ჭირვეული ბავშვები და მათი მორჯულების გზები - რჩევები ფსიქოლოგისგან

ჭირვეული ბავშვები და მათი მორჯულების გზები - რჩევები ფსიქოლოგისგან

"არ შევჭამ…", "არ დავიძინებ…", "არ ვიმეცადინებ" - ასეთი ფრაზები, ალბათ, ბევრი მშობლისთვის ნაცნობია.

ხშირად გიფიქრიათ, რომ თქვენი შვილი ჭირვეულია, თქვენ კი მასთან საერთო ენა ვერ გამონახეთ. როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვებს. თქვენს კითხვებს  ფსიქო-კორექციის ცენტრის, "დენდრონის" წამყვანი ფსიქოლოგი მაია ბეგაშვილი პასუხობს.

მარი:

მყავს სამი წლის ბიჭუნა. ზოგადად დაბადებიდან რთული ხასიათი აქვს. სულ ჰქონდა ძილის და ხასიათის პრობლემები, ყველაფერზე ჭირვეულობდა. ძლივს გადავაჩვიე პამპერსს, თუმცა ისიც მხოლოდ მოშარდვას შეეხება, კუჭში რომ გადის მაინც პამპერსს ითხოვს, ვერაფრით დავსვი ღამის ქოთანზე. ასევე სიყვარული და სიხარულის გამოხატვის უცნაური მეთოდები აქვს: რტყმა, ჩქმეტა, რამის სროლა, ეს მის მშობლებსაც შეგვეხება და მის თანატოლ ბავშვებსაც. როგორ გადავაჩვიო ასეთ მავნე საქციელს?

-პირველ რიგში მინდა მშობლებს ვურჩიო შეინარჩუნონ აღზრდის ერთი ხაზი, ნაკლებად გაითვალისწინონ ან მთლიანად გაითვალისწინონ, ანუ მოერიდონ ბავშვთან ორმაგი სტანდარტის გამომუშავებას. პირველი, რაც შფოთვას და ფორიაქს იწვევს, ესაა უსაფრთხოების განცდის დარღვევა, - მშობელი აუცილებლად დაძინებისას უნდა იყოს ბავშვთან ერთად, ბავშვმა უნდა განიცადოს დედის თანაობა ძილის პროცესში. სასურველია რომელიმე სასიამოვნო ისტორიის, ანდა ზღაპრის მთხრობელი იყოს დედა, რომელის სასიამოვნო ემოციებს გამოიწვევს ბავშვში და კიდევ ერთი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი: ძილამდე ორი-სამი საათით ადრე ამ ასაკის ბავშვისთვის, უკუჩვენებაა აქტიური თამაშები, ან ისეთი აქტივობების გამოვლენა, რომელიც მასში ფსიქო-ემოციურ დაძაბულობას იწვევს. მშობელმა დღის აქტიური პერიოდი უნდა გამოიყენოს აქტიური თამაშებისთვის, ხოლო დღის მეორე ნახევარი, უშუალოდ ძილისწინა პერიოდი უნდა იყოს უფრო მშვიდი, წყნარი და დასტაბილურებული.

ნინო:

მყავს 1 და 10 თვის ბიჭი. ღამით მშვიდად არ სძინავს სულ წრიალებს და ძალიან ძნელად იძინებს თან გვიან, დღისითაც ყველაფერთან უნდა მისვლა, თუ აუკრძალავ, კივის და წივის, საერთოდ არ ვარ მკაცრი და ყველაფერს ვაკეთებინებ რაც უნდა, ზომიერად, მეჩხუბებიან ესე ბავშვს გააფუჭებო, მირჩიეთ როგორ მოვიქცე?

-ჩვენ უკვე შევეხეთ ამ ასაკობრივ ჯგუფს და ვთქვით, რომ ეს არის ასაკი, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული ემოციები. ამიტომ ემოციების გუნება-განწყობილების ხშირი ცვლა ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის ნორმაა, არ ითვლება პათოლოგიად და არანაირ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს, მითუმეტეს ბავშვი, რომელიც არაა ცელქი. როგორც ჩანს აქ საქმე გვაქს მიდგომების ცვლილებასთან, ხშირი აკრძალვების ფონზე, ბავშვის თავისუფალი ნება დათრგუნულია და მის წუხილსა და ხშირ ტირილსაც სწორედ ეს იწვევს. დედას ვთხოვ და ვაძლევ რეკომენდაციას, იქონიოს მოთმინება, იყოს ჩართული ყველა იმ პროცესში და აქტივობაში, რომელსაც ბავშვი ახორციელებს დღის განმავლობაში. დედას ვურჩევ უფრო ახლოს მივიდეს შვილთან და ზუსტად გაიზიაროს რა არის რაც ბავშის გაღიზიანებასა და ტირილს იწვევს. ზოგადად კარგია, როდესაც ჩვენ ახლოს ვიცნობთ საკუთარ შვილებს. საკუტარი შვილების ცნობა არ გამოიხატება მხოლოდ მასზე მზრუნველობასა და მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში. უპირველესი მოთხოვნილება შვილების, ეს არის სიყვარულის, უსაფრთხოების და სანდოობის მოპოვება საკუთარი შვილებისგან.

ნინო:

მყავს 3 წლის გოგო, არ არის ცელქი და არც რაიმეს გაფუჭებისკენ მიდეკილი,მაგრამ აქვს ცვალებადი და ჭირვეული ხასიეთი.დღეში იმდენჯერ ტირის და ისეთ გაუგებარ რაღაცეებზე მდგომარეობიდან გამოვყავარ, აღარ ვიცი როგორ მივუდგე. ნევროპათოლოგთანაც მყავდა და და მსუბუქ დამამშვიდებელსაც ვასმევდი, მაგრამ აზრი არ აქვს.გთხოვთ რამე მირჩიოთ.

-აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ აღვნიშნეთ უკვე, რომ ეს არის ლაბილური, ემოციური ფონის პერიოდი. ის რაც ბავშვში ხშირ გუნება-განწყობის ცვლილებას იწვევს, მიმანიშნებელია, რომ ამ ეტაპზე ყალიბდება მისი ემოციონალური სფერო და ტვინი სტრუქტურები, რომლებიც პასუხს აგებენ ემოციონალურ სფეროზე, ამიტომ ასეთი სამედიცინო ჩარევები პრაქტიკულად უკუნაჩვენებია. პირველ რიგში სასურველია დედამ მოიკრიბოს მოთბინება და გაიგოს რა აწუხებს მის შვილს, რა არ სიამოვნებს, გამონახოს დრო და უფრო ახლოს მივიდეს მასთან.

ნატალია:

მყავს 2 წლის და 11 თვის ვაჟი. ძალიან ცელქია, მოუსვენარი, მიდრეკილება აქვს ყველაფრის გაფუჭების, დამტვრევისკენ. არც მოფერება არ ესმის და არც გაბრაზება, მაინც ისე იქცევა როგორს თვითონ სურს, იქნებ რამე მირჩიოთ,როგორი მიდგომაა მასთან საჭირო.

-ძალიან საინტერესოა მშობლის პოზიცია, როდესაც თავიდანვე ვაძლევთ შეფასებას შვილის ხასიათობრივ თავისებურებას, რომ ის არის ცელქი ან უცნაური, ან მოუსვენარი. ბავშვი არც ცელქია, არც მოუსვენარი, უბრალოდ ის არის ისეთი როგორიც არის, უბრალოდ მისი ხასიათობრივი ჩამოყალიბება ხდება ჯერ კიდევ მუცლადყოფნის დროს და უბრალოდ ის თუ აპროტესტებს რაღაც მოვლენებს, რომლებიც მის გარშემო სოციალურ გარემოში ხდება, პირდაპირი სახით აისახება მის ქცევაზე და ამიტომ მშობლისადმი ჩემი რეკომენდაცია იქნება, ყურადღებით დააკვირდეს რა შემთხვევაში ხდება მისი ამ ქცევის გამოვლენა. მას უკეთ შეუძლია შეაფასოს ასეთი გამოვლინებების ხარისხი და სიტუაციურად ზედდება მოახდინოს რა შემთხვევაში უჩნდება ამა თუ იმ ნივთის გაფუჭების სურვილი. თუმცა ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ ამ ასაკში ბავშვებს აქვთ ე.წ. რეაქცია "რა არის ეს". მას უნდა ყველაფერი მოსინჯოს, შეეხოს ხელით და შეიმეცნოს სამყარო პირადი გამოცდილებებით.

მაია:

მყავს 2 წლის ვაჟი, რომელიც ძალიან ჭირვეულია,-სულ ტირის, გაჰკივის და ჯიუტობს. რა გავაკეთო?

-1-დან 3 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქცევის ხასიათი ზუსტად სარკული ანალოგიაა იმისა, რაც მას გარე სოციალურ გარემოში ხვდება, რასაც უშუალოდ თავის მიკრო-სოციუმში აწყდება. ამიტომ მნიშვნელოვანია დედამ უფრო დაკვირვებით შეარჩიოს გარემო, უფრო დახვეწოს მიდგომები ოჯახში ურთიერთობისას. გარდა ამისა, უნდა დახვეწონ სოციალური როლები ერთმანთში მშობლებმა მოზარდ თაობებთან გათვალისწინებით და ბავშვთან მიდგომებიც შესაბამისად უნდა იყოს ამ მოსაზრებიდან გამომდინარე. ბავშვი უმიზეზოდ არ ჭირვეულობს. ბავშვის ქცევა პირდაპირი გამოვლინებაა იმ სიმპტომატიკის, რაც ბავშვის საწუხარს წარმოადგენს. უფრო ახლოს გავიცნოთ ჩვენი შვილი, გავიგოთ მისი ენა და კონკრეტულად ვიმოქმედოთ. კითხვა ძალინ მრავლის მომცველია და მე რამდენიმე ინტერპრეტაცია შემიძლია მივცე, რადგან კონკრეტულ შეკითხვაში არ ჩანს ზოგადად რა არის ეს სატკვარი, ამიტომ ამჯერად ამ პასუხით შემოვიფარგლები. და ბოლოს, - ყურადღება, მზრუნველობა, უსაფრთხოების დაცვა, მასთან ერთად თანაობა და სოციალური გარემოს, ზუსტად და დაკვირვებით შერჩევა.

მაკა:

მყავს 3 წლის ვაჟი. დაბადებიდან უჭმელი, სულ კვების პრობლემა გვაქვს, როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება?

-კვების დარღვევები ჩემს პრაკტიკაში ძალიან ხშირია. ჩივიან იმ ბავშვების მშობლები, რომლებთაც რატომღაც დაერღვათ ფიზიოლოგიური, ძუძუთი კვება და ცხადია ხელოვნური საკვების მიღება მათთვის სტრესული ფაქტორია. თუმცა სხვა ვარიანტებიც შეიძლება განვიხილოთ, რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რადგან არ ვიცი რამ გამოიწვია კვების დაღვევა, მინდა დედა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ ბავშვი ყოველთვის ღებულობს იმდენ საკვებს და იმ ხარისხის, რომელიც მას სჭირდება სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და შემდეგი ზრდა-განვითარებისთვის. სასურველია თუკი საკვების მიღებისას ისევ დედის ჩართულობა იქნება და პირადი ქცევითი მაგალითით დავანახებთ მას საკვების სარგებლიანობას და დავუდასტურებთ მას, რომ ეს სასიამოვნო პროცესია.

ნანა:

ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს ოჯახში. სამწუხაროდ ეს ისეთი ფაქტია, რომ ამის დამალვა შეუძლებელია. შესაბამისად ბავშვს ასეთ გარემოში ყოფნა უწევს. არის 7 წლის. გვირჩიეთ, როგორ შეიძლება ამ სიტუაციაში ბავშვი სწორად ავღზარდოთ?

-7 წლის გოგონა საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ სწორად გაიგოს და შეაფასოს სოციალური თუ მატერიალური მდგომარეობა, რაც ოჯახში სუფევს. დედის პირდაპირი მოვალეობაა რამენაირად ბავშვს მწვავე სტრესორები ააცილოს, აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობები და გამიჯნოს ბავშვი ამ აქტიური სიტუაციიდან. კატეგორიულად დაუშვებელია კონფლიქტურ ოჯახებში ბავშვის თვალწინ სხვადასხვა დრამატული სიტუაციების გათამაშება. თუმცა სასურველია ბავშვს აეხსნას კონფლიქტის მიზანი, მაგრამ ამავე დროს ორივე მოკონფლიქტე მხარე, ან ყველა მოკონფლიქტე მხარის მიერ ცალსახად გაჟღერდეს, რომ მათ ბავშვი უყვართ და ის არაფერ შუაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვზე გადავა დანაშაულის განცდა, რაც შემდგომ მისი ქცევის და ფსიქო-ფიზიკური განვითარების სხვადასხვა ასპექტებში აისახება.

ლალი:

როგორ უნდა აღზარდოს მარტოხელა დედამ  (ბიჭი)?

-ის რაც დედამ უნდა მისცეს, არის სწორად ფორმულირებული სწავლებები, ქცევითი აქტივობები, უსაფრთხოების განცდა, სიყვარული, მეგობრობა, ეს ყველაფერი იგივენაირად უნდა იყოს განხორციელებული როგორც სრული ოჯახების დროს. ამავდროულად მინდა შევეხო კომპეტენტურობას. ამ შემთხვევაში დედის კომპეტენცია ცხადია იზრდება, ის ერთიორად კომპეტენტური უნდა იყოს ყველა იმ საკითხში, რომელი აქტივობების განხორციელებაც ვაჟს დასჭირდება. დედას ვურჩევთ უფრო ახლოს მივიდეს შვილთან. იმეგობროს მასთან.

ქეთი:

ლალის მსგავსად მეც ეს პრობლემა მაქვს. ძალიან ვფრთხილობ შვილის აღზრდის დროს, თუმცა ვფიქრობ, რომ შეცდომებს ვუშვებ. ჩემი შვილი უკვე სკოლის მოსწავლეა, უცნაური ხასიათი აქვს, გულჩათხრობილია და ეს მაშინებს.

-მშობლისგან ბავშვის ხასიათის შეფასება არასწორია. სიტყვა უცნაური არასწორად აღიქმება. როდესაც მე ვამბობ, რომ ჩემი შვილი არის უცნაური, ამის ქვეშ ჟღერს, რომ "მე ჩემს შვილს არ ვიცნობ". როცა მე ვიცნობ, ვხდები ამ უცნაურობის ქვეშ რა და რა იგულისხმება. დედას ვურჩევ, უფრო ახლოს მივიდეს შვილთან. იმეგობროს მასთან და კონკრეტულად გამოიკვეთოს გულჩათხრობილობის მიზეზი. ნუ იქნება აქცენტირებული, რომ დედა არის მარტოხელა. ნუ დავაყენებთ ბავშვს შეცოდების პოზიციაში. ნუ ვაგრძნობინებთ მას, რომ ამით მისთვის შესაძლოა რაიმე საფრთხე შეიქმნას. თუ ვიქნებით კომპეტენტურები, ამას მარტივად გავართმევთ თავს.

მარინა:

როგორები უნდა იყვნენ კარგი მშობლები?

-ყველაზე მთავარი - მშობელმა უნდა მისცეს სიყვარული. უნდა მისცეს ბავშვს საშუალება განავითარონ ის ნიჭი და უნარები, რომელიც ბავშვს გააჩნია. იყოს მომთმენი, ავტორიტეტული, კომპეტენტური და შეძლოს შვილთან მეგობრობა მთელი ცხოვრების განმავლობაში. ეს არის საუკეთესო მოდელი.

ზოგადად როცა ვსაუბრობთ აღზრდის თემებზე, ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ მშობელი და ბავშვი არის ერთიანი სისტემა, რომლიდანაც ცალკე კომპონენტის გამოყოფა კატეგორიულად შეუძლებელია.

ლილი:

რა სახით და როგორ უნდა ვეთამაშოთ პატარებს?

-თამაშის სპეციფიკა ერთ-ერთი აქტიური პროცესია ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარების. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ, რა სურს მას. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკობრივი ნორმა. თამაში ზუსტად უნდა შეესატყვისებოდეს მის ასაკობრივ ნორმას. არ უნდა შევთავაზოთ ისეთი, რამ, რისი გაკეთებაც ბავშვს არ შეუძლია. არ უნდა იყოს მოთხოვნები დაყენებული და არ უნდა დგებოდეს ბავშვის პასუხისმგებლობის საკითხი.

მარი:

ჩემი გოგონა 6 წლის ხდება, მაგრამ იგივე საკვებს ჭამს, რასაც ჩვილობაში. დღემდე სუპს ისე არ შეჭამს, ბოსტნეული თუ არ დავჭყლიტე, უარს ამბობს ყველაფერი ახლის გასინჯვაზე, მათ შორის ნუგბარზე და ტკბილეულზე, შოკოლადი და ნაყინიც კი არ გაუსინჯავს. ვცადე მოფერებაც, წახალისებაც, სიმკაცრეც, იქამდეც კი მივედი, რომ მშიერი დავტოვე იმ ულტიმატუმით, რომ ან ნორმალურად შეჭამდა, ან მშიერი დარჩებოდა, თუმცა უშედეგოდ. სასოწარკვეთილებაში ვარ, არ ვიცი რა გზას მივმართო?

-ძალიან საინტერესო შემთხვევაა. გოგონა ექვსი წლისაა და ალბათ ამდენი წლის განმავლობაში დედას ექნებოდა გარკვეული მცდელობები, გაერკვია სხვადსხვა სახის სპეციალისტებთან, ექიმებთან ბავშვის ფიზიოლოგიური მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, რომ თხევადი საკვების უპირატესობა ხშირად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებისას აღინიშნება. შეიძლება იყოს რანინოლონგიური პრობლემა, თუმცა თუ ეს ყველაფერი გამოკვეთილია, მერე უკვე ვლაპარაკობთ ფსიქოლოგიურ პრობლემაზე, სადაც ჩართულობა ბავშვის კვების პროცესში გამოყოფილია ოჯახის სხვა წევრების აქტივობისაგან. პირველი, რაც უკვე უნდა ყოფილიყო გაკეთებული, როდესაც ბავშვი გადადის ზოგად საკვებზე , თანაობა და პროცესში ჩართულობა მნიშვნელოვანია მინიმალური გამოცდილების მისაღებად. მრავალი ხერხი არსებობს როგორ დაანახოს დედამ- რამდენად სასარგებლოა ეს საკვები . სასურველი იქნება პირადი მაგალითების მოყვანა. არა დიდაქტიკური და დირექტიული გზით. ვნახეთ რომ მშობელს ბევრი უწვალია, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია. მეორადად ვურჩევ, მაინც მიმართოს ფსიქოთერაპევტს, იმიტომ, რომ ექვსი წლის ასაკის გოგონასთვის უჩვეულოა მხოლოდ და მხოლოდ მწირი საკვების მიღება.

ნანა:

რამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის შემოქმედებითი განვითარების უნარის კრიზისი და რა შეგვიძლია გავაკეთოთ მშობლებმა?

-როდესაც ვსაუბრობთ ზოგად უნარებზე და ტალანტებზე, ეს ამოუწურავი თემაა. ძალიან სპეციფიკური და ინდივიდუალურია ამ უნარების გამოჩენა.

ბავშვის შემოქმედებითი უნარების და ტალანტების განვითარებისთვის მთავარია არ მოვახვიოთ თავზე ის უნარები, რაც ჩვენ თვითონ გვინდოდა გვქონოდა და სხვადსხვა გარემო პირობების გამო ეს ვერ შევძელით.

არ იყოს ეს შეკვეთილი უნარები და ეს იყოს ბავშვის რეალური შესაძლებლობიდან გამომდინარე. სასურველია სხვადასხვა არტ მიდგომები, რომელიც ავითარებს შემოქმედებით უნარებს: ხატვითი აქტივობები, ძერწვითი აქტივობები უფრო პატარა ასაკიდან დაწყებული. ზღაპართერაპია, ინტერპრეტირებული ზღაპარი.

ინტერპრეტირებული ზღაპრის შემთხვევაში, როცა ჩვენ ბავშვთან ვყვებით დაუმთავრებელ ზღაპრს, ბავშვს საშუალებას ვაძლევთ თავის ფანტაზიაზე დაყრდნობით განავითაროს სიუჟეტი, მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით და სიუჟეტის მიუღებლობის გამო, არ შევცვალოთ და არ ჩავერიოთ ბავშვის აქტიურ კოგნიტურ პროცესში. დავტოვოთ ზუსტად ისე, თუმცა კითხვები შევავსოთ, მაგრამ არ შევასწოროთ.

გარდა ამისა, ძალიან კარგია როლური თამაშები, განსხვავებით სპონტანური თამაშისა. როლურ თამაშს აქვს ის უპირატესობა, რომ აქტიურ როლში ყოფნისას ბავშვი ღებულობს გამოცდილებას თამაშის პროცესში, რაც მის შემოქმედებით უნარებს პირდაპირი ხაზით ავითარებს.

ნინო:

სოციალურ ქსელში ხშიარად ვრცელდება ვიდეო, სადაც ძიძა ძალადობს ბავშვზე. როგორ შევარჩიოთ ძიძა და საჭიროა თუ არა ფსიქოლოგთან კონსულტაცია?

-ძალიან კარგი შეკითხვაა. არამარტო საჭიროა ფსიქოლოგთან შეთანხმება, არამედ აუცილებელია ყველა ძიძა ფლობდეს მინიმალურ ფსიქოლოგიურ განათლებას, ასაკობრივი კრიზისების შესახებ. მან უნდა იცოდეს ბავშვთა ასაკობრივი ნორმები, გათვალისწინებული უნდა ჰქონდეს ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომელიც ამ ასაკის ბავშვებს წაადგება.

ძალიან მნიშვნელოვანია ძიძის შერჩევისას გავითვალისწინოთ ის ფაქტორები, თუ რა უნარებს ფლობს ძიძა, რანაირი ურთიერთობის დამყარება შეუძლია კონკრეტულ ბავშვთან.

მინდა პირადი გამოცდილებიდან გითხრათ, რომ ხშირად საუკეთესო ძიძა ფლობს გადასარევ უნარებს, მაგრამ ხასიათობრივად, კონკრეტულად იმ ბავშვთან შეუთავსებელია. იმიტომ, რომ მისი მოთხოვნილებები ბავშვის მოთხოვნილებებს არ შეესაბამება. ამ შემთხვევაში სასურველია თუკი ფსიქოლოგი შორიდან მაინც დააკვირდება ძიძა-ბავშვის ურთიერთობას და გარკვეულ რეკომენდაციებს მისცემს ძიძას.

ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ მშობლის ფაქტორის გათვალისწინება. ამ მინიმალურ ფსიქოლოგიურ წესებს უნდა ფლობდეს მშობელიც. რა შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებს, მეც შევხდი და ავღშფოთდი. დასჯის მეთოდად ფიზიკური ძალადობის ფაქტი ნამდვილად არასწორია, თუმცა დასჯის და წახალისების მექანიზმი ბავშვის აღზრდისათვის მეტად მნიშვნელოვანია. მათი თანაბარი წილის დაცვა და სწორ პოზიციაში დაყენება.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას