"შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ... იისფერი ტრუსი მაცვია" - "მოულოდნელი კითხვები" გია ჯაჯანიძეს

"შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ... იისფერი ტრუსი მაცვია" - "მოულოდნელი კითხვები" გია ჯაჯანიძეს

ყურადღებას უცნაური საქციელით იქცევს. უჩვეულოდ იმოსება და ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს, რომ ადამიანებს ცხადია, ამახსოვრდებათ. პროფესია ბევრი აქვს - ფსიქოლოგი, რეჟისორი, ჟურნალისტი და კიდევ არის რაღაცები, რაშიც თავი მოუსინჯავს. ამჯერად გია ჯაჯანიძეს პეკინზე მიმავალს "დავესხი თავს" და "მოულოდნელი კითხვების" რუბრიკაში თავი ასე ამოჰყო.

- სად ხარ?

- ქუჩაში ვარ, პეკინზე. რაღაც ქსოვილი ვიყიდე, ახალი კოსტიუმი უნდა შევიკერო.

- შენ თვითონ უნდა შეკერო?

- აბა? მარინა ხორავას დიზაინერობის შემსწავლელ საერთაშორისო სკოლაში დავდიოდი. ეს საქმიანობა ნასწავლი მაქვს. არაპროფესიონალი და ფინაჩი ადამიანები არ მიყვარს, თუ რამეს ვაკეთებ, მინდა, რომ ხარისხიანად გავაკეთო...

- მალე შენ მიერ შეკერილი სამოსის დეფილეს მოწყობასაც ხომ არ აპირებ?

- ახლა მაგისთვის არ მცალია. რაღაც ბოლო დროს სიყვარულის ხასიათზე დავდექი...

- მეოთხე ცოლის მოყვანას აპირებ?

- არა, გელფრენდი მინდა, რომ მყავდეს და ეგ ამბავიც გამოვცადო...

- მერე შენი შვილები იტყვიან, მამაჩემის გელფრენდიო...

- შვილები ხომ სხვადასხვა ცოლისგან მყავს, ჰოდა, ისინი დედინაცვლებთან არაჩვეულებრივად მეგობრობენ.

- ახლა როგორ ხასიათზე ხარ?

- ბედნიერი ვარ. ბედნიერებისთვის ცოტა მყოფნის. საერთოდ, სულ ბედნიერი ვარ, ნებისმიერ დროს და ამინდში - წვიმაშიც, ქარშიც, მზეშიც...

- არჩევნებზე თუ იყავი და თუ მიეცი ხმა საქართველოს ნათელ მომავალს?

- არა, მე თავისუფალი ადამიანი ვარ... თუ ჩემი ხმა გამოიყენეს და გააყალბეს, რა ვქნა?!

- თავს ზღაპრის რომელ პერსონაჟს ამსგავსებ?

- მე ხომ მუდმივად პატარა პრინცი ვარ და საერთოდ, ცნობილი მეზღაპრე...

- ჭიათურაში რომ დარჩენილიყავი და საცხოვრებლად დედაქალაქში არ გადმოსულიყავი, იქ ვითომ "პრასვეტი" არ გექნებოდა?

- იქ რომ დავჩენილიყავი, ახლა უკვე ჭიათურის მაღაროში დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი...

- ბოლო-ბოლო რა გინდა? რა ცხოვრებას "აწვები"?

- არაფერსაც არ ვაწვები. მე ცხოვრებას მივყვები, - რომ თენდება, ვიწყებ მოძრაობას... პოპულარობითვის არასდროს არაფერი გამიკეთებია. ბავშვობიდან ასეთი ვარ. ჩემს ჯარბელას ორღობეშიც, სადაც ვიზრდებოდი, არც იქ ვაკეთებდი რამეს საამისოდ, ან რაში მჭირდებოდა, მაგალითად, მეზობელ ბებია ანეტასთან ეს?! მაგრამ მაშინაც ყველასთვის ცნობილი ტიპი ვიყავი... აი, ახლა, ვდგავარ ქუჩაში, მაცვია იისფერი შარვალი, იისფერი მაისური, იისფერი წინდები და იისფერი ტრუსი...

- რატომ?

- დღეს ასეთი განწყობა მაქვს. მე ხომ სამოსს განწყობით ვიცვამ? ხოლო თუ რუხი ფერით ვიმოსები, მაშინ ძალიან საყვარელი ვარ (სიცილით ამბობს)...

- ქალაქის მერი რომ იყო, რას იზამდი?

- მხოლოდ გაჭირვებულ ადამიენებს მივეხმარებოდი. ჰო, კიდევ იმ ხეებს, რომლებიც გაზაფხულზე ყვავილობისას ბუმბულებს უშვებენ და ალერგიულ ადამიანებს აწუხებენ, გავანადგურებდი. ქალაქში მოვსპობდი. მისგან ყოველ გაზაფხულზე უამრავი ადამიანი იტანჯება. სულ კარგ საქმეებს გავაკეთებდი (ამასობაში გიას ქუჩაში მომღერალი სოფო ბედია შეხვდა. უკაცრავადო, - მითხრა. ერთმანეთი მოიკითხეს და ჩემთან საუბარი ისევ განაგრძო. - ავტ.) ქრთამს არ ავიღებდი. ვიცი, მილიარდერი ვერ გავხდებოდი, ამომამწარებდნენ. თან, მილიადერობაზე არ ვოცნებობ. ტკბილად მინდა, რომ ვიცხოვრო.

- ცნობილია, რომ ადრე მკითხაობდი. თუ საიდუმლო არ არის, რაზე?

- უი, ეგ ძალიან ადრეულ წლებში იყო. მაგით ვხალისობდი. ოღონდაც, ყველაფერზე ვმკითხაობდი: ხელზე, ლობიოსა და ხორბლის მარცვლებზე, წყალზე, ამით ხომ ფანტაზიის კონცენტრირებას ახდენ?.. თუ ფანტაზიის უნარი გაქვს, რაღაცებს იტყვი. სხვათა შორის, ფრჩხილშიც ვიხედებოდი, ზღაპრებში რომ არის, ისე... ისე, ვინც ჩემზე თქვა, მჩხიბავიაო, მერე ისეთი სერიოზული პრობლემები შეექმნა, რომ მერე მევე შემეცოდა...

- გულებს უხეთქავდი ადამიანებს?

- არა, თუმცა ისე მიწისძვრებს რამდენიმე დღით ადრე ვპროგნოზირებდი. ბოლო დროს ერთი კვირით ადრე წვიმის გამოცნობაც შემიძლია. ასაკი მომემატა და სამყაროს ვუახლოვდები, - ნელ-ნელა მისი ვხდები (სიცილით ამბობს)...

- ცეკვის კონკურსიდან გამოგიშვეს. გავიგე, სიმღერის კონკურსში აპირებ მონაწილეობას...

- კი, რომ არ მიმიღონ, თავი მაინც უნდა მივაღებინო თავი, არც სმენა მაქვს და არც - ხმა, მაგრამ უნდა ვიმღერო.

- ხომ გაგიგონია, - სმენა თუ არა გაქვს, ნამუსი მაინც იქონიეო...

- ეს უნამუსობა იმ უნამუსობასთან, რასაც ქვეყანაში ხალხი სჩადის, რა მოსატანია? ის კი არა, შუშის ხიდიდან მტკვარში გადახტომას ვაპირებ...

- რაა?

- ჰო, ასე მაქვს გადაწყვეტილი. თან, ვერ ვცურავ, მაგრამ მთელი მუღამი იმაშია, რომ თავი მინდა, გამოვცადო, წყალქვეშ მაშველები დამხვდებიან...

- არ გეშინია?

- მე ხომ უშიშარი ვარ. მოკლედ, არაფრის მეშინია, ავი ძაღლისაც კი...

- ახლა რაიმე ლექსი წაგვიკითხე?

- "ჩემი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია,/ ჩემი რწმენა და რწმენის სასახლე,/ შენ ღმერთმა კი არ გამოგიგონა,/ მე გამოგძერწე ჩემი ნეკნიდან...

- შენ დაწერე? ცოტა რითმაში უჭირს...

- შოთა ზოიძემ.

- ჩემთვის უცნობი ადამიანია...

- რას დაეძებ...

- რას არის ვალენტობა?

- ვალენტინობა ვიცი, რაც არის, ვალენტობა - არა.

- სკოლაში ქიმიას არ სწავლობდი?

- სადღა მახსოვს, ამ ბებერ კაცს ქიმია, მაგ საგანს გალინა მასწავლიდა, ასე ერქვა მასწავლებელს. უი, რეებს მახსენებ? არადა, რა კარგ ხასიათზე ვიყავი, რა...

- დაიმახსოვრე, ვალენტობა ატომის თვისებაა, უნარი, შეიერთოს სხვა ატომების განსაზღვრული რაოდენობა... წინა ცხოვრებაში ვინ იყავი?

- მეფე და ადამიანებს საჩუქრებსა და ძღვენს ვურიგებდი. კეთილი მეფე გახლდით.…

- გია, ქალი თუ ფეხბურთი - რომელს აირჩევდი?

- ქალს... ფეხბურთი არ მიყვარს. ბავშვობაში კი მათამაშებდნენ, მაგრამ ბურთს ვერ ვურტყამდი, რომ გოლი გამეტანა...

- ბოლოს რა ფრაზას დაგვიტოვებდი?

- გვიყვარდეს სიცოცხლე და გვახსოვდეს სიკვდილი!

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია