ცოფი თბილისში: "ექვსი თვის ფეხმძიმე გოგო გადავარჩინეთ, მაგრამ ბავშვი დაკარგა"

ცოფი თბილისში: "ექვსი თვის ფეხმძიმე გოგო გადავარჩინეთ, მაგრამ ბავშვი დაკარგა"

ძაღლთმოძულე და უგულო არ გეგონოთ; უფრო მეტიც, მეც ამირიდებია თვალი ქუჩაში თავისუფლად მონავარდე ძაღლებისთვის და გამიფიქრებია: რადგან არსებობას ვერ ვუმსუბუქებ და ვერაფრით ვეხმარები, პრობლემებს მაინც არ შევუქმნი-მეთქი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი და პრობლემისთვის თვალის არიდებამ შეიძლება, მკვლელობის თანამონაწილედაც კი გვაქციოს... ჰო, არაფერი შემშლია: სწორედაც სიკვდილის შემცველ ნაღმს ატარებენ ეს ერთი შეხედვით უწყინარი "მეგობრები" - მოუვლელები, ათასი ინფექციის მატარებლები; ბოლოს და ბოლოს, მშივრები და ამის გამო გაბოროტებულები.

ყველა დიდ ქალაქშია სამსახური, რომელსაც მაწანწალა ძაღლების დაჭერა და მათგან ქუჩების გასუფთავება ევალება, მაგრამ ფაქტია, რომ ძაღლების რაოდენობა არ მცირდება. ვილაპარაკოთ თუნდაც, ჩემი მშობლიური ქალაქის - ქუთაისის მაგალითზე. საკმარისია, ათიოდე წუთით გაისეირნოთ ამ სავარდო და სამაისო ქალაქის ქუჩებში, რომ სათვალავი აგერევათ, იმდენნაირ და ისეთი ჯიშის ძაღლებს გადააწყდებით. ზოგიერთ მათგანს ეტყობა, რომ ახალი გამოგდებული ჰყავს "მზრუნველ" პატრონს ქუჩაში: დაბნეულია და ქუჩაში დაბადებულ-გაზრდილი ანუ გამოცდილი ძაღლები ადვილად ერევიან. აქვთ ერთი გაწევ-გამოწევა და გნიასი. ვიდრე ჩხუბს არ დაამთავრებენ, ჯობია, მათ სიახლოვეს არ გაიაროთ, თორემ შეიძლება, თქვენზეც გამოიწიონ...

განსაკუთრებით ბლომად სანაგვე ურნების გვერდით იკრიბებიან იმის მოლოდინში, რომ ვინმე მათთვისაც გამოიტანს სასუსნავს; ზოგიერთმა ურნაში ჩახტომაც და ნაგვის ქექვაც ისწავლა. ამას წინათ, თავზე რომ წავადექი, ერთმა ისე დამიღრინა, კანონმორჩილი მოქალაქე რომ არ ვიყო, ურნისკენ აღარც გავიხედავდი და პირდაპირ ქუჩაში დავაგდებდი ნაგვის ფუთას. შიშს დიდი თვალები რომ აქვს, ეს ხომ ყველამ ვიცით?!

ორი წლის წინ ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში: ქუჩის ძაღლმა დედისერთა ბიჭი დაკაწრა და რადგან ჭრილობა დიდი არ იყო, ბავშვმა არც გაამხილა მომხდარი. შედეგად, ცოფი განუვითარდა და მის უბედურ დედას დღემდე არ შეუხედავს მზისთვის, შავი თავსაბურავის მიღმა ემალება მისთვის მიუღებელ რეალობას...

ორიოდე კვირის წინ, ექვსი თვის ფეხმძიმე გოგოს გამოეკიდა მაწანწალა ძაღლი და წააქცია. გულწასულს შემთხვევითი გამვლელები მივეშველეთ და გადავარჩინეთ ძაღლის კბენისგან, მაგრამ შიშზე ტკივილები დაეწყო და ბავშვი დაკარგა. მკვლელობაა ეს, აბა, რა არის?!

ის ძაღლი არ დაუჭერიათ, გაიქცა, იმ ადგილიდან გადაიკარგა, შეეშინდა ხალხის, მაგრამ ქალაქიდან და ქვეყნიდან ხომ არ გაიქცეოდა დაჭერის შიშით და ვინ იცის, ხვალ და ზეგ ვისზე გადმოანთხევს აგრესიას?!

სიმართლე გითხრათ, არც მერიისთვის მიმიმართავს შეკითხვებით ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით და მით უფრო, ქუთაისში მომუშავე პარლამენტარებისთვის, რომლებმაც კანონი დიდი ხნის წინ მიიღეს: წესით, ქალაქის ქუჩებში მაწანწალა ძაღლები არ უნდა იყვნენ, მაგრამ იმავე კანონით, თუ ცოფიანი და განსაკუთრებით საშიში არ არის, მათთვის არც სიცოცხლის მოსპობა შეიძლება (არადა, როგორი საცნობია, რომელი ძაღლია საშიში და რომელი - არა?)! უპატრონო ძაღლები თავშესაფრებში უნდა მოათავსონ, მაგრამ საკითხავია - რომელ თავშესაფარში?! ძაღლები კი არა, ადამიანები ვერ მოგვითავსებია ჭერქვეშ ღარიბებსა და "ჯიბეგაფხეკილებს"; ზამთარი ვერ გადაგვიგორებია, შიმშილითა და სიცივით რომ არ მოგვიკვდეს რომელიმე უსახლკარო თანამემამულე...

ასეა თუ ისე, პრობლემა რომ სასწრაფოდ მოსაგვარებელია, ამაში მაინც ვერავინ შემეკამათება ალბათ და რადგან ძაღლებთან მებრძოლი (თუ რაც ჰქვია) სამსახური არსებობს, კეთილი ინებონ და დღე და ღამე სდიონ უპატრონო ძაღლებს, ვიდრე უბედურება პირადად და თითოეულ ჩვენგანს არ შეხებია მაწანწალა ძაღლების სახით. ევროპელობა რომ გვინდა და ამისთვის მზად ვართ ეკლესიასაც კი დავუპირისპირდეთ, ამის საპასუხოდ გეტყვით: რამდენიმე ქვეყანაში ვარ ნამყოფი და არსად მინახავს ქუჩაში თავისუფლად მონავარდე მაწანწალა ძაღლი; უფრო მეტიც, ყველგან გასეირნება მათთვის პატრონთან ერთადაც კი აკრძალულია, მით უფრო - ალიკაპის გარეშე; ისიც მინახავს, თუ რომელიმემ ქუჩა დააბინძურა, დაჯარიმების შიშით, ცელოფანის პარკით შეიარაღებული პატრონი პირწმინდად რომ ასუფთავებს ქუჩას.

წესით, უპატრონო ძაღლების თარეში რიგითი მოქალაქის დისკრიმინაციაა და კარგი იქნებოდა, თუ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას სახელმწიფო პირველ რიგში, მათგან დაიცავდა მოქალაქეებს და ხაზგასმით არ მოგვიწოდებდა ლგბტ საზოგადოების გაგებისა და მიღებისკენ. ბოლოს და ბოლოს, მათ არც "ვკბენთ და არც ვცოფავთ"... ძაღლს კი ჭკუა არ მოეკითხება, მათი აგრესიისგან დაცული არავინაა, სახელმწიფო მოხელეების ჩათვლით.

ინგა ჯაყელი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ