"ჰაკიმმა თხარა, თხარაო და თვით ბიძინი გამოთხარაო!" - გივი თარგამაძის გაფრთხილება ღარიბაშვილს

"ჰაკიმმა თხარა, თხარაო და თვით ბიძინი გამოთხარაო!" - გივი თარგამაძის გაფრთხილება ღარიბაშვილს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მორიგ ენამახვილურ პოსტს უძღვნის. თარგამაძე ბერლინის ბოდე-მუზეუმში გამართულ საზეიმო მიღებაზე პრემიერის ჟესტს ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილმა პიანისტს ძირს დაცვენილი ნოტების ფურცლები მიაწოდა.

"კონცერტზე პატარა ქვეყნის კიდევ უფრო პატარა პრემიერი როიალიდან გადმოვარდნილ ნოტების ფურცელს იატაკიდან იღებს და მუსიკოსს მორიდებით უბრუნებს... სამი ვერსია მაქვს: 1. ან, სხვაგვარად რომ ვერაფერს გახდა, თავის გამოჩენა სცენასთან მიახლოებით გადაწყვიტა; 2. ან, ჩემმა შეგონებებმა გაჭრა და ეს უზრდელიდან ზრდილობიანად გარდასახვის უხერხული მცდელობა იყო; 3. ან, სცენის დანახვისას მისი დესპოტი პატარა მფლობელი ბერა წარმოუდგა თვალწინ და გაროზგვის შიშით ფურცელი სასწრაფოდ მიურბენინა. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ლირიკაა, ჩემი მეზობელი ჰაკიმი კი როგორიც გაემგზავრა გერმანიაში, ისეთივე დაბრუნდა: გონებრივად ჩამორჩენილი, დაკომპლექსებული, მხდალი და ამ ყველაფრისგან მთელს სამყაროზე, კერძოდ კი ნაციონალურ მოძრაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოზე, გიგი უგულავაზე დაბოღმილი. და რადგან მის მიერ კონვულსიური ხელების ფშვნეტითა და თითების ქნევით დაანონსებული ცხელი ზაფხულის ეპიზოდი პირველი (პორტატული მოსასმენის ჩვენს პარტიაში აღმოჩენა) ისე ჩაიფუშა, პრემიერამდეც კი ვერ მიაღწია, პირდაპირ ეპიზოდი მეორეს განხორციელება დაიწყო. და დაიჭირა გიგის ქვისლი. ღონე. ასე ეძახიან მას ახლობლები. ძალიან კარგი ბიჭი, კარგი მეგობარი, ამ, ნარმანიას დედის საძულველ ქალაქში ბევრი კარგი მოქალაქის საყვარელი ადამიანი. პოლიტიკისგან აბსოლუტურად განზე მდგომი. დაიჭირა, რა თქმა უნდა, ტყუილად, მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარი მანჭვა-გრეხა გაემართლებინა. ამ საქმის პირველი ბრალდება უკვე გავლილი გვაქვს, რადგან ანალოგია გვარამია-დამენია-ხეთაგურის საქმისა, რომელიც ჰაკიმმა ჩვეული ძლევამოსილებით უკვე ორი ინსტანციის სასამართლოში წააგო და ზუსტად ასევე წააგებს ეხლაც. მეორე ბრალდებაში კიდევ უფრო მძიმედ აქვს ბიჭს საქმე, შეიძლება ითქვას, ჰაკიმმა თხარა, თხარაო და ვაი მე დედა თვით ბიძინი გამოთხარაო! რა გჭირს, მომისმინე, შვილო: რამდენჯერ გითხარი, გადაწყვეტილებას რომ იღებ, რაც გაქვს, ის ტვინი მაინც დაატანე! თუ არ გამოგდის, გაეშვი. რომ გააქანე და მერიას დააბრალე, სინამდვილეში ეგ შეღავათი მთლად შენი მფლობელის გაცემული რომ ყოფილა? ან ზვიგენის არ გეშინია, ან პინგვინების? ისევ გაიროზგები, ჰაკიმ... ჩვენ კი ცხელი ზაფხული კი არა ხვატიანი წლები გვაქვს გამოვლილი, შენი ტინგიცობა ვერ შეგვაჩერებს. ღონე, კარგო კაცო, ვიცი, რომ მხნედ ხარ და ეგრეც იყავი, ჰაკიმი ჩაივლის მალე", - წერს თარგამაძე და გიგი უგულავას გამოქვეყნებულ მთავრობის დადგენილებას იზიარებს, რომლის საფუძველზეც მერიამ კომპანია "გუდაური სქი რესორტს" ვალდებულება გადაუვადა.

"ეს არის მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მერიამ ამ კომპანიას ვალდებულება გადაუვადა. რაც არ უნდა ისტორია შეთხზას ღარიბაშვილმა, ვინც არ უნდა გაპრესოს და რაც არ უნდა ალაპარაკოს ფინანსურმა პოლიციამ თბილისის მერია, მე ან მითუმეტეს ჩემი ქვისლი როგორ აიძულებდა მთავრობას (ივანიშვილს) დათანხმებულიყო მერიის წინადადებას. მეტიც, თუ არ წაშალეს ახლა, მთავრობის სტენოგრაფიული ჩანაწერებიც უნდა არსებობდეს, სადაც ეკონომიკის მინისტრი მხარს უჭერს წინადადებას, ივანიშვილი ღარიბაშვილს ავალებს შესწავლას და სამი თვის მერე იღებს ამ განკარგულებას. ასე რომ ყველა თქვენი ტყუილი საპნის ბუშტივით გასკდება და წინ დაგხვდებათ", - წერს უგულავა ფოტოს აღწერაში.

იხილეთ ასევე: პრემიერი და ნოტების ფურცელი - ღარიბაშვილის ჟესტი ბერლინში

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს