ვინ არის ქართველი ვარსკვლავების მესაიდუმლე და მასწავლებელი

ვინ არის ქართველი ვარსკვლავების მესაიდუმლე და მასწავლებელი

გარდა იმისა, რომ ნიჭიერი მუსიკოსია, ცნობილი პედაგოგიც არის. თანამედროვე ქართულ ესტრადას არაერთი კარგი მომღერალი აღუზარდა. თუმცა თვითონ ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს, არადა, რუსუდან ბახტაძეს სათქმელი მართლაც ბევრი აქვს...

- ჩემი პედაგოგობა ასე დაიწყო: კონსერვატორიის მეორეკურსელი საბავშვო ვოკალურ ანსამბლ "ჩიორაში" პედაგოგად მიმიწვიეს, რომლის ხელმძღვანელი ზურაბ ლალიაშვილი გახლდათ. ამ ადამიანის მადლიერი ვარ. მან პროფესიულად სწორ გზაზე დამაყენა...

"ჩიორა" კარგი ანსამბლი იყო, რომლის წევრებიც შესანიშნავი ბავშვები იყვნენ. ცუდი ის იყო, რომ მუშაობა უმძიმეს პერიოდში (90-იან წლები) გვიწევდა.. მერე და მერე მშობლებიც ვეღარ ახერხებდნენ იქ შვილების ტარებას და ანსამბლი დაიშალა. მოგვიანებით, მასწავლებლად ხელოვნების გიმნაზიაში მიმიწვიეს. ერთხელაც, იქ ბახის საღამოს ვამზადებდი და გამახსენდა პატარა მომღერალი - მანანა ჯაფარიძე (დღესდღეობით ბაქოში მოღვაწე წარმატებული ქართველი მუსიკოსი. - ავტ.), რომელიც "ჩიორაში", 8 წლის ასაკში, "ავე მარიას" მღეროდა. დედამისს დავურეკე და ვთხოვე, - ბახის საღამოზე მანანამ რომ იმღეროს, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით-მეთქი? დედამისმა მითხრა, - მანანამ სიმღერას თავი დაანება, კარატეზე დადის, მაგრამ რა პრობლემაა? წაიყვანეო. მოკლედ, ასე მოხდა ჩემი და მანანას ინდივიდუალურად დაკავშირება. იმის შემდეგ სერიოზულად მოვკიდე ხელი ბავშვს და ბევრი ვიმუშავეთ. შეიძლება ითქვას, რომ შემოქმედებითად ერთად გავიზარდეთ. თავისი მონაცემით იმის საშუალებას მაძლევდა, რომ მისთვის მეტი და მეტი გამეკეთებინა და მეც თავს არ ვზოგავდი. განსაკუთრებულად ნიჭიერი ადამიანია. ასეთი მოსწავლე არ მყოლია. გარდა ნიჭისა, მას ჰქონდა მიზანი ცხოვრებაში, რომ წარმატებისთვის მიეღწია. რომ უნდა ჩამოყალიბებულიყო, როგორც მომღერალი.

- კი, მაგრამ რა წინააღმდეგობა შეხვდა საქართველოში ისეთი, რომ თავი აქ ვერ დაიმკვიდრა?

- გაჭირვების პერიოდში ჯაზის აკადემიაში სწავლობდა და სწავლის ქირის გადახდას ვერ ახერხებდა. იმ პერიოდში აჩიკო მეფარიძემ მითხრა, - ბაქოში კონცერტებია დაგეგმილი, თითო კონცერტში ჰონორარის სახით 100 დოლარს იხდიან და შემიძლია, იმ კონცერტში მანანა ჩავასმევინოო... მანანამ ბაქოში წასვლა გადაწყვიტა, სადაც გაიცნო ადამიანი, რომელმაც რესტორანში მუშაობა შესთავაზა და იქ ერთი წლით დარჩა... საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ იმ ქალაქს შერჩა და თავი წარმატებულად დაიმკვიდრა...

- ვიცი, რომ სოფო ნიჟარაძის პედაგოგიც იყავი...

- კი, სოფო ჩემთან 7 წლისა მოვიდა. ძალიან ნიჭიერი და საყვარელი ბავშვი იყო. მასთან დიდი ხანი ვმუშაობდი. 16 წლისა სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა... მიმაჩნია, რომ რასაც მიაღწია, ყველაფერი მაინც სოფოს დედის - ქეთინო ნიჟარაძის დამსახურებაა. ამ ქალბატონმა ყველაფერი გვერდით გადადო და რა არ გაუკეთა შვილს, რომ წარმატებისთვის მიეღწია...

- სანამ სოფოს აქ ფართო საზოგადოება გაიცნობდა, ის მოსკოვში გაიცნეს. მისი კარიერა იქ დაიწყო. როგორც მომღერალი მოსკოვში შედგა...

- ძალიან კარგი, რომ კარიერა იქ დაიწყო. მღეროდა ისეთ თეატრალურ დასში, როგორიცაა "მეტრო". ეს ის თეატრია, რომელიც მომღერალსა თუ მსახიობს შემოქმედებითად მრავალმხრივად გახსნის საშუალებას აძლევს. იმ თეატრში ერთდროულად მომღერალი და არტისტიც უნდა იყო. მოკლედ, სერიოზული დასია და სოფომ იქ მუშაობას კარგად გაართვა თავი... ბავშობაში ხუთოსანი იყო, რადგანაც დედა აძალებდა ყველა საგანი თანაბარი წარმატებით ესწავლა. მერე ჩემთან მოდიოდა და ტიროდა: რუსიკო, უთხარი დედაჩემს რამე, არ მინდა, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკის სწავლაო... ალბათ, ქეთინოს ასეთმა პოზიციამ ის შედეგი გამოიღო, რაც სოფოს სახით მომავალში მივიღეთ...

- რუსო, ისიც ცნობილი ფაქტია, რომ იყავი ცნობილი მომღერალი ბავშვების - მარიკა თხელიძისა და თიკა ჯამბურიას ვოკალის პედაგოგი. მათ საკმაოდ პატარა ასაკში გაითქვეს სახელი, რაც მიმაჩნია, რომ შენი დამსახურებაა... რას იტყვი ამაზე?

- ორივე ძალიან მიყვარს და დღემდე ერთმანეთისთვის ძალიან ახლობელი ადამიანები ვართ. რომელიმე მათგანს თუ რამე აქვს გადასაწყვეტი, ელემენტარულიც კი, არ არსებობს, არ დამირეკოს და არ მითხრას, - რუსო, რა გავაკეთო? რას მირჩევ? ჩვენ მხოლოდ მასწავლებელი-მოსწავლე კი არა, ერთმანეთის მეგობრები და მესაიდუმლეები ვართ. მაპატიოს ორივეს დედამ, მაგრამ დღემდე ვინახავ მათ საიდუმლოებებს... ორივემ კარგად იცის, რომ ზუსტ რჩევას მივცემ და სწორ გზაზე დავაყენებ. მარიკაც და თიკაც ნიჭიერები არიან. თიკა 6 წლისა მოვიდა ჩემთან, მარიკა 7 წლის იყო. ისინი პოპულარულები იმიტომ გახდნენ, რომ ბავშვობაში იმღერეს თავიანთი სიმღერები და იპოვეს ის მუსიკალური სტილი, რომელიც მათ მოუხდათ.

- ანუ დაიკავეს ნიშა, რომელიც იმ პერიოდში, მათი ასაკისას არავის ჰქონდა დაკავებული?

- დიახ.

- დღესდღეობით რა ხდება მაგ ასაკის ბავშვებში? არის იმედისმომცემი რაიმე?

- არიან ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ მიმაჩნია, რომ არ მღერიან თავიანთ სიმღერებს, უფრო სხვების ნამღერის იმიტაციას ახდენენ. თიკას და მარიკას კი სპეციალურად ვუკეთებდი სიმღერებს. თავიანთი რეპერტუარი ჰქონოდათ, რაშიც მათი მონაცემები მეხმარეობოდა. თიკას "ჯეირანი" რომ გავუკეთე, უფროსმა მომღელებმა მისაყვედურეს - ჩვენ ვერ ვიმღერებდითო? მაგრამ ვიმეორებ, ისინი თავიანთი პოტენციალით ამის საშუალებას მაძლევდნენ. თიკაც და მარიკაც თანაბარ სიმაღლეზე იყვნენ ცნობილ მომღერლებთან და სიმღერების არანჟირებებს პროფესიონალ ავტორებთან აკეთებდნენ. ამიტომაც გახდნენ პოპლარულები. ყველა ნიჭიერ შემსრულებელსა და დამწყებ მომღერალს სჭირდება ადამიანი, რომელიც გზას გაუხსნის, იმუშავებს ვოკალთან. ასეთი პედაგოგები ნებისმიერი რანგის მომღერლებს ჰყავდათ. ჩვენში ასე რომ არ ხდება, იმიტომაც არის დღეს სერიოზული პრობლემა ქართულ საესტრადო სცენაზე - მომღერალი ვერ ვითარდება. კომპოზიტორი სიმღერას რომ აძლევს, გარდა ტექსტისა და მელოდიის სწავლისა, შემოქმედებითად ვერაფერს აკეთებს. ერთადერთი, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს და ვითარდება, მომღერალი ნინო ქათამაძეა. მართლა კარგი მუსიკოსია. არ ერიდება, სხვას რჩევა ჰკითხოს. დამიჯერეთ, არც ერთი არ მუშაობს საკუთარ თავზე და ამიტომაც, არის ყველაფერი გაყინული და გაჩერებული. არადა, დამთავრდა "ფონოგრამაზე შესრულების ეტაპი"; ახლა მსმენელი ცოცხალი მუსიკის მოსმენას ითხოვს; შესაბამისად, საჭიროა, რომ ბევრი რაღაც შეიცვალოს და შემსრულებლის მუსიკალურმა დონემ აიწიოს. არ კმარა მხოლოდ ღმერთისგან ბოძებული ნიჭის - სმენისა და ხმის იმედად დარჩენა. ამასთან, მუსიკალური განათლებაც აუცილებელია, რომელიც დღესდღეობით, გემოვნებასთან ერთად, სერიოზული დეფიციტია, რომელიც კიდევ მეტ დეფიციტად მიმაჩნია საქართველოში, ვიდრე სხვა დანარჩენი.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.ეგ"-სთვის

"ამ ფოტოთი კონტრაცეპტივის რეკლამას ვაკეთებ" - რატომ დაიწუნეს ნანიკო ხაზარაძე?  უცნობი ისტორია ტელეწამყვანის ცხოვრებიდან

მარიკა თხელიძისა და გიორგი მანველიძის ქორწილი ბათუმში - როგორი წვეულება გამართა წყვილმა მეგობრების გარემოცვაში (ფოტოები, ვიდეო)

"კარგად დავფიქრდეთ, ესენი გვართმევენ ქართველობას და რუსები გვინარჩუნებენ?..." - რას წერს გიორგი უშიკიშვილი ამერიკასა და ევროკავშირზე