"ვეღარ შევძლებ, მკვლელის სახელი ვატარო" - რას ყვება სამუდამო პატიმრობამისჯილი სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და კოდუაზე

"ვეღარ შევძლებ, მკვლელის სახელი ვატარო" - რას ყვება სამუდამო პატიმრობამისჯილი სააკაშვილზე, მერაბიშვილსა და კოდუაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლო უვადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეს განიხილავს და სავარაუდოდ, 17 ივნისს საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს. მათ "თელასის" მენეჯერ ნიკა ლომინაძის მკვლელობაში ედებათ ბრალი. ნიკა ლომინაძე 2002 წლის 13 აგვისტოს საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. 2006 წლის მარტში მკვლელობა გახსნილად გამოცხადდა და დანაშაულის დამკვეთად გამოძიებამ "თბილგაზის" ყოფილი დირექტორი გია გვიჩიანი ცნო, მკვლელობის შემსრულებლებად კი - ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკილაძე, გიორგი პაპაჩაშვილი და ნოდარ გვიჩიანი (პაპაჩაშვილსა და გვიჩიანს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, ხერკილაძე კი ამასობაში ციხეში გარდაიცვალა).

შარშან პროკურატურამ ლომინაძის მკვლელობა გაუხსნელად გამოაცხადა და მისი გადამოწმების ვალდებულება აიღო. ჩვენ სამუდამო პატიმრობამისჯილი ნიკა ჩემია დაგვიკავშირდა და საქმეში არსებულ ახალ დეტალებზე გვესაუბრა:

- მე და გია გვიჩიანი მე-9 წელია, უკანონოდ ვიმყოფებით უვადო პატიმრობაში და უსამართლოდ ვატარებთ ბინძური ადამიანების - სააკაშვილის, მერაბიშვილის, ადეიშვილისა და კოდუას მიერ მიკერებულ იარლიყს. ამ "კვარტეტს" დღეს პროკურატურა კრიმინალებად აცხადებს, ხოლო მათ მიერ შეთხზულ საქმეს კი ბრმად და უარგუმენტოდ თვლის კანონიერად. ჩვენი საქმის ყოფილ პროკურორს ანზორ ხვადაგიანს, ჩემი წამების არაერთგზის შეკვეთასა და ნარკორეალიზატორ ნოდარ გვიჩიანის აშკარა მფარველობაზე რომ არაფერი ვთქვა, 50-ზე მეტი დაზარალებული ჰყავს ბინების აფერის გამო. იმის მაგივრად, რომ დღეს ბრალდების მხარემ ხელი შეგვიწყოს იმაში, რომ სასამართლომ დეტალურად გამოიკვლიოს ყველა ნიუანსი, დაწყებული ე.წ. მოწმედ ქცეული ბრალდებულების ჩვენებებიდან, განაჩენის არგუმენტაციით დამთავრებული, ამ საქმით დაინტერესებულ პირთა დაკვეთით ცდილობენ, ისევ დაგვტოვონ უვადო პატიმრობაში. ჩვენი სიკვდილი თუ უნდათ, პირდაპირ დაგვხვრიტონ, მაინც საბჭოთა კავშირის დროინდელი, 1937-იანი წლების პროკურორ ვიშინსკის მეთოდებით გვებრძვიან. თუნდაც ე.წ. მოწმედ ქცეული ბრალდებულების - ნოდარ გვიჩიანისა და გიორგი პაპაჩაშვილის აღიარებითი ჩვენებებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ. გვიჩიანი და პაპაჩაშვილი ამ საქმეზე დაკითხვას რა ხანია ითხოვენ, რადგან მათი თქმით, წინა რეჟიმის დროს ზეწოლისა და მოსყიდვის გამო მისცეს ცრუ ჩვენებები. მათ განცხადებით მიმართეს პროკურატურას და შიშობენ, რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება ყოფილი ძალოვანი მაღალჩინოსნების მხრიდან.

- თქვენს წინააღმდეგ სამმა ადამიანმა მისცა ჩვენება და გია გვიჩიანი ნიკა ლომინაძის მკვლელობის შეკვეთაში, თქვენ კი მკვლელობის შესრულებაში დაგადანაშაულათ. ამბობთ, რომ მათ ჩვენების შეცვლა სურთ. იქნებ დააკონკრეტოთ, რა იცით, ახლა რის თქმას აპირებენ ნოდარ გვიჩიანი და გიორგი პაპაჩაშვილი?

- დავიწყოთ იმით, რომ ნოდარ გვიჩიანი აცხადებდა, რომ ის და გია გვიჩიანი არიან ბიძაშვილები, რაც ტყუილია. მისმა ნათესავებმა სოფელ ლატალიდან დაადასტურეს, რომ ეს არის სიცრუე (ამაზე ვახო კომახიძის ფილმშიც ჰყვებიან). მთელი საქმე აწყობილია იმაზე, თითქოს მე და ნოდარ გვიჩიანს (როგორც მე და გია გვიჩიანს შორის შუამავალს) ინტენსიური შეხვედრები და სატელეფონო კონტაქტი გვქონდა. ის ხელს მადებს, მაგრამ არ იცის, რა ნომრიდან ვურეკავდი (ვერც საკუთარ ნომერს ასახელებს). იმავეს ამბობს გიაზეც. ბრალდების მხარემ "თელასში" ჩაატარა გამოძიება, რათა გაერკვია, მართლა იმყოფებოდა თუ არა გიასთან ნოდარ გვიჩიანი, მაგრამ ვერც საშვი და ვერც სატელეფონო ზარები ვერ აღმოაჩინეს. ავთანდილ ხერკილაძე, რომელიც ციხეში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა, ნამდვილად ვიცი, რომ ცუდად გახდა და რამდენიმე საათის გარდაცვლილი იყო, როცა მასთან ექიმი მიიყვანეს. მისი ოჯახი ისეთი დაშინებულია, ამაზე ლაპარაკიც არ უნდა. ჩვენ ერთად გაგვიტაცეს ორთაჭალის მე-5 იზოლატორიდან სპეცკორპუსში, სადაც ხვადაგიანის ბრძანებით, ერთი თვე, ფაქტობრივად, მკლავდნენ, მაწამებდნენ იმისთვის, რომ მკვლელობა მეღიარებინა. ვეუბნებოდი, რომც მომკლათ, კილერობას არ დავიბრალებ-მეთქი, რაზეც ხვადაგიანმა პირდაპირ მითხრა, ეტყობა, კარგად ვერ "დაგამუშავესო". შვილები მეზრდება და კილერის იარლიყი როგორ უნდა მიმეკერებინა?! ორი ვითომ "პადელნიკი" ერთ საკანში ვყავდით და როცა მაგრად მცემდნენ, სანამ დაწესებულების უფროსი თამაზ მელაძე არ ეტყოდა, გეყოფათო, არ მეშვებოდნენ, გასვლის წინ 1-2-ს ხერკილაძესაც წაუთაქებდნენ ხოლმე. მეორე "მოწმემ", გია პაპაჩაშვილმა ოფიციალურად მიმართა სასამართლოს, - გთხოვთ, დამკითხოთ, ვინაიდან გვიჩიანისა და ჩემიას წინააღმდეგ ცრუ ჩვენებები მივეციო. ნოდარ გვიჩიანს რაც შეეხება, იგი უკრაინაში იხდის სასჯელს (გია დევდარიანის სახელით). ის ტელეფონით დაუკავშირდა გიას ძმას, ლევანს და პროკურატურისგან ითხოვს, ჩავიდნენ და დაჰკითხონ. მას აქვს შიში, რომ მერაბიშვილისა და კოდუასგან შურისძიება ემუქრება, ამბობს, მოკვლას მიპირებენ, ჩამოდით და დამიცავითო. რა, გაუჭირდებათ იმ ნაძირალებს, ვინმეს ფული გადაუხადონ და გვიჩიანი ციხეში მოაკვლევინონ? ის ამბობს, პირადად მერაბიშვილმა და კოდუამ მაიძულეს ასეთი ჩვენების მიცემაო. ვფიქრობ, ნიკა ლომინაძის მკვლელობაში მაღალი ეშელონებია ჩართული, ამას ისიც ადასტურებს, რომ როცა ნოდარ გვიჩიანი ნარკორეალიზაციისთვის დააკავეს, მას "სიტყვაზე ენდვნენ" და გადაუხდელი გირაოს (500 ათასი ლარი) საფუძველზე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ნარკორეალიზატორს (ფარულად გადაღებული აქვთ, როგორ ყიდის ნარკოტიკს, სახლიდან უღებენ 243 აბ სუბუტექსსა და იარაღს), რომელსაც გარანტირებული აქვს სამუდამო პატიმრობა, სიტყვაზე ენდობიან და ათავისუფლებენ?! ამას რომ რიგითი გამომძიებელი არ გადაწყვეტდა, ხომ ფაქტია. გარდა ამისა, ამ მკვლელობაში თუ მაღალჩინოსნები არ არიან ჩართულნი, შემთხვევის ადგილზე მისულ დავით კეკუას რატომ უნდა გასჩენოდა ტყვიის გულის შეცვლის სურვილი? ისიც გახსოვთ ალბათ, გენერალი კეკუა მერე ციხეში გაურკვეველ ვითარებაში რომ გარდაიცვალა. როგორც ნოდარ გვიჩიანი ამბობს, მას აქვს ისეთი ინფორმაცია, რასაც ტელეფონით არ ამბობს. ჩავიდნენ და დაჰკითხონ. მათი ახალი ჩვენებები რომც არ გაითვალისწინონ, ჩვენ იმ ჩვენებებითაც ვმართლდებით, რაც აქამდე აქვთ მიცემული. რატომ არ ინტერესდებიან, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას?

- რატომ არ უნდა აძლევდეს ხელს პროკურატურას მათი დაკითხვა და სიმართლის დადგენა?

- პროკურატურა არათუ არ იძიებს, ვინ და რა პირობებში მოახდინა მათზე ზეწოლა, არამედ სირაქლემის პოზაშია. რაში უნდა აძლევდეთ ხელს, როცა საქმეში დევს წინასწარ გამოძიებაში 500-ათასლარიანი გადაუხდელი გირაოსა და შემდეგ, მანკიერად გაფორმებული საპროცესო გარიგებების დოკუმენტური მტკიცებულებები? უფრო მეტიც, დღემდე არ იძიებენ 2013 წლის იანვარში აღძრულ სს საქმეს ჩვენი დნმ-ების და თითის ანაბეჭდების საექსპერტო დასკვნების დამალვის ფაქტზე, დამნაშავე პირების გამოსავლენად. პროკურატურა ასევე, დღემდე არ იძიებს 2013 წლის 18 დეკემბერს აღძრულ საქმეს, რომელიც ჩემს ცემა-წამებას ეხება. ჩვენ არანაირი კომპენსაცია არ გვაინტერესებს, ოჯახებში გვინდა დაბრუნება. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოძიებას ხელს უშლის მთავარი პროკურორის მოადგილე შოთაძე, რომელმაც თავისი კარიერული აღმასვლა ჩვენი საქმით დაიწყო. ღარიბაშვილს ატყუებენ, შოთაძე იმ დროს სტაჟიორი იყოო, არადა, მას პროკურორის სტატუსით აქვს ხელი მოწერილი საბრალდებო დასკვნაზე. ჩვენს განაჩენში არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი არ არის. ბრალდების მხარე გვპირდება, რომ ისინი თავიანთ დასკვნით სიტყვაში ახსნიან ყველაფერს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ისეთი უტყუარი ფაქტები და ალიბებია საქმეში, ვერაფერს ახსნიან. მაშინ გვერდი უნდა აუარონ მათ მიერ მოსყიდული ცრუ მოწმეების ჩვენებებსა და ყველა ფაქტობრივ გარემოებას. ჩვენ იქით ვუმტკიცებთ, რომ თეორიულ დონეზეც კი ვერ ჩავიდენდით ამ დანაშაულს. შესაძლოა, მათ ისიც კი ამტკიცონ, რომ მე ტელეპორტაციით გავჩნდი გერმანიიდან თბილისში და ისევ უკან დავბრუნდი. სასამართლოზე გაჟღერდება ისეთი გარემოებაც, რომელიც თავდაყირა დააყენებს ბრალდების ვერსიას. სამართლიანობის აღდგენის იმედი ჩამისახა ჩვენს საქმეზე გენპრო­კურორის ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებამ. მე ვეღარ შევძლებ, ვატარო მკვლელის სახელი. ორი უდანაშაულო ადამიანი სამუდამო პატიმრობისა და სიკვდილისთვის გაგვწირეს.

- სად იმყოფებოდით ლომინაძის მკვლელობის დროს და მოსამართლემ რატომ არ გაიზიარა თქვენი ალიბი?

- არსებობს საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან ამონაწერი, რომ საქართველოდან გერმანიაში მივემგზავრები 23 ივლისს და ჩამოვდივარ 10 აგვისტოს (არსებობს სატელეფონო ამონაწერიც), რასაც სასამართლომ გვერდი აუარა. ჩემი და ლომინაძის საქართველოში ყოფნა არც დროში ემთხვევა და როგორ ვუთვალთვალებდი და ვსწავლობდი მის მარშრუტს, საინტერესოა. ლომინაძე ვენესუელიდან დაბრუნდა 22 ივლისს. 10-11 აგვისტოს წასული იყო დასავლეთ საქართველოში, 12-ში ჩამოვიდა და 13-ში მკვლელობა მოხდა. ანუ ჩვენი თბილისში ერთდროულად ყოფნა მხოლოდ 12 აგვისტოს ემთხვევა. მკვლელობის მომენტში, დილის 8-ის ნახევრიდან 9 საათამდე კი თბილისის რკინიგზის სადგურში ვიმყოფებოდი ოჯახის წევრებთან ერთად (არსებობს სატელეფონო ამონაწერები); ბათუმში მივდიოდით. სასამართლომ ვერ ახსნა, ივლისში როგორ უნდა დამედგინა ლომინაძის ვიზუალი ან ის, რომ ბახტრიონზე ცხოვრობდა, ან თვალთვალი, იმ მარტივი მიზეზით, რომ ლომინაძე 27 ივნისს წავიდა ვენესუელაში, მაგ დროს კი ნოდარ გვიჩიანი იყო ციხეში (ციხიდან 3 ივლისს გამოვიდა). ხერკილაძე აცხადებს, ივნისში მოხდა მოლაპარაკება ჩვენსა და გვიჩიანს შორისო. ან გვიჩიანს საიდან უნდა სცოდნოდა ივნისში, რომ აგვისტოში ლომინაძე ბახტრიონზე, მამის სახლში დარჩებოდა?

- ნოდარ გვიჩიანთან რა ურთიერთობა გქონდათ?

- მე და გვიჩიანი ერთუბნელები, ბახტრიონელები ვართ და 1996-დან 1999 წლამდე კარგი ურთიერთობა გვქონდა, შემდეგ მოხდა უსიამოვნება და გავწყვიტე მასთან ურთიერთობა. შეიძლება, შემთხვევით რაღაც მოგიხდეს, ადამიანიც შემოგაკვდეს, მაგრამ ფულის გულისთვის წახვიდე და სრულიად უცხო კაცი მოკლა, ამორალობაა. მე რა ადამიანიც ვარ და რისი გამკეთებელიც, ვინც მიცნობს, ყველამ იცის. კილერის იარლიყი რომ არ მივიკარი, ამიტომაც ვზივარ ამდენ ხანს ამ ჯოჯოხეთში და ამიტომ გავუძელი წამებას. ლომინაძის მამას უთქვამს, ვენდობი გვიჩიანის ჩვენებას, მე პროკურორის მჯერაო. რა ველაპარაკო გამწარებულ მამას? უარგუმენტოდ ვინმესი რატომ უნდა გჯეროდეს? როგორ შეიძლება, არ გაინტერესებდეს შვილის ნამდვილი მკვლელის ვინაობა? ბოლოს და ბოლოს, აიყვანოს ავტორიტეტული ადვოკატი, თუნდაც - უცხოელი და გაარკვიოს სიმართლე. ფული თუ არ აქვს, ჩვენ გადავუხდით, მეტი რა გავაკეთო აქედან? მეცოდება, მაგრამ იმის გამო, ოღონდ წყნარად იყოს და დაიჯეროს, რომ მე ვარ მკვლელი, ციხეში ყოფნას არ ვაპირებ. ხელისუფლება თუ დაიცავს სასამართლოს იმისგან, რომ ირაკლი შოთაძის ან მის დაქვემდებარებაში მყოფი პროკურორების მხრიდან ზეწოლა არ მოხდეს, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ გავმართლდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისღა დაგვრჩენია, სტრასბურგს მივმართოთ.

ნანა ფიცხელაური

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)