"გეის თამაში მაგრად მევასება"

"გეის თამაში მაგრად მევასება"

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე საგრიმიოროში ლევან ხურციასა და ბაჩო ჩაჩიბაიასთან ერთად არის განაწილებული. თითოეულს თავის მაგიდასთან მისთვის კომფორტული პატარა სამყარო აქვს მოწყობილი. ნიკას სარკესთან, სხვა ნივთებთან ერთად, წიგნებიც აწყვია. იქვე კედელზე ბუნების ულამაზესი ხედებისა და მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე ლამაზმანის ფოტო გაუკრავს. სულ ზევიდან კი ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, ''ოსკარი'' გადმოგცქერის...

- ნიკა, 2005 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი ხარ. შემდეგ იყო ''იმედზე'' ''შუა ქალაქში'' შესრულებული ამირანის როლი. როგორ გაგრძელდა შენი და ''ღამის შოუს სტუდიის''თანამშრომლობა?

- ამ სტუდიასთან გადასარევი ურთიერთობა მაქვს. ''შუა ქალაქშის''მერე იყო სერიალი ''ჩვენი ამბავი'', რომლის 6 სერიაში ვითამაშე, ტაქსისტ ზაზა ურუშაძის როლი მქონდა. კაი ტიპი იყო, მომწონდა. პარალელურად იყო ანეკდოტები, რომელმაც ''იმედიდან''''მაესტროზე''გადაინაცვლა.

- ანეკდოტებს როგორ არჩევენ?

- ანეკდოტები უნდა ჩაჯდეს ზრდილობის ფარგლებში და დაცულია ცენზურა. ხუმრობები ოჯახურ თემებზეა, ხან სათევზაო სიტუაციაზე, ხან იდიოტი ქმრის როლი მაქვს, ხანაც სუფთა გრუზინი ვარ - რესტორანა კაცი. ზოგჯერ გლეხი ვარ, ზოგჯერ - მუშა, ხან ''ტაკოი სვეტსკი''ტიპი, ხან კაცოია და ხანაც ქალოია. სხვადახვა პერსონაჟის განსახიერება მიწევს და ეს მომწონს.

- ყველაზე მეტად რომელი როლი მოგწონს?

- აი, გეის თამაში მაგრად მევასება (იღიმის).

- ამას სათაურად გამოგიტან. რითია ეს როლი შენთვის, როგორც მსახიობისთვის, საინტერესო?

- ჰო, ნუ, ეს უნდა ითამაშო. აი, როგორები არიან, ტო... და ვერ ვხვდები, როგორ უნდა იყო ასეთი.

- ანუ მამაკაცს რატომ უნდა გაინტერესებდეს კაცი და არა ქალი?

- ჰო, ჰო, აი, ეგ. ნაზები არიან, მანერები აქვთ რაღაცნაირი, ვითომ თბილები, ქაჩაჩუნები. გადაღებას რომ ვამთავრებთ და ისმის ''სტოპ'', უცებ ვფიქრობ ხოლმე, ვაჰ, რატომ ხარ ასეთი?! ესეც საინტერესოა და ვთამაშობ. სცენარისტები თავისას წერენ, მაგრამ სიუჟეტი შენ უნდა გააცოცხლო. სულ ვამბობ, რომ რაც უნდა კარგი სცენარი დაწერო, მაინც მთავარია, მსახიობმა კარგად ითამაშოს. არ ვიცი, რამდენად გამომდის ეს ყველაფერი, მაგრამ ამბობენ, რომ კარგად გამომდის, თორემ ამდენ ხანს არ დამტოვებდნენ ამ პროექტში. ვერ ვიტყვი, რომ ეს რამე დიდი შემოქმედებითი პროცესია, მაგრამ იქ მუშაობა ჩემთვის საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ფინანსური დაინტერესებაა.

- ამ წლების განმავლობაში პროფესიული თვალსაზრისით რა ცვლილებებს ატყობ თავს?

- პასუხისმგებლობა გაიზარდა და უფრო მეტის კეთების სურვილი მაქვს. საკუთარი თავის მიმართ რწმენა გამიჩნდა. საშუალო ნამდვილად არ მინდა ვიყო. ჩემი, როგორც მსახიობის მიზანია, რომ ყველაზე მაგარი გავხდე. თან, ვერ ვძლებ თეატრის გარეშე. დღეს დილას რომ ავდექი და სახლიდან გამოსასვლელად მოვემზადე, დედაჩემმა მკითხა, სად მიდიხარო. თეატრში-მეთქი. რა გინდა, დღეს რეპეტიცია ხომ არ გაქვსო. იცი, არ მაქვს, მაგრამ მაინც თეატრში მინდა-მეთქი. აქ კომფორტულად ვგრძნობ თავს. მიყვარს ჩემთვის მარტო, საგრიმიოროში ყოფნა. უფრო მეტი ფიქრი დავიწყე. სისულელეა, როცა ამბობენ, რომ მსახიობი თამაშობს ''ტაკ პროსტა'', ასე არ არის, სულ ფიქრი გჭირდება. რაც მეტს ფიქრობ, როლი მით უფრო კარგი გამოდის. ბევრი შრომაა საჭირო, ყველაფერი შრომაა.

- ფიქრთან ერთად, მსახიობს კითხვაც სჭირდება, რას კითხულობ?

- საგრიმიოროში რამდენიმე წიგნი მაქვს, ორიც სახლში დავტოვე. აქ მაქვს ბესიკ ხარანაულის ''მთავარი გამთამაშებელი'', პერიოდულად ვკითხულობ აკაკი გელოვანის ''სიბრძნის სიმფონიას'', რომელშიც შედის ყველა მაგარი ადამიანის რჩეული აზრები და აფორიზმები. ბოლო პერიოდში დავინტერესდი ეზოთერიკული ლიტერატურით, ფსიქოლოგიით.

- ასაკმა მოიტანა?

- ჰო, ასაკი ითხოვს, გინდა. გიჩნდება სურვილი, სამყარო და ადამიანები უფრო კარგად შეიცნო. მინდა, ბუნების ყველა ჯადოქრობას ჩავუღრმავდე.

- სამყაროსა და ადამიანების ბუნებაში ჩაღრმავებას იმედგაცრუებისკენ ხომ არ მიჰყავხარ?

- არა. მერე რა, თუ ვიღაცამ ''გამიმაზა''და ცუდი ადამიანი აღმოჩნდა, წავალ, გავივლი და კარგი შემხვდება. მე ამის არ მეშინია. საერთოდ, არაფრის მეშინია - შეიძლება ითქვას, მარტო სიკვდილის, მაგრამ ვიცი - ადრე თუ გვიან მოვკვდები და ამაზე ფიქრი სისულელეა. იმედგაცრუება ყველას ცხოვრებაშია, ცუდი ადამიანის მეტი რა არის, მაგრამ არ არსებობს, ასეთებში რამე კარგი არ იყოს. ამის დანახვას ნიჭი უნდა. ბევრი ცუდი ადამიანი მინახავს, მაგრამ უცებ ისეთი საქციელი ჩაუდენია, რომ გაბრწყინებულა.

- ადრე გითქვამს, რომ სპექტაკლის შემდეგ გიყვარს სადმე ბარში განმარტოება, დალევა, თუ წვიმს და იქიდან გამოსულს გახურებულ შუბლზე ცივი წვეთი დაგეცემა, ხომ საერთოდ... ეს დღემდე გრძელდება?

- ჰო, მიყვარს, ხოშიანია, ძალიან მაგარი. ჩემი საქმე უფრო მეტად შემიყვარდა. ნელ-ნელა მეც შევდივარ იმ სამყაროში, რასაც მსახიობობის ოსტატობა, პროფესიაზე ფიქრი და გამოცდილება ჰქვია. გამიჩნდა სურვილი, რამე ძალიან რთულს შევეჭიდო. ძალიან რაც მინდოდა, სპექტაკლში ვარ დაკავებული. დანარჩენი სამი-ოთხი სხვადასხვა მიზეზის გამო რეპერტუარში აღარ არის. ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ უსერიოზულეს როლზე. უბრალოდ, ვერ გეტყვი, ვინ დგამს და სად.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია