"4 თვის იყო ნიკოლოზი, რომ სასტიკად გამებუტა" - როგორი მამაა მამუკა ლომაშვილი

"4 თვის იყო ნიკოლოზი, რომ სასტიკად გამებუტა" - როგორი მამაა მამუკა ლომაშვილი

პაროდისტ მამუკა ლომაშვილის ვაჟი მალე 8 თვის გახდება. ის შარშან, იტალიაში გაჩნდა. მამა შვილის დაბადებას იტალიაში არ დასწრებია, თბილისში გახლდათ და აქედან გულშემატკივრობდა მეუღლეს...

ბავშვი ცოტა რომ წამოიჩიტა, დედა-შვილი საქართველოში დაბრუნდა და მამამ როგორც იქნა, ნახა ნანტრი ვაჟკაცი. ახლა კი, აქტიურად არის შვილის აღზრდის საქმეში ჩართული. ამჟამად პატარა ქობულეთში ჰყავს დასასვენებლად წაყვანილი.

მამუკა ლომაშვილი:

- ნიკოლოზი ძალიან მხიარული ბავშვია, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, დედა და გარეთ წანწალი... ჭამის დროს აუცილებლად მულტფილმს - "წუნა და წრუწუნას" უნდა ყუროს და ძილის დროს ალბანოს "ჩი სარას". როგორც ჩანს, მაინც თავისას შვრება ის ამბავი, რომ იტალიაში დაიბადა.

- შენსავით პაროდიის უნარს ხომ არ ავლენს?

- პაროდიის ნიჭზე რა გითხრათ. ჯერ დედას, მამას და ბაბას ვიმეორებთ. ძილის წინ უყვარს ღიღინი... სხვათა შორის, ძალიან დაკვირვებულია, რაიმე ნივთი გადაადგილებული თუ დახვდა, მაშინვე შეამჩნევს. სახლიდან რომ გავდივართ, იცის მერცხლების ბუდე სად არის და ეძახის ხოლმე ჩიტებს.

- ვინ ზრდის უშუალოდ პატარას?

- დედამისი ზრდის და მეც ვეხმარები. საჭმელსაც ვუმზადებ, პამპერსაც ვუცვლი, პურის საყიდლად, მაღაზიაშიც მიმყავს და რა ვიცი... ჰო, ვეთამაშები "პარკებში" დავსეირნობთ. ერთი სიტყვით, შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, თბილი და დადებითი ატმოსფერო შევუქმნათ.

- როგორც ჩანს, კარგი ხასიათი ბავშვია.

- კი, თბილია ძალიან, ყველას უღიმის, კონტაქტურია. განსაკუთრებით უყვარს ბავშვები და მათ თავის ენაზე ელაპარაკება. ნიკოლოზთან უფრო მამური დამოკიდებულება მაქვს, ვიდრე მამაშვილური, სანამ გაიზრდება და მერე ვნახოთ. ისე დედამისის ფანია...

- არადა, ჯერ არ იცის, რომ ვარსკვლავი მამა ჰყავს...

- აბა (სიცილით ამბობს)?.. ერთი სიტყვით, ვცდილობ, კარგი მამა ვიყო და მინდა, რომ მყავდეს კარგი შვილი... ამისთვის მეც და ჩემი მეუღლეც ყველაფერს ვაკეთებთ და ვცილობთ...

ჰო, კიდევ ერთი რამ გამომრჩა: - 4 თვის იყო, რომ სასტიკად გამებუტა.

- რატომ?

- ხმამაღლა ვუსაყვედურე: - ნიკოლოზ, დილის 5 საათზე რომ იღვიძებ, რა ამბავია-მეთქი? 2 დღე ზედ არ მიყურებდა. მერე ძლივს შევირიგე. რას არ ვაკეთებდი, რომ შემოერიგებინა.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება