დავა არ დაწყებულა.

ნანა:

ითვლება თუ არა ჯვრისწერის მოწმობა კანონიერ საბუთად განქორწინების შემთხვევაში, ქონების გაყოფის დროს?

-არა. სამწუხაროდ ჯვრისწერის მოწმობა ეს არის ღვთის წინაშე ორი ადამიანის კავშირი. რომელიც სამოქალაქო კანონმდებლობით არ რეგულირდება. აბსოლიტურად სხვა სფეროა. ჯვრისწერის მოწმობა არ წარმოშობს სამართლებრივ უფლებამოვალეობებს. ასე რომ, ეს დოკუმენტი არის არასამოქალაქო ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მაია:

ალიმენტის გადაუხდელობის მიზეზად, მამა ასახელებს უმუშევრობას, მას არ აქვს ფიქსირებული სამსახური. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ მივმართეთ აღმასრულებელს, ალიმენტი ჯერაც არ გადაუხდია. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

-ეს საკმაოდ პრობლემატური საკითხია და სამწუხაროდ, თვითონ ოდენობა ამ ალიმენტისა და მისი ამოღების მექანიზმი ჯერჯერობით კიდევ დასახვეწია, იმიტომ, რომ მიზეზი იმისა, რომ არ მუშაობს ალიმენტის გადამხდელი პირი, მამა ამ შემთხვევაში, მას სამუშაო არ აქვს ძალიან ხშირად მუსირებს, როდესაც ბავშვის დედა ითხოვს ალიმენტს და მექანიზმი იმისა, რომ ამოვიღოთ ეს თანხა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ფიქსირდება მისი შემოსავალი სადმე. ბუნებრივია, ადამიანს, რომელიც ცხოვრობს, აგრძელებს ცხოვრებას, აქვს შემოსავალი და სავარაუდოდ ამ შემოსავლების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. სამწუხაროდ ბოლომდე დარეგულირებული არ არის ვის რა შემოსავლის წყარო აქვს და როგორ. შესაბამისად სააღსრულებლო ბიუროსთვის რთულია დაამტკიცოს, რომ კონკრეტული პირი ნამდვილად მუშაობს და აქვს შემოსავალი მიუხედავად იმისა, იხდის თუ არა საშემოსავლო გადასახადს. ერთადერთი საშველი არის იძულების ღონისძიება, რომლიც არის გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსში. ალიმენტის გადახდაზე ჯიუტად თავის არიდება შეიძლება გამოიყენოს დაინტერესებულმა პირმა, მშობლის მოვალეობის შეუსრულებლობის სამართლებრივი ბერკეტი და სამართლებრივი ზეწოლა განახორციელონ. მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ხშირად არ მუშაობს ეს ფაქტორი. კარგი იქნება თუ იქნება შესაძლებლობა ფაქტზე გამოჭერის, რომ პირი მუშაობს. იმიტომ, რომ რეალურად ცხოვრებას ყველა ვაგრძელებთ, რაღაც შემოსავლები ნამდვილად არსებობს. ცუდი მორალური ფაქტორია, როდესაც მამა ამას არ აკეთებს. აქ პასუხიმგებლობის საკითხია, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ფაქტები ძალინ ბევრია.

2) მაინტერესებს, არსებობს, თუ არა რაიმე კანონი, რომ თუ მამის სახელზე არ არის სახლი გაფორმებული, მოვითხოვო საცხოვრებელი ფართი, რამდენად მეხმარება მე კანონი დავიცვა ჩემი უფლებები, როდესაც განქორწინების შემთხვევაში მცირეწლოვან შვილთან ერთად ვრჩები თავშესაფრის გარეშე.

-არ არის დაცული ეს უფლებები. ზოგადად სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს საკუთრების უფლებას, რაც არის ხელშეუხებელი და ნებისმიერ პირს აქვს უფლება ქონდეს გარკვეული უფლება საკუთრებაზე. ქონება შეიძლება გაიყოს, გარკვეული პრეტენზიები იქნას წამოყენებული ამ ქონებაზე თუ ის არის ქორწინების განმავლობაში შეძენილი. ან არის ნაჩუქრობის, მემკვიდრეობის ხელშეკრულბიდან გამომდინარე. პრეტენზია ამ ქონებაზე მეუღლეს შეძლია დააყენოს მხოლოდ იმ იმ შემთხვევაში, თუ ამის საფუძველი არსებობს.

გიორგი:

ვის უნდა მივმართოთ განქორწინების რეგისტრაციისთვის და რა საბუთებია საჭირო?

-განქორწინება ხდება ორი წესით. როდესაც მეუღლეები არიან თანახმა განქორწინებაზე - ამ შემთხვევაში მათ შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლს და შეადგენენ ერთობლივ განცხადებას და დაჩქარების გარეშე განცხადებას აკმაყოფილებს სამოქალაქო რეესტრი, - 6 დღის ვადაში, ასევე არის მცირე გადასახადი, ხოლო თუ არის დავა, მაგალითად ერთ-ერთ მხარეს არა აქვს თანხმობა განქორწინებაზე, და არ უნდა ან ცდილობს შერიგდეს, ამ შემთხვევაში, განქორწინების მსურველი მეუღლე მიმართავს სასამართლოს, სადაც უკვე სასამართლო წარმოებით განიხილება ეს საკითხი. მოსამართლეს შეუძლია ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შერიგების ვადაც დაადგინოს, რომელიც 6 თვეს არ აღემატება. და თუ ამ შემთხვევაში შერიგება მაინც ვერ მოხერხდა, სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას განქორწინების შესახებ. პარალელურად განიხილება სხვა საკითხებიც. იგივე, ალიმენტის საკითხი, ქონების გაყოფის საკითხი, და ბავშვების ნახვის შესაძლებლობები. რაც შეეხება საბუთებს, ეს არის ქორწინების მოწმობა და პირადობის მოწმობები იუსტიციის სახლისთვის. სასამართლოშიც პრინციპში იგივე და ასევე ფაქტობრივი გარემოებების აღწერა, თუ რატომ მიდიან ამ გადაწყვეტილებამდე.

ლალი:

ოთხი წლის წინ გავშორდი მეუღლეს, სასამართლო წესით, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილების გარდა სხვა საბუთი არ მაქვს, ვითვლები თუ არა განქორწინებულად ყოფილ მეუღლესთან?

-არა, არ ითვლებით განქორწინებულად, რადგან კანონმდებლობით დადგენილია ხანდაზმულობის ვადები. ამ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება არ დარეგისტრირდა იუსტიციის სახლში, სამი წლის ვადაში, იმისთვის, რომ განქორწინების მოწმობა აიღოთ, ეს გადაწყვეტილება კარგავს ძალას. უფრო კონკრეტულად, ამ ვადის გასვლის შემდეგ ამ გადაწყვეტილების წარდგენას სარეგისტრაციო ორგანოში უსაფუძვლოა. შესაბამისად თქვენ დაგჭირდებათ თავიდან მიმართოთ სასამართლოს, თუ მეუღლე ისევ წინააღმდეგია განქორწინების და თავიდან იდაოთ ამ საკითხზე. ასე, რომ ჯობია დრო არ დაგეკარგათ.

2) რა პროცედურების გავლა მომიწევს განქორწინების ოფიციალურად გასაფორმებლად?

-არა აქვს მნიშვნელობა ეს სასამართლო წესით ხდება თუ არა, თუმცა სასამართლოს შემთხვევაში გაცილებით მეტი დროა საჭირო, ვიდრე იუსტიციის სახლში დარეგისტრირება. (იუსტიციის სახლში დაჩქარების გარეშე, ეს კეთდება 6 დღეში), ხოლო სასამართლო განხილვა იწვევს უფრო მეტი დროის დაკარგვას. ესაა, სარჩელის წარმოებაში მიღება, შესაგებლის წარმოდგენა, სხდომის დანიშვნა, მოსმენის მოსამზადებელი ეტაპები, მთავარი სხდომა და ა.შ. ასე, რომ ეს პროცედურები ითხოვს დაახლოებით 3 თვემდე ვადას და გარდა ამისა, ყოველივე ეს დამოკიდებულია მოსამართლის გრაფიკზეც. შემდგომში ასევე არსებობს გასაჩივრების ეტაპიც, რომელიც მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ, თუკი არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას. ხოლო როდესაც უკვე კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გადაწყვეტილება, შეუძლიათ მიმართონ იუსტიციის სახლს რეგისტრაციისთვის. რეგისტრაცია კი, იგივე თანხასა და ვადას საჭიროებს, რასაც სასამართლოს გარეშე განქორწინება.

გელა:

განქორწინება გვინდა. ქონების და ბავშვების გაყოფაზე შეთანხმებულები ვართ, ეს როგორ დავაფიქსიროთ ვის რა ქონება რჩება და ვინ იქნება ბავშვების მეურვე.ეს პრობლემა არაა, როგორ დავაფიქსიროთ ეს ყველაფერი იურიდიულად?

-ბავშვების მეურვეები არიან მშობლები. ისინი არიან ბავშვების კანონიერი წარმომადგენლები და სანამ ერთი მშობელი მაინც არის სახეზე, ბავშვს მეურვე არ დაენიშნება, თუ რა თქმა უნდა ეს მშობელი ქმედითუნარიანია და რაიმე ფიზიკური ნაკლის გამო არ შეუძლია განახორციელოს მშობლის მოვალეობა.

ქონების საკითხთან დაკავშირებითაც თუ რაიმე შეთანხმება აქვთ , შესაძლებელია იუსტიციის სახლში მოხდეს ქონების გაყოფა. გადაფორმება და გასხვისება. ბუნებრივია შეთანხმება შეიძლება შეთანხმებული იყოს ბავშვების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

გია:

თუ მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს და არაფერი სადაო არ გვაქვს, მაინც სასამართლოს გადაწყვეტილება გვჭირდება? თუ რეესტრში განცხადების შეტანაც კმარა?

-არ აქვს მნიშვნელობა მცირეწლოვანია ბავშვი, თუ არა. თუ ორივე მეუღლე არის თანახმა განქორწინებისთვის, ამ შემთხვევაში იუსტიციის სახლი აფორმებს ამ ყველაფერს ზედმეტი გართულების გარეშე. ყველაფერი დამოკიდებულია მშობლების ნებაზე. მაგრამ მცირეწლოვან ბავშვებთან დაკავშირებით სასამართლო განხილვის პროცედურა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც არის პრეტენზია ბავშვის მოვლის ან ალიმენტის გადახდასთან დაკავშირებით.

დათო:

მაინტერესებს ცოლთან გაყრა რომ მომინდეს სრულიად უმიზეზოდ,ცოლი კი უარზე იყოს, ჩემი ინტერესის განხორციელებას შევძლებ თუ ვერა?

-რა თქმა უნდა შეძლებს, მაგრამ არ მესმის, თუ მიზეზი არ აქვს გაუგებარია რატომ აკეთებს ამას.

ხშირ შემთხვევაში სასამართლო როდესაც საქმეს განიხილავს, შესაძლებელია დეტალებს ზედმეტად არ ჩაუღრმავდეს და საქმეს განიხილავს იმ მოცულობით რასაც წარადგენს მოსარჩელე დ მოპასუხე. იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით რაც მათ აქვთ წარმოდგენილი და ამას ვერ გასცდება სასამართლო. თუ ადამიანს არ აქვს სურვილი, რომ იყოს ქორწინებაში კონკრეტულ პირთან, ამას ვერავინ ვერ დააძალებს.

ლაშა:

განქორწინებას ჯერჯერობით არ ვაპირებთ, მაგრამ მინდა ბინა რომელიც გაფორმებულია ჩემზე, გადავუფორმო ცოლს, ან გავყო და ისე გადავაფორმო. როგორ ხდება მსგავსი საკითხების მოგვარება და რა თანხებთანაა დაკავშირებული?

-კანონი თვალისწინებს ქონების გაყოფას განქორწინების გარეშე. არაფერი განსაკუთრებული რთული პროცედურა ამაში არ არის. საჭირო იქნება კომპეტენტური პირების დახმარება, იგივე იურისტების. შეუძლია ჩვეულებრივ მიმართოს სარეგისტრაციო ორგანოს და გააფორმოს ჩუქების, ან ნასყიდობის ხელშეკრულება და ისე გადაუფორმოს თავის მეუღლეს.

ნინია:

ბინა მეუღლესთან ერთად ცხოვრების დროს შევიძინეთ, შვილები სრულწლოვანები არიან, მინდა ქონებაზე ყადაღის დადება, არა განქორწინება, აუცილებლად დამჭირდება ადვოკატი?

-ქონებაზე ყადაღის დადება უსაფუძვლოდ ვერ მოხდება. ყადაღას ადებს სასამართლო, შესაბამისი განჩინებით და ამ განჩინებას კიდევ უნდა ჰქონდეს საფუძველი, ან მომავალში აღსაძრავი სარჩელი, ან უკვე აღძრული სარჩელი იგივე ქონებასთან დაკავშირებით. ყადაღის ადვილად დადება ნამდვილად არ ხდება. ამ შემთხვევაში უნდა განიხილებოდეს სასამართლოში საკითხი, ქონების გაყოფასთან დაკავშირებით, ან თუ არსებობს რისკი, რომ მოწინააღმდეგე მხარე ქონებას გაასხვისებს. ადვოკატი კი ყოველთვის გჭირდებათ და საჭიროა მაშინაც კი, როდესაც თვლით, რომ არ გჭირდებათ.

ხათუნა:

როგორ ხდება სავალდებულო მამობის აღიარება. პროცედურა რას მოიცავს. ვთქვათ, ქალს სურს, რომ მამაკაცისგან შვილის აღიარებას მიაღწიოს. როგორ იწყება ეს პროცედურა, რა დოკუმენტები ან რა გარემოებებია ამისთვის საჭირო?

-გარემოება არის, როცა სახეზეა ჩვილი, რომელსაც მამა არ ცნობს და შვილად არ აღიარებს და ბავშვის დედა დარწმუნებულია, რომ კონკრეტული პირი არის მისი მამა. თუკი ასეთი ფაქტი გვაქვს, ამ შემთხვევაში სასამართლოს მეშვეობით ხდება საკითხის გარკვევა. ტარდება ექსპერტიზა "დნმ" -ის შესახებ, - გამოკვლევები იაფი არ არის, მაგრამ მამობის დადგენა ნამდვილად ხდება და შესაბამისად თუკი ექსპერტიზის დასკვნით სასამართლო მივა გადაწყვეტილებამდე, რომ კონკრეტული პირი არის ბავშვის მამა. მას უკვე დაეკისრება ჩვეულებრივ ის ყველა უფლება-მოვალეობა შვილის მიმართ, რაც დანარჩენ მამებს გააჩნიათ რომლებსაც შვილი თავის დროზე ჰყავთ ნაღიარები.

ლალი:

თუ წყვილს ჰყავს საერთო შვილი, მაგრამ არ არიან კანონიერ ქორწინებაში, ასეთ შემთხვევაში როგორ ხდება შვილისთვის მემკვიდრეობის გადანაწილება? (ბავშვი მამის გვარზეა).

-ჩვეულებრივად. არ არის აუცილებელი, ქორწინებაში მშობლების ყოფნა იმისთვის, რომ შვილებმა მემკვიდრეობა მიიღონ. მემკვიდრეობას კანონი ითვალისწინებს ორი სახით. კანონისმიერი და ანდერძისმიერი. თუ მშობლებს აქვთ სურვილი ანდერძით გააფორმონ მემკვიდრეობა, არანაირი შეზღუდვა არ არის. დაბადების მოწმობა არის დოკუმენტი, რომელიც ადგენს მემკვიდრის ფაქტორს, რომ კონკრეტული პირი არის სხვა კონკრეტული პირის მემკვიდრე, შესაბამისად დაბადების მოწმობაში მითითებულია მისი მშობლების ვინაობა და თუკი სახეზე გვაქვს ბაბუას, პაპის მემკვიდრეობის საკითხი, შემდგომში მამის დაბადების მოწმობა, რომ ეს მთელი ჯაჭვი შეიკრას. სულაც არ სჭირდება ამას ქორწინება და სხვა ფაქტორი.

2) აქვს თუ არა ჯვრისწერის მოწმობას იურიდიული ძალა?

-არა. იურიდიული ძალა არ აქვს. ჯვრისწერის მოწმობა ეს არის ღვთისწინაშე ორი ადამიანის კავშირი. ამ კავშირის დამამამოწმებელი მოწმობა. ამ მოწმობის არსებობით არც ქონებრივი, არც შვილების მიმართ უფლებამოვალეობების საკითხი არ რეგულირდება, ეს რეგულირდება კანონმდებლობით.

ჯვრისწერის მოწმობით მორალური ფაქტორებით თანხმდებიან მეუღლეები, შექმნან ოჯახი, აღზარდონ შვილები და ასე შემდეგ.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას