ეჭვიანობს თუ არა ქმრის სასიყვარულო სცენებზე გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე

ეჭვიანობს თუ არა ქმრის სასიყვარულო სცენებზე გიორგი ბახუტაშვილის მეუღლე

სერიალ ''ჩემი ცოლის დაქალების'' პოლიტიკოსი ცოტნე ცოტაშვილი, იგივე გიორგი ბახუტაშვილი, დაოჯახდა. მისი მეუღლე თაკო შოშიაშვილია, რომელიც თეატრალურ უნივერსიტეტს ახლა ამთავრებს, ოპერატორი და იმავდროულად მოდელია, თუმცა ამბობს, რომ ეს უკანასკნელი მისთვის ჰობია. წყვილს ინტერვიუსთვის შინ ვესტუმრეთ.

- როგორც ვიცი, ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში არ გაგიცნიათ, სად შეხვდით?

თაკო:

- ოპერატორები და რეჟისორები თეატრალური უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ვორონცოვზე ვართ, მსახიობები კი პირველ კორპუსში სწავლობენ, ამიტომაც შეხვედრა არ გვიწევდა. ერთმანეთი საერთო მეგობრის სალომეს სახლში გავიცანით.

გიორგი:

- იქ მისულს უამრავი ადამიანი დამხვდა, თაკო უმრავლესობას იცნობდა, მე კი - მხოლოდ სალომეს, შესაბამისად, სიტუაციიდან გამომდინარე, თავშეკავებული ვიყავი. მაშინვე შევნიშნე თაკოს გულწრფელობა, რამაც მომაჯადოვა, ძალიან ვაფასებ ამ თვისებას ადამიანში.

- როგორც ვიცი, საკმაოდ მოკლე პერიოდში შექმენით ოჯახი. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?

თაკო:

- ეს პერიოდი უფრო მოკლე იქნებოდა, მარხვა რომ არ დაგვმთხვეოდა,… ჩვენი შეყვარებულობა, რომელიც 5 თვეს გაგრძელდა, უცხო თვალიდან მოკლედ ჩანს, ჩვენთვის კი ძალიან გაიწელა (იღიმის). მოვლენები თავიდანვე ისე სწრაფად განვითარდა, შეგრძნება მქონდა, თითქოს გიორგის მთელი ცხოვრება ვიცნობდი.

გიორგი:

- ჩვენს ურთიერთობაში გაპრანჭვის პერიოდი სულ რაღაც ერთ კვირას გაგრძელდა, მალევე მივხვდი, რომ თაკო იშვიათი თვისებების მატარებელია, ჩავთვალე, რომ დროის დაკარგვას აზრი არ ჰქონდა და ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მივიღე. ჩემს პროფესიაში ყველაზე მეტად რაც ფასობს, გულწრფელობაა, ალბათ ამიტომ მაქვს ამაზე ''გართულება''.

- როგორც ვიცი, ბრწყინვალე შვიდეულში ჯვრისწერა არ ხდება, მაგრამ თქვენ ეს მოახერხეთ, როგორ?

თაკო:

- მართალია, ამ პერიოდში არ წერენ, მაგრამ პატრიარქის კურთხევით გამონაკლისი დაუშვეს.

გიორგი:

- ჯვრისწერა რომ გადავწყვიტეთ, აღდგომის მარხვა იყო, 20 აპრილს ხსნილდებოდა, 21 მიცვალებულების დღე იყო და ამიტომ 22 დავნიშნეთ ჯვრისწერის თარიღად, თან ჩვენთვის ეს რიცხვი სიმბოლური იყო, 22 ნოემბერს გავიცანით ერთმანეთი და 22 აპრილს გვინდოდა დაქორწინება. იმ მომენტში ვერ გავაანალიზეთ, რომ ბრწყინვალე შვიდეულში ჯვრისწერა არ შეიძლებოდა, მაგრამ ბოლოს პატრიარქის კურთხევით დაგვწერეს ჯვარი.

- ვისი დაგეგმილი და ორგანიზებული იყო ჯვრისწერა?

- თაკო ჯვრისწერამდე ერთი კვირით ადრე გაქრა. კოშმარული ერთი კვირა იყო.

თაკო:

- ფლორენციაში მომიხდა ჩვენებაზე წასვლა და ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საქმეს რომ ვრჩებოდი, სასტუმროს ნომერში ვიჯექი გამოკეტილი და ველოდი, როდის მოიცლიდა გიორგი, რომ ინტერნეტით დავლაპარაკებოდი. საშინელება იყო! პირველად რომ დავინახე ''სკაიპით'', მაშინ გავაცნობიერე, რომ ერთმანეთისგან ძალიან შორს ვიყავით. წინასწარ გვქონდა დაგეგმილი ყველაფერი, მაგრამ იყო ისეთი დეტალებიც, რომლებიც უჩემოდ ვერ მოგვარდებოდა, თუნდაც კაბის საკითხი, სხვა ხომ ვერ მოიზომებდა?! საბოლოო ჯამში, თბილისში ორი დღით ადრე ჩამოვედი, მაგრამ მაინც ყველაფერი მოვასწარით.

- თანაცხოვრების შემდეგ რა ახალი თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

- ერთადერთი დისკომფორტი, რაც გიორგისთან ურთიერთობაში მქონდა, ის გახლდათ, რომ 24 საათის განმავლობაში ერთად ვერ ვიყავით, თანაცხოვრებამ კი ეს შეცვალა და სრულყოფილი გავხდი. მგონია, ჩემი ნაწილი ვიპოვე და უფრო ბედნიერი ვარ, ვიდრე ვიყავი.

- გიორგი, თაკოს კულინარიული ნიჭი თუ აქვს?

- კი, ძალიან კარგად ამზადებს - გუფთა, ჩახოხბილი... ყველაფერი ეხერხება და ძალიან გემრიელი გამოსდის. რამდენიმე დღის წინ სტუმრებს ველოდით, ვერაფრის მომზადებას ვერ ვასწრებდით, ამიტომ წავედით და მზა საჭმელები ვიყიდეთ, მაგრამ ვერაფერი ვჭამე, ისე მივეჩვიე თაკოს მომზადებულ გემრიელ კერძებს, სხვა აღარ მომწონს. კარგ კულინარად დადგომაში თაკოს იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჩვენს ჯვრისწერამდე ერთი თვით ადრე თაკოს დედას ხელი მოსტყდა და საოჯახო საქმეებმა მასზე გადაინაცვლა. თავიდან ძალიან წუწუნებდა ამის გამო, მაგრამ მერე მიეჩვია ყველაფერს და დღეს კარგი დიასახლისია.

- ძალიან შეხმატკბილებული წყვილი ხართ, მაგრამ ალბათ არის საკითხები, რაზეც კამათობთ..

- გვიჩხუბია, როგორ არა, მაგრამ იმის გამო არა, რომ რომელიმე საკითხზე ჩვენი აზრი არ დაემთხვა. მიზეზი, ძირითადად, თაკოს დაგვიანებაა.

თაკო:

- ძალიან ნელი ვარ (იცინის).

გიორგი:

- როგორც უნდა გავბრაზდე, გაღიზიანების ტალღა გადაივლის თუ არა, ჩვეულებრივად ვართ, როგორც მანამდე ვიყავით. ჩემთვის დავფიქრდები ხოლმე, ამაზე ძვირფასი არავინ მყავს, ამის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და რის გამო ვეკამათები-მეთქი...

თაკო:

- ცოლქმრობა სხვანაირად წარმომედგინა, მეგონა, ყოველდღიურობა ანაცვლებდა ბევრ რამეს, მაგრამ ჩვენთან ეს არ მომხდარა, პირიქით, მგონია, ისევ შეყვარებულები ვართ, უბრალოდ, ერთად ვცხოვრობთ.

- თაკო, რამდენად რთულია უყურო საყვარელ ადამიანს სასიყვარულო სცენებში?

- სიმართლე გითხრა, არ მაღიზიანებს ეს და არ მიჭირს, რადგან მაგ სფეროში ვარ და ვიცი, რაც ხდება გადასაღებ მოედანზე. ამ ყველაფერს პროფესიული კუთხით ვუყურებ და არა როგორც გიორგის ცოლი, რომლის ქმარიც სხვას ეკოცნავება (იცინის). ბუნებითაც არ ვარ ეჭვიანი, თან ძალიან ვენდობით ერთმანეთს და ეს ყველაფერს მიადვილებს.

იხილეთ სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება