ქეთი ორჯონიკიძე შეყვარებულის ვინაობას მალავს - ''მსგავს შეცდომას არ გავიმეორებ''

ქეთი ორჯონიკიძე შეყვარებულის ვინაობას მალავს - ''მსგავს შეცდომას არ გავიმეორებ''

''ჯიდიესის'' პროექტი ''ერთი ერთში'' დასასრულს უახლოვდება. ლიდერი ყოველ ტურში იცვლება და დანამდვილებით ჯერ ვერავინ იტყვის, ვინ გახდება გამარჯვებული. ჩვენ ქეთი ორჯონიკიძეს ვესაუბრეთ, რომლის ნომრებიც პროექტში ყოველთვის გამორჩეულია და მაყურებლის სიმპათიას იმსახურებს.

- ქეთი, დაღლილი გამოიყურები, მაგრამ აშკარაა, რომ ამ შოუში მონაწილეობა სახალისოა.

- ბევრს ვშრომობთ და შოუში მონაწილეობა უკვე დამღლელია. თავიდან ყველას სხვა მუხტი გვქონდა, ახლა ეს ყველაფერი რუტინა გახდა. მაგრამ გასართობიც რომ არის, ამას წვეთი არ გაუვა. როცა მომღერლებს თავიანთ ჟანრში უწევთ სიმღერის შესრულება, უფრო საპასუხისმგებლოა. როკის შესრულებამ რომ მომიწიოს, სხვა ამბიცია გამიჩნდებოდა იმ ტურზე, მენდომებოდა, რომ პირველი ვყოფილიყავი. მაგრამ ''ალთა-ბალთა'' ჟანრის სიმღერები მხვდება, მხოლოდ ოპერის არია არ მიმღერია და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ბედნიერებაც მექნება. ''ერთი ერთში'' შემდგარი მომღერლების კონკურსია, სადაც შენც უნდა გაერთო და სხვებიც გაართო.

- საკუთარი ნომრებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგეწონა?

- არ არსებობს მომღერალი, რომელიც ყველა სიმღერას ერთნაირად კარგად შეასრულებს. განსაკუთრებული აღფრთოვანების შეგრძნება ყველა სიმღერაზე არ მქონდა, მაგრამ ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩემი სიმღერა არ იყო. თუმცა როცა შენს სიმღერას არ ასრულებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეცდომით უნდა იმღერო. უკმაყოფილო არც ერთი ნამღერით არ დავრჩენილვარ. გამოვარჩევდი პრინცს, ემინემსა და ნინო ქათამაძეს. ეს ზუსტად ის იყო, რაც არასდროს გამიკე-თებია. სელინ დიონს ბავშვობაში ვმღეროდი, ლედი გაგა მიყვარს და ვუსმენ. ბიორკი, ჩემს სასიქადულოდ უნდა ვთქვა, რომ მართლა რთული შესასრულებელია. შეიძლება, ვიღაცას ჰგონია, რომ ფა დიეზი თუ დიდხანს. არ გაქვს გაჩერებული, ის სიმღერა არაა. მაღალი ნოტის აღება არ ნიშნავს კარგად სიმღერას.

- გადაცემაში ''ერთი ერთში'' ყველაზე მრავალფეროვანი გარდასახვები შენ გქონდა. ფერადკანიანიც იყავი, კაციც და ქალიც.

- დიდი ექსპერიმენტები ტარდება ჩემთან დაკავშირებით ამ პროექტში და ეს ძალიან კარგია.

- შენი შესრულებული ნინო ქათამაძე ბევრმა პროექტის საუკეთესო ნომრად აღიარა.

- ქართველი მომღერლის განსახიერება ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობაა. მე თვითონ ძალიან მიყვარს ნინო ქათამაძე. მოვინდომე, რომ ეს ნომერი კარგი გამოსულიყო. რაღაცნაირად ვაკუუმში მოვაქციე ჩემი თავი. არ გამიგია არც არავის რჩევა და არც არავის დარიგება. საერთოდ არაფერი გამიგია ერთი კვირის განმავლობაში. ისეთი განცდა მქონდა, რომ ბურთში ვიყავი მოქცეული და იმ ბურთში ვიხარშებოდი. საბოლოო ჯამში მოვიხარშე ისეთად, როგორიც გა-მოვიდა. თან იმ ბურთში ნინოც შემოვიდა და ეს ძალიან მაგარი იყო. ეს ყველაფერი ახლა სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ რეალურად მართლა ასე მოხდა. ქართული ტექსტი სიმღერის ყველა ჟანრს არ უხდება. ჩემთან დაკავშირებით ხშირად ამბობდნენ, ქართულ სიმღერას ალბათ ვერ მღერისო. ერთი ძალიან კარგი ჩვევა მაქვს, არასდროს ვაქცევ ყურადღებას, რას ლაპარაკობენ ჩემზე. შეიძლება, ისეთი ადამიანისგან გავიგე ეს ნათქვამი, ვისი აზრიც ჩემთვის მნიშვნელოვანია. ახლა შანსი მომეცა დამენახვებინა, რომ ქართულად კარგად ვმღერი.

- ბევრს გაუკვირდა, როდესაც შენს გულშემატკივრებში ყოფილი შეყვარებული ბექა ბროლაძე ნახა.

- როდესაც შეყვარებულობა ლირიკული გადახვევაა მეგობრობიდან, შესაბამისად, უკან ადვილად ბრუნდები.

- რადგან ყოფილ სიყვარულზე ასე მარტივად ლაპარაკობ, ე.ი. არც იყო ის დიდი სიყვარული.

- ამ შემთხვევაში მარტივია საუბარი, რადგან არაფერი არაა დაკარგული. არ კარგავ ადამიანს და არც მისდამი პატივისცემას. როცა გული არაფერზე გწყდება, ყოფილ შეყვარებულზე ლაპარაკი რთული საერთოდ არაა.

- შენს პირად ცხოვრებაში სიახლე არის?

- ორმხრივი სიმპათია არის. ვფიქრობ, შეცდომა იყო, როცა საზოგადოებამ გაიგო ბექა ბროლაძის შესახებ და გპირდებით, ეს შეცდომა მეორედ აღარ გამეორდება.

- ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება რატომ მიიღე?

- ნაფიქრი მაქვს და ვიცი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

- შენი პასუხიდან შეიძლება ვიფიქროთ, რომ შეყვარებული ხარ.

- მე რომ ახლა იმის მტკიცება დავიწყო, შეყვარებული არ მყავს, ვისაც როგორ უნდა, მაინც ისე დაიჯერებს. როცა მკითხავენ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სიმპათია არსებობს. ძალიან დიდი მადლობა ინტერესისთვის, მაგრამ კარგად ბრძანდებოდეთ-მეთქი.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება