ჯიხვებზე უკანონოდ მონადირე - ცოლ-შვილი მშიერი მყავს და ვეღარ დავზოგე

ჯიხვებზე უკანონოდ მონადირე -  ცოლ-შვილი მშიერი მყავს და ვეღარ დავზოგე

ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში მცხოვრები ჯიმშერ შველიძე და დავით ბიწაძე, რომლებსაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონოდ მოკლული 2 ჯიხვი ჩამოართვეს, ამ დრომდე არ არიან დაკავებულები.

ჯიმშერ შველიძე კახეთის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ამბობს, რომ ჯიხვები ნაკრძალის ტერიტორიაზე არ მოუკლავთ და ისინი კაბალჰესთან, კაკლიანში ნახეს. მისივე თქმით, დეპარტამენტის თანამშრომლებს მან 30 კილოგრამზე მეტი ხორცი გადასცა, ვიდრე ეს სამართალდარღვევის ოქმშია აღწერილი.

"სოკოზე ვიყავი წასული. ვარ ძალიან გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი. ცოლ-შვილი მშიერი მყავს, ჯიხვი შემხვდა და ვეღარ დავზოგე. 86 წლის მამა მყავს, 80 წლის დედა, ინვალიდი ძმა მყავს, სამი პატარა ბავშვი, პურის ფული არ გვაქვს. დამაპატიმრონ, აბა რა ვქნა. თანხას მე ვერ გადავიხდი. ძალიან მიჭირს, ძალიან გაჭირვებული ვარ და ვეღარ შევიკავე თავი, რომ ოჯახისთვის რამე მიმეტანა", - აცხადებს შველიძე.

შეგახსენებთ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ 1 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ მსხალგორში, უკანონო ნადირობის დროს მოკლული 2 ჯიხვი ამოიღეს. სამინისტროს ცნობით, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა 130 000 ლარი შეადგინა და სამართალდამრღვევებს უკანონო ნადირობისას გამოყენებული იარაღები და დაახლოებით 30 კილოგრამი ჯიხვის ხორცი ჩამოერთვათ.

ჯიხვი წითელ წიგნშია შეტანილი და მასზე ნადირობა აკრძალულია. ბინადრობს სუბალპურ და ალპურ სარტყელში. გვხვდება აგრეთვე ტყის სარტყლის კლდოვან ხეობებში.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა