თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი შეემატა

თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი შეემატა

თბილისის ზოოპარკს 19 აფრიკული პინგვინი შეემატა. ამის შესახებ ზოოპარკის ოფიციალური "ფეისბუქ-გვერდი" ავრცელებს ინფორმაციას.

"დღეს, გამთენიისას, თბილისის ზოოპარკში 19 აფრიკული პინგვინი ჩამოვიდა. პინგვინები დიდი ბრიტანეთის ქალაქ ტორქიდან, ზოოპარკ Living Coasts-ისგან გადმოგვეცა საჩუქრად. აფრიკული პინგვინები ((Spheniscus demersus), ინგლისურად African penguin, Jackass penguin, Black-footed penguin) სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში არიან გავრცელებულნი, შესაბამისად საქართველოს ჰავა სრულად ესადაგება მათი სიცოცხლისთვის აუცილებელ კლიმატურ პირობებს.

აფრიკული პინგვინების მიღება ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, რადგან ეს სახეობის პინგვინები გადაშენების პირას იმყოფებიან და გამრავლების სპეციალურ პროგრამაში არიან ჩართულნი. აფრიკული პინგვინების ჩამოყვანით, ჩვენც შევუერთდით ამ პროგრამას და გავხდით პირველი ზოოპარკი მსოფლიოში, რომელსაც მისცეს აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის უფლება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვართ ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის (EAZA) წევრები. გადაწყვეტილება, აფრიკული პინგვინების საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებით, სწორედ ზემოხსენებულმა ორგანიზაციამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ ამჟამად თბილისის ზოოპარკი ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციის წევრობის კანდიდატია.

აფრიკული პინგვინები ჩვენთან მათთვის შესაბამის გარემოში იცხოვრებენ. მათ გაშლილი, ლამაზი პინგვინარიუმი დავახვედრეთ, დიდი აუზითა და ქვიშიანი სანაპიროთი, სადაც თავშესაფარი ადგილები, პატარა გამოქვაბულები და თიხის საბუდრებია მოწყობილი.

ჩვენს ახალ ბინადრებს მოუვლიან ქართველი მომვლელები, რომლებმაც მომზადების სპეციალური კურსი ინგლისში გაიარეს. საბოლოოდ, ვეცდებით მთავარი მისიის შესრულებას და გადაშენების პირას მყოფი პინგვინების გამრავლებას", - აღნიშნულია ზოოპარკის განცხადებაში.

პინგვინების მონახულება მსურველებს უკვე შეუძლიათ. ზოოპარკის გვერდზე ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახალი ბინადრების მონახულების სურვილი უკვე ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა. ზოგიერთი მათგანი ხუმრობით აღნიშნავს, რომ პინგვინები ბიძინა ივანიშვილის საჩუქარია.

იხილეთ ასევე: ივანიშვილის ბიზნესცენტრში ზვიგენები დაბინავდნენ (ექსკლუზივი)

ბიძინა ივანიშვილი: "ბეღურები სააკაშვილს მაგონებენ”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია