დაამტვრიეს თუ არა მზია ორველაშვილმა და მისმა მეუღლემ მეორე ადგილისთვის მიღებული თასი

დაამტვრიეს თუ არა მზია ორველაშვილმა და მისმა მეუღლემ მეორე ადგილისთვის მიღებული თასი

მოცეკვავე მზია ორველაშვილი და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ქორეოგრაფი საშა ოხრიმენკო უკვე ორი წელია, ერთად ცხოვრობენ. გადაწყვიტეს, სხვადასხვა კონკურსზე ერთად გამოვიდნენ. პირველად საქართველოს ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა და მეორე ადგილზე გავიდნენ.

საქართველოს ჩემპიონატს სკანდალები არ აკლდა. დეტალებზე მზია ორველაშვილმა გვიამბო.

- როგორ ფიქრობ, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' როგორ შეიძლება, მოვლენები განვითარდეს? ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული?

- რთული კითხვა დამისვი. ძალიან კარგი მონაწილეები დავრჩით. ჩემი აზრით, ლევან ჩიჩუა ისეთი მოცეკვავეა, რომ ფინალში მოხვედრას იმსახურებს. რა მოხდება, ნამდვილად არ ვიცი. ყველა ბევრს ვნერვიულობთ.

- ჟიურის წევრების უმეტესობა ხშირად ამბობდა, რომ ლევანი კარგად ცეკვავს, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც დაბალ ქულებს გიწერდნენ.

- რამდენიმე ვარსკვლავი ზუსტად იმავეს ამბობს. სიტყვიერად კარგად გვაფასებენ და ეს ქულებზე არ აისახებაო. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ. მხოლოდ ერთ ცეკვაში ეკუთვნოდა ლევანს იმაზე მეტი ქულა, რაც დაუწერეს. როცა ესპანური ვიცეკვეთ, ერთი ათიანი მაინც უნდა დაეწერათ, მაგრამ არ იყო ის ათიანი. ალბათ, ჩვენი ბედიც ეს იყო.

ჟიურის წევრებით უკმაყოფილო ვარ-მეთქი, ნამდვილად ვერ ვიტყვი. გულწრფელად გეტყვით, არაჩვეულებრივი შეგრძნებაა, მე და ლევანი საუკეთესო წყვილებს შორის რომ მოვხვდით. გუგა კუზანოვსა და ოთარ ტატიშვილზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად ცეკვავდნენ. ყველას თავისი პლუსი ჰქონდა. ლევანი მათზე ახალგაზრდა და უფრო მოქნილია. ყოველთვის აღვნიშნავ, რომ ოთარ ტატიშვილი უზომოდ მიყვარს, დღემდე ჩემი მეგობარია. გუგასაც ძალიან დავუმეგობრდი, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ მასთან კონტაქტს, რადგან უკრაინაში გავთხოვდი.

- როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ სამეჯლისო ცეკვებში საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა და მეუღლესთან ერთად მეორე ადგილზე გახვედი.

- მე და ჩემს მეუღლეს სავარჯიშოდ ბევრი დრო არ გვქონდა. მე პროექტში ვარ და ჩემი მეუღლე ამავე პროექტში ქორეოგრაფია. პირველ ორ ადგილს შორის დიდი სხვაობა არ ყოფილა. ერთი ქულით მოგვიგეს. ანი ჯაჯანიძე და იაკობ ყუფუნია უფრო კარგად მოემზადნენ, თუმცა მე მეორე ადგილითაც კმაყოფილი ვარ და თქვენი ჟურნალის საშუალებით მინდა მივულოცო მათ. პირადად არ მიმილოცავს, არ მქონდა ამის საშუალება.

დაწერეს, რომ მე და ჩემმა მეუღლემ მეორე ადგილის გამო უკმაყოფილება გამოვთქვით. რა თქმა უნდა, ჩემთვის ძნელი იყო მეორე ადგილის აღება. სანამ ბელორუსიაში წავიდოდი, ყველა ჩემპიონატი მოვიგე. ახლა გული იმაზე კი არ დამწყდა, რომ ვიღაცამ მომიგო. ჩემ თავზე დამწყდა გული, ვიფიქრე, რომ რაღაც ვერ გავაკეთე სწორად. როდესაც ასეთ საპასუხისმგებლო ტურნირში მონაწილეობ, სხვა პროექტში არ უნდა ჩაერთო. იმედია, სამომავლოდ კარგად მოვემზადებით და პირველ ადგილს დავიბრუნებ.

''ფეისბუქზე'' ტურნირის ფოტოებზე კომენტარები დაიწერა, რომ ვითომ მე და ჩემმა მეუღლემ მოგებული თასი დავამტვრიეთ. ენას ძვალი არ აქვს. ზოგიერთს მხოლოდ ლაპარაკი უნდა და ყველაფერს ამბობს. მე და ჩემი მეუღლე ისეთ დონეზე არ დავეშვებით, რომ თასების მტვრევა დავიწყოთ.

- თასი არ გატეხილა?

- გატყდა. გასახდელში რომ შევედით, ოთო ფოლადაშვილს მესამე ადგილს ვულოცავდით. ზუსტად ამ დროს საშა თასს დებდა მაგიდაზე. მოტრიალდა და გადმოვარდა. გვერდი ცოტათი მოტყდა და თქვეს, რადგან მეორე ადგილის პრიზი იყო, იმიტომ დაამტვრიესო. ეს დიდი სისულელეა. დღეს ანი და იაკობი არიან პირველები, ხვალ ოთარი და ჯულიანა იქნებიან და ზეგ - მე და საშა. მერე ვიღაც სხვა გაიმარჯვებს. ''კავკასიის თასი'' რომ ჩატარდა, იაკობი და ანა მეოცე ადგილზე გავიდნენ და ჩვენ - მეცამეტეზე. მეორე ადგილის გამო ისტერიკები არ მოგვიწყვია. ხალხი ხელოვნურად ძაბავს სიტუაციას.

- შესაძლოა, ასეც არის, მაგრამ რადგან მათთვის მილოცვა ვერ მოახერხეთ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ თქვენს წყვილებს შორის დაძაბული ურთიერთობაა.

- შეიძლება, ისინი გაბრაზდნენ და იმიტომ გავრცელდა ეს ჭორები. ანი ჯაჯანიძე ძალიან კარგი ადამიანია. იაკობს კარგად არ ვიცნობ. პროექტში კი იყო, მაგრამ მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა არ მქონია. ანის ძალიან დიდ პატივს ვცემ. იყო დრო, როცა ანის უნდოდა, ჩემს სტუდიაში მემეცადინებინა, კარგად ცეკვავს. მის მიმართ არანაირი ანტიპათია არ მაქვს. არაპროფესიონალიზმია, როცა ადამიანი მოგიგებს და შენ მას შეიძულებ. მისთვის მილოცვა მხოლოდ იმიტომ ვერ მოვახერხე, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' რეპეტიციაზე მეჩქარებოდა.

- ამბობენ, სამეჯლისო ცეკვების სხვადასხვა სტუდიას შორის დაძაბული ურთიერთობაა. ''თელას'' სტუდიის მოცეკვავე ხარ?

- ''თელას'' მოცეკვავე არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ჩემი მშობლების სტუდიაში ვცეკვავდი.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება