ირმა ნადირაშვილის მძიმე ბრალდება კალაძეს - რას ყვება დეპუტატი მინისტრის ე.წ. ქურდ "რემენასთან" კავშირზე

ირმა ნადირაშვილის მძიმე ბრალდება კალაძეს - რას ყვება დეპუტატი მინისტრის ე.წ. ქურდ "რემენასთან" კავშირზე

ბოლო განახლება: შსს ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, კახა კალაძის დავალებით ძებნილი კანონიერი ქურდი რომან ბარბაქაძე თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა და აეროპორტიდან გაიყვანა - ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა გაავრცელა. ნადირაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა პრესამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში ხუთი დღის წინ დააკავეს ქართველი კანონიერი ქურდი, წარსულში არაერთხელ ნასამართლევი, რომან ბარბაქაძე, მეტსახელად "რემენა".

ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს, მან უკრაინელ სამართალდამცავებს წარუდგინა ყირგიზეთის მოქალაქის, რამინ ალხაზოვის პასპორტი. დაკავების შესახებ უკრაინის მილიციამ საქართველოს საკონსულოს აცნობა და კიევის შევჩენკოს რაიონის მიგრაციის სამსახურმა ის გამოადეპორტა დროებითი მოწმობით.

ნადირაშვილის თქმით, მათ მოიპოვეს დამატებითი ინფორმაცია. დეპუტატი ავრცელებს ბარბაქაძის ავიაბილეთისა და რეისის ნომერს.

"თვითმფრინავი გამოფრინდა ბორისპოლის ტერმინალიდან 21 ივნისს, 19.35 საათზე, თბილისში კი, მოვლენები ასე განვითარდა: რომან ბარბაქაძეს აეროპორტში ელოდებოდა კრიმინალური პოლიცია, რომ გაეტარებინა კანონით გათვალისწინებული ზომები და დაეკავებინა როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილი. თვითმფრინავის დაჯდომის მომენტში, აეროპორტში გამოჩნდნენ შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მათ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ასრულებდნენ ვიცე-პრემიერ კახა კალაძის დავალებას, კერძოდ, მათი თქმით, "რემენა" იყო არა კანონიერი ქურდი, არამედ ბიზნესმენი და გენერალურმა ინსპექციამ ძებნილი პირი თვითმფრინავის ბორტიდან მოხსნა, ბარბაქაძე აეროპორტიდან გაიყვანა, რომლის მიერ საზღრის კვეთაც კი არ ფიქსირდება", - განაცხადა ნადირაშვილმა.

მან ამასთან დაკავშირებით კითხვით მიმართა ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, ასევე შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებს.

"მივმართავ კითხვით ვიცე-პრემიერ კახა კალაძეს, იცნობს თუ არა კანონიერ ქურდ "რემენას" და რა კავშირი აქვს მასთან. ასევე შეკითხვით მივმართავ შსს-ს, რატომ არ მიაწოდეს საზოგადოებას ინფორმაცია კანონიერი ქურდის დეპორტაციის თაობაზე. ასევე მივმართავ სასჯელაჯღსრულების სამინისტროს, იმყოფება თუ არა აღნიშნული პირი სასჯელაღსრულების რომელიმე დაწესებულებაში", - აცხადებს ნადირაშვილი.

ამასთან, ნადირაშვილის ინფორმაციით, "რემენა" დაკავებული არ არის და სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე არ უმსჯელია. ამასთან, ნადირაშვილის თქმით, ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს, გამოიყენოს თავისი დისკრეცია, 24-საათიანი მონიტორინგის შესახებ და გაავრცელოს ინფორმაცია ამ პირის ადგილსამყოფელის შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა