ახალაიას ადვოკატი - ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული

ახალაიას ადვოკატი - ნუ მაიძულებს გურამ გირგვლიანი დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში აქვს აღებული

დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი სანდრო გირგვლიანის მამას, გურამ გირგვლიანს ცილისწამებაში ადანაშაულებს და პირდება, რომ ამიერიდან საკუთარ "აღვირახსნილ ქმედებებზე" ადეკვატურ რეაქციას მიიღებს.

"მოვუწოდებ ბატონ გურამ გირგვლიანს, შეწყვიტოს "ზრუნვა" ჩემს ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და მიხედოს საკუთარ ალკოჰოლდამოკიდებულებას!

ნუ მაიძულებს შეურაცხყოფისა და ცილისწამებისათვის ვუჩივლო სასამართლოში და კასრზე დავაწყობინო ის ფულები, რაც მისი შვილის მკვლელობის საქმეში საკომპენსაციოდ აქვს აღებული!

გარდა აღნიშნულისა, ბატონი გურამ გირგვლიანი პრესით ავრცელებს ცრუ ინფორმაციებს, თითქოს წინა წლებში ვიყავი გასამართლებული და ვიხდიდი სასჯელს.

ეს ისეთივე სიმართლეა, როგორიც ის, რომ კუდ-ის თანამშრომლებმა აწამეს და მოკლეს მისი შვილი!

ამიერიდან, გურამ გირგვლიანი ჩემგან მიიღებს ადეკვატურ რეაქციას საკუთარ აღვირახსნილ ქმედებებზე!", - წერს ზაქარეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

ადვოკატი გურამ გირგვლიანის პრესკონფერენციასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ გირგვლიანის მთავარი ინტერესი საქმის რეალური გარემოებების მიჩუმათება და ახალაიების დასჯაა.

"როგორც ბატონი გურამ გირგვლიანის პრესკონფერენციით ირკვევა, მისთვის ცნობილია, რომ სანდრო გირგვლიანის სიკვდილის გარემოებებზე პროკურატურის მიერ საქმე ცალკეა გამოყოფილი, ხოლო მისთვის ამჟამად მთავარ ინტერესს წარმოადგენს - სასამართლოში განხილვადი საქმეები სუფრის წევრებთან დაკავშირებით.

ამ განცხადებით ბატონი გურამი თავად აღიარებს, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები დადგენილი არ არის და სწორედ ამაშია საქმე, რომ მთავარი ინტერესი არის ახალაიების დასჯა, ხოლო რეალურად რა მოხდა და ვინ აწამა მისი შვილი - ამ საკითხის გარკვევა უკანა პლანზეა გადაწეული.

ვაცხადებ, რომ სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებები საკმაოდ არის გარკვეული: თუკი გასაჯაროვდება ოქროყანის ეპიზოდი და საქმის სამედიცინო მოცემულობა - ნათელი გახდება, რომ კუდ-ის თანამშრომლებს სანდრო გირგვლიანი არც მოუკლავთ და არც უწამებიათ.

სამწუხარო და გასაკვირია, რომ საქმის რეალური გარემოებების მიჩუმათების ინტერესი პროკურატურასთან ერთად, გურამ გირგვლიანის განზრახვაშიც იკვეთება.

რაც შეეხება ე.წ. "შარდენის სუფრის წევრების" კავშირს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ვახდენ ციტირებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: (პარაგრაფი 289, გვერდი 73)

"რაც შეეხება მომჩივანთა განცხადებას, რომ მათი შვილი კაფე "შარდენში" შეკრებილი შსს-ს მაღალჩინოსნების - ბოროტმოქმედთა უფროსების ბრძანებით მოკლეს, (იხ. პარაგრაფი 283) - სასამართლოს მის ხელთ არსებული მასალების ჯეროვნად შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებითი საფძველი იმისათვის, რომ "გონივრულ ეჭვს მიღმა" სტანდარტის შესაბამისად, გაკეთდეს ესოდენ შორს მიმავალი ფაქტობრივი ხასიათის დასკვნა".

...ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კენჭისყრის საფუძველზე ადგენს, რომ განმცხადებლების შვილის შსს-ს მაღალჩინოსნების ხელიდან მკვლელობის საქმეში, კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია." (იხ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი).

ამდენად ცხადი ხდება, რომ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა როგორც სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების გარემოებების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების განზრახ ყალბი ინტერპრეტაცია!", - წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.

როგორც გურამ გირგვლიანი ერთ-ერთ გამოცემასთან საუბრისას აცხადებს, ირაკლი ზაქარეიშვილი გარდაცვლილი გირგვლიანის სასამართლო პროცესებზე თავისი განცხადებებით, შეგნებულად ცდილობს დაპირისპირების პროვოცირებას.

"ეს პიროვნება ავადმყოფი, შიზოფრენიკი და ფსიქიკურად დაულაგებელი კაცია. გენახათ, როგორ იქცეოდა სასამართლო პროცესზე; ადვოკატი რომ დაიწყებს ჩხუბს და წივილ-კივილს, ის ადვოკატი არ არის. ეს კაცი შემოგზავნილი ინტრიგანია, რომ ჩვენი მხარე გამოიწვიოს ჩხუბში. დაცვის მხარეს ბევრი სხვა ადვოკატი ჰყავს, მაგრამ ისინი ხმას არ იღებენ. ეს პიროვნება ხედავს - მე იქ ვდგავარ და ნერვებისმომშლელ, გამომწვევ განცხადებებს აკეთებს. კიდეც მომეშალა ნერვები. ვუთხარი, თუ იცი ვინ მოკლა ჩემი შვილი, თქვი და საერთოდ საჭირო აღარ იქნება ეს პროცესი მეთქი. პიარისთვის მოქმედებს. დაცვით დადის, მაწუხებენო, განაცხადა. ვინ აწუხებს? მას საერთოდ არ ვეხებით", - აცხადებს გურამ გირგვლიანი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ