ქართული ფულის თავგადასავალი

ქართული ფულის თავგადასავალი

რადგან არსებობს მოსაზრება - ახალ წელს როგორც შეხვდები, მთელ წელიწადს ისე გაატარებო, შესაბამისად, ყველა ცდილობს, სიტკბოსთან ერთად ხვავი და ბარაქა დაიბედოს. ამიტომაც არის, რომ ათასგვარი ნუგბარით დამშვენებულ სუფრას ფულის ბანკნოტსაც მიამატებენ ხოლმე. ჩვენც გადავწყვიტეთ, ამ ბედობა დღეს ხვავი, ბარაქა და დოვლათი დაგაბედოთ და ქართული ფულის მრავალსაუკუნოვანი ისტორიიდან რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდს შემოგთავაზებთ.

როლანდ სპანდერაშვილი (საქართველოს ეროვნული ბანკის სპეციალისტი): "მსოფლიოში პირველი მონეტა ქრისტეს წინარე VII საუკუნეში, მცირე აზიის სახელმწიფო ლიდიაში მოიჭრა. ამის შემდეგ, მალევე მოჭრა საკუთარი მონეტა საბერძნეთის ერთ-ერთმა კუნძულმა ეგინამ. ქრისტეშობამდე VI საუკუნეში ჩვენმა სახელმწიფომაც მოჭრა პირველი მონეტა - კოლხური თეთრი. სწორედ აქედან იწყებს დასაბამს ქართული ფული, რომელსაც 26-საუკუნოვანი ისტორია აქვს და ერთ-ერთი პირველია მსოფლიო მონეტებს შორის. კოლხური თეთრი ვერცხლისგან იყო დამზადებული, ნომინალური სისტემით კი ბერძნული მონეტების თანაბარ, ანუ დრაქმის სისტემაში იყო მოჭრილი. შესაბამისად, კოლხური თეთრით ანგარიშსწორება სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ და მისი კონვერტაციაც თავისუფლად ხდებოდა.

პირველი ქართული მონეტის აღმოჩენის არეალი ვრცელია: ნაპოვნია ათენში, ტრაპიზონში, ყირიმის ნახევარკუნძულზე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი ნიმუში საქართველოშია აღმოჩენილი, განსაკუთრებით ვანის განძში, სადაც ათასზე მეტ კოლხურ თეთრს მიაკვლიეს. უფრო მეტად მიმოქცევაში იყო კოლხური თეთრის მცირე ნომინალი - ნახევარდრაქმიანი, რომელზეც უძველესი ქართული კულტი - ხარი იყო გამოსახული. ოთხდრაქმიანზე გამოსახული იყო დაღრენილი ლომის თავი, რევერსზე კი ფრთოსანი რაში. ამ მონეტის სულ სამი ორიგინალი არსებობს: ერთი ინახება ჰააგის მუზეუმში, მეორე ბრიტანეთის მუზეუმში და მესამე - საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

- რა მსყიდველობითი უნარი ჰქონდა პირველ ქართულ ფულს?

- ჩვენთვის ცნობილია მხოლოდ ანტიკური ბაზრის ფასები, რომლის თანახმადაც, ყველაზე ძვირი მონა ღირდა და მისი ფასი 50-60 დრაქმიდან იწყებოდა. ხარი 10 დრაქმა ღირდა, ამფორა ღვინო - 10-12 დრაქმა, ფეხსაცმელი 8 დრაქმა ღირდა, შავი მუშის დღიური გასამრჯელო კი 1 დრაქმა იყო. საკმაოდ ინტენსიურად იყო განვითარებული ეკონომიკური ურთიერთობები ბერძნულ სამყაროსთან შავი ზღვის მეშვეობით. ეს იმითაც გამოიხატა, რომ ქართულმა ქალაქმა დიოსკურიამ ქრისტეს წინარე I საუკუნეში საკუთარი ფული გამოუშვა. ეს დიოსკურიის, უძველესი სოხუმის საქალაქო მონეტები გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე ნომინალებით, ანუ ხურდა ფულის ეკვივალენტით მოიჭრა, საქალაქო მონეტების არსებობა დიოსკურიის მაღალ ეკონომიკურ განვითარებაზე მეტყველებს. გარდა ამისა, საქართველოში მიმოიქცეოდა როგორც ალექსანდრე მაკედონელის ოქროს საფასეები, ასევე რომის იმპერიის დინარები და პართიის სამეფოს ვერცხლის დრაქმები...

აღსანიშნავია დავითისა და თამარის პერიოდის ქართული მონეტები. ამ დროს ერთი ნიშანდობლივი გარემოება იკვეთება, რომელსაც ვერცხლის კრიზისი ჰქვია. საქართველოს მახლობლად მყოფი სახელმწიფოები, მცირე აზია და ბიზანტიის იმპერია ვერცხლის კრიზისმა მოიცვა. ჩვენც ამ სამყაროს ნაწილი ვიყავით და მიუხედავად ოქროს ხანისა, დავითიდან რუსუდანამდე, საქართველოში ვერცხლის მონეტა არ მოჭრილა. X საუკუნის გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ისტორიიდან გამორჩეულია დავით IV აღმაშენებლის მონეტა, რომლის ორიგინალი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ამ მონეტაზე დავითი მთელი თავისი სამეფო დიდებით არის გამოსახული, ხოლო რევერსზე წარწერაა: "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა". ვერცხლის კრიზისმა და სპილენძის მონეტების ხანგრძლივმა მიმოქცევამ დასაბამი მისცა არაწესიერი ჭედვის მონეტებს.

სპილენძისგან მონეტების დამზადება ტექნოლოგიურად უფრო რთულია, ვიდრე ვერცხლისგან ჭედვა. არადა, ეკონომიკის გაძლიერებამ და ვაჭრობის განვითარებამ დიდი ფულის მასის მოჭრის საჭიროება წარმოშვა. ამან ფულს ფორმა დაუკარგა, თუმცა იმ დროს სპილენძის წესიერი ჭედვის მონეტებიც იჭრებოდა. არაწესიერი ჭედვის მონეტებს ხშირად არ ჰქონდა ნომინალების აღმნიშვნელი წარწერები, თუმცა ვერცხლის ფულის, დირჰემის ღირებულებით იყო მოჭრილი. მაგალითად, თამარ მეფის დროს გამოშვებულ არაწესიერი ჭედვის მონეტაზე წარწერაა: "იქნა ჭედა ამის დირჰემისა".

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია