ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ია სუხიტაშვილი მკერდის გამოჩენის გამო ბოდიშს იხდის

ია სუხიტაშვილი ფიქრობს, რომ პოპულარობისთვის სკანდალებით არ მიუღწევია და, რასაკვირველია, ეს ასეც არის. ცდილობს, საქმით გახდეს პოპულარული, თუმცა ამბობს იმასაც, რომ მისი მეუღლე, ასევე მსახიობი მიშა მესხი, მასზე გაცილებით ცნობილია და ქუჩაშიც უფრო ხშირად მის დანახვაზე გამოხატავენ რეაქციას, იას კი ზოგჯერ, თქვენ წარმოიდგინეთ, ვერც ცნობენ.

- ბავშვობაშიც არ მქონია იმის ამბიცია, რომ პოპულარული ვყოფილიყავი. მსახიობობაზეც არ მიფიქრია. ძალიან დაკოპლექსებული გახლდით. გამხდარი ვიყავი და სადაც უნდა წავსულიყავი, ყველა ამას მეუბნებოდა, ამიტომაც ისეთ პროფესიაზეც არ მიფიქრია, რასაც პოპულარობა მოაქვს. თუმცა რადგან გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარება და გავხდი მსახიობი, ეს თავისთავად მოხდა.

ყოველთვის მინდოდა, მეკეთებინა საქმე და ამით გავმხდარიყავი ცნობილი. დღეს რასაც ვკითხულობ, ძირითადად, სკანდალებით ხდებიან ცნობილები. ჩემს ბევრ კოლეგას უთქვამს, მინდა ვიყო პოპულარულიო, მაგრამ არასდროს უთქვამთ, რომ სურდათ, თავიანთი საქმით გამხდარიყვნენ ცნობილები. მათ გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან ძალიან ცნობილი სახეები არიან.

მე გამიმართლა, რომ თეატრში რამდენიმე როლი შემხვდა, რომელმაც გარკვეულ საზოგადოებაში გამხადა პოპულარული. ნელ-ნელა ალბათ ამან მოიტანა ცნობადობა. პირველად ეს მაშინ ვიგრძენი, როდესაც რუსთაველის თეატრში ოფელია ვითამაშე. პრემიერის შემდეგ ყველაფერი სხვანაირად წავიდა.

- ფართოდ პოპულარული როდის გახდი?

- იმის მიუხედავად, რომ უამრავი კინოროლი დამიგროვდა, ვერ ვიტყვი, რომ ქუჩაში ყველა მცნობს. ჩემი მეუღლე ჩემზე ბევრად პოპულარულია. არიან ჩემზე პოპულარული ადამიანები, მაგალითად, რუსკა მაყაშვილი, ანრი ჯოხაძე.

''X ფაქტორსაც'' თავიდანვე არ დავთანხმდი, რადგან მგონია, რომ ტელევიზია ჩემი არ არის. ძალიან აზარტული ვარ, მყავდა და მყავს ჩემი ფავორიტები შოუში, ამას სხვა მუღამი დავუჭირე, მაგრამ ჩემი ცხოვრების ნაწილი ტელევიზია ვერასდროს გახდება. აქაც გამიმართლა, რომ ასეთ გემოვნებიან გადაცემაში მოვხვდი, სადაც ყველა თავის საქმეს ძალიან კარგად აკეთებს.

- კრიტიკა მსმენია შენი და გეგას წყვილზე, სხვა წამყვანებთან შედარებით, ნაკლებად ენერგიულები და სიტყვაძუნწები არიანო.

- ვეთანხმები ამ კრიტიკას. წამიკითხავს შედარება ვანოსა და თიკას წყვილთან. მიკვირს, რაღა მაინცდამაინც მათ გვადარებენ, პროპორციაშიც ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, რეალურად მათ ცოტა სხვა სტილის გადაცემაც მიჰყავდათ, სადაც შეიძლებოდა, უფრო მეტი ''კაიფი'' და მუღამი დაგეჭირა. მე არ შემიძლია ზედმეტი ლაზღანდარაობა და ოხუნჯობა. ამბობენ, ცოტა მკაცრი ხარო. არ ვიცი, როგორ უნდა ვიყო მკაცრი.

- უამრავი ადამიანი გახდა პოპულარული, თუ შემატა თავის ცნობადობას გარკვეული ქულები, მკერდის დემონსტრირებით. შენც გამოჩნდი შოუში ისეთ სამოსში, რომელშიც მკერდი გამოგიჩნდა.

- ეს იყო ჩემი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა. როდესაც მოზომებაზე მივედი, კაბას ჰქონდა მილისებური ღრმა დეკოლტე, თუმცა არაფერი ჩანდა. ჩემი შეცდომა ის იყო, რომ სამოსის მორგებისას მოძრაობაშიც უნდა მენახა, როგორი იყო. გადაცემის მსვლელობისას, ემოციებში რომ შევედი და ხელები გავშალე, გადაიხსნა ეს კაბა. თანაც, ყველაზე ცუდი ისაა, რომ ქვევით არ დამიხედავს. არც სკანდალური ქცევით ვარ ცნობილი, არც ექსტრავაგანტური სამოსით. მინდა, რომ საზოგადოებამ ერთხელ მაპატიოს, რადგან თავად ვიგრძენი თავი უხერხულად. ბოდიშს ვუხდი მათ, ვისაც არ ესიამოვნა. კიდევ კარგი, არ მაქვს ისეთი ზომები, რომ კიდევ უფრო მკვეთრად მოხვედროდათ თვალში.

- მსახიობი ხარ და სხეულის მოშიშვლება, პრინციპში, არ უნდა გიკვირდეს.

- კინო სულ სხვა რამეა, როცა სხეულის მოშიშვლება ბუნებრივია და რაღაც კადრები აუცილებელიცაა. თან, გააჩნია მკერდს, გააჩნია სცენას და ფილმს. მე საკმაოდ ხარისხიან ფილმებში მაქვს მონაწილეობა მიღებული, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე უჩვენებიათ. ''გაიღიმეთ''-შიც მიჩანს მკერდი, მაგრამ ეს სულ სხვაა. მსახიობს ეს არ უკვირს და არც უნდა გაუკვირდეს, თუმცა სცენაზე ამას მეორედ არ გავაკეთებ.

- რას არ გააკეთებ პოპულარობისთვის?

- რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს, ეს არის ტენდენცია, რომელიც სოციალურ ქსელში დამკვიდრდა. აქვეყნებენ თვითონვე რაღაცებს, მაგალითად, ტელეფონში მოწერილ სკანდალურ მესიჯებს, თვითონვე იგონებენ ამბებს და მერე სტატუსებს დებენ. ასეთი რაღაცები მეზიზღება და ამას არასდროს გავაკეთებ. როცა მომღერალი, მსახიობი ხარ, უნდა შეეცადო, საქმით გახდე სალაპარაკო, ვიდრე სტატუსებითა და მესიჯებით. ისიც არ მომწონს, რაც ''თბილისი ლაივს'' აქვს გაკეთებული, რუბრიკა, სადაც ცნობილი ადამიანები მათდამი მიწერილ კომენტარებს კითხულობენ და მერე პასუხობენ. არაერთხელ მიმიწვიეს ამ რუბრიკაში და არ დავთანხმდი. რა არის, როცა ვიღაცას ეჩხუბები, ამას და ამას რატომ მწერო. ვნახე, სანდრო კაკულია რომ კითხულობდა, რა გინდა სერიალშიო, სამი ასოს კომბინაცია ხარო. სანდრო კი პასუხობს, მე არ ვარ და შენ ხარო. რა უბედურებაა, მეორე კლასში ხომ არ ვართ. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრი შეიძლება არსებობდეს შენზე, ვიღაცას მოსწონხარ, ვიღაცას - არა. ჩემთვის ნორმალურია, რომ ვინმეს არ მოვწონდე.

- ვისი პოპულარობა მოგწონს და არ მოგწონს?

- თბილისში ძალიან ადვილი გახდა პოპულარობა, იმდენად, რომ ჩემთვის ძალიან ''ზერო'' ადამიანებიც პოპულარულები არიან. მეცინება მათზე... ალბათ, ეს ტატუსავით არის, როცა ერთ ტატუს იკეთებ, მერე

- მეორეს და ბოლოს ვეღარ ჩერდები.

ჩემი აზრით, დადებითად პოპულარულია თინა დალაქიშვილი, რომელიც არ არის პროფესიონალი მსახიობი, მაგრამ მგონი, ჩემზე მეტ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. კარგად მიჰყვება ამ გზას და ძალიან მაგრად თამაშობს.

- თუმცა პრესაში არასდროს ჩნდება.

- ეს მისი ნებაა, მაგრამ ზოგადად მე ყოველთვის მირჩევნია, თავად ვილაპარაკო საკუთარ თავზე, ვიდრე დამახინჯებული ფაქტები გავრცელდეს.

- მახსოვს, როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობისას შენს წონაზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა.

- ყველაზე მეტად სწორედ მაშინ მაწყენინეს. იქნებ, ისეთი შსნი მჭირდა, რომ ის შოუ ჩემი ბოლო ბანაობა იყო? ისეთი რაღაცები წავიკითხე მაშინ, ვერ მოვიტყუები, რომ ვიტირე, მაგრამ ის წყენა დღემდე მომყვება. ძალიან ბოროტი ხალხია. არაფერი მიმიწერია, რა თქმა უნდა... ასეთი რა დავუშავე...

- ყურადღების ცენტრში რომ ხარ, იძაბები თუ არა?

- როცა ცნობილი სახე ხდები, რაღაცებში შეზღუდული ხარ. ზოგჯერ გინდა, აიწყვიტო, ისე გაერთო, მაგრამ უნდა გააკონტროლო თავი. მაგალითის მიცემაც ხომ შეგიძლია ადამიანებისთვის, ისე არ მოიქცე, რომ ხალხს შენზე შთაბეჭდილება დაეკარგოს. ბევრი დაუკრეფავში გადავიდა და არასდროს უნდა დაივიწყონ, რომ ცნობილი სახეები არიან. მაგალითად, მე მაქვს ცუდი დამოკიდებულება, როდესაც ნაგავს ქუჩაში, ან სახლიდან ისვრიან...

კიდევ, კარგია, თუკი პოპულარობას გამოიყენებ ქველმოქმედებისთვის. ვგიჟდები ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის წყვილზე, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. ანჯელინა განვითარებად ქვეყნებში რომ ჩადის, საოცარი მაგალითია. არ არის აუცილებელი, მათსავით ბევრი ფული გქონდეს, რადგან კეთილი საქმის კეთება ნებისმიერს შეუძლია თავისი მცირე ფინანსური შესაძლებლობებითაც. მე ვარ ერთ-ერთ საქველმოქმედო ორგანიზაციაში და ხშირად ვმართავთ აქციებს.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება