გოგი გვახარიას მოგონებები ეროსი კიწმარიშვილზე წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე"

გოგი გვახარიას მოგონებები ეროსი კიწმარიშვილზე წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე"

კინოკრიტიკოსი, "რუსთავი 2"-ზე გადაცემა "ფსიქოს" ყოფილი წამყვანი გოგი გვახარია სოციალურ ქსელში საკუთარი წიგნიდან "ცრემლიანი სათვალე" ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ეროსი კიწმარიშვილს იხსენებს.

"რუსთავი 2"-ის დამფუძნებლები, ეროსი კიწმარიშვილი, დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე ცოტათი ჰგავდნენ ამ "60-იანელებს" - ისინი ალპინიზმმა დაამეგობრა, ანუ კიდით-კიდემდე მოძრაობის სურვილმა, სიმაღლის შეცნობის ვნებამ, იმ სიმაღლისა, რომელსაც ვერ დაიპყრობ, ეს "პრორივი" სიამოვნებას რომ არ განიჭებდეს. 96-ში, როცა დედა-სამშობლოს ჯერ კიდევ "სარკმლით" ვემსახურებოდი, ნოდარ ბეგიაშვილმა მითხრა, რუსთავის ტელევიზიის ბიჭები გეძებენ, იქნებ დაუთმო რამდენიმე წუთიო. ამ "დაუთმეს" მიჩვეული ვიყავი. იცოდა ხალხმა, როგორ მეზარება ხოლმე ასეთი უპერსპექტივო შეხვედრები.

ბოლოს და ბოლოს "დავუთმე". ნახევრადდახეული ჯინსებით და "ბოტასებით" სახლში მესტუმრნენ. ბევრი "ბატონო გოგი" იძახეს და თავისას მიაღწიეს - მეორე დღეს მათი სტუდიის სანახავად რუსთავისკენ გავემართე.

ქალაქი რუსთავი აქამდე მხოლოდ "კეთილ ადამიანებში" მქონდა ნანახი. ამ ფილმში ყოველთვის მომწონდა კონტრასტი სტალინურ არქიტექტურულ ფონსა და სტალინური კულტურისთვის სრულიად უცხო პერსონაჟებს შორის, კონტრასტი 40-იანი წლების ფსევდოკლასიციზმსა და 60-იანი წლების მელოდრამატულ რომანტიკას შორის. მომწონდა, როგორ იყო გადაღებული ფილმი, 60-იანელთა საყვარელ გარემოში - ქუჩაში, მოედნებზე (ამ თაობისთვის ხომ სიცოცხლე გარეთ გამოდის).

საინტერესოა, რომ რუსთავი "ქალაქად" გამოცხადდა 1948 წელს, სწორედ იმ დროს, როცა სტალინმა დაამტკიცა ბუნების გარდაქმნის გენერალური პროგრამა - "რეკონსტრუქციული იდეოლოგიის" თავისებური აპოთეოზი (უდაბნოების მორწყვითა და მდინარეების "გადასროლით"). ბუნების დამორჩილების იდეამ ქვეყნის რუკაზე მოამრავლა ახალი დასახლებები მონოლითური არქიტექტურით, რომელსაც ხალხში საბოლოოდ უნდა ჩაეკლა "პრორივის" მოთხოვნილება. ხალხს ბუტაფორულ, სიმულაციურ რეალობაში უნდა ეცხოვრა.

1996 წელს თითქმის სრულიად დაქცეულ და გაპარტახებულ რუსთავს არც სტალინის ეპოქასთან ჰქონდა რამე საერთო და არც 60-იან წლებთან. მეტალურგების ქალაქს საერთოდ არ ჰქონდა სახე. მაგრამ "ორმაგი სიმულაცია", რომელიც შევარდნაძის საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეიქმნა, რუსთაველებს აჯერებდა, რომ ისინი "ქალაქში" ცხოვრობდნენ, რომ მათ თავიანთი თეატრი ჰქონდათ, ტელევიზია... 1995 წლიდან, უკვე ორი ტელევიზია.

ამ ქალაქში, სადაც წლების მანძილზე იწამლებოდა ჰაერი, სადაც ხელოვნურად შეყარეს ადამიანები, რომელთაც არ ჰქონდათ ქართულსაბჭოთა კორუმპირებულ რეალობასთან ინტეგრაციის უნარი მაგალითად, დედაქალაქში "ჩაწერის" საშუალება), ამ მულტიკულტურულ გარემოში გაიზარდა პროფესიით პედიატრი, მოწოდებით კი მთასვლელი ეროსი კიწმარიშვილი. ერთ მშვენიერ დღეს გაეღვიძა და "ტელევიზიის გაკეთება" გადაწყვიტა - ანუ "ორმაგი სიმულაციის" სამყაროსთან ბრძოლა ასევე "სიმულირებული", ვირტუალური რეალობის საშუალებით გადაწყვიტა. მერე ეს ვიწრო და უსახო სამყარო არ ეყო და სრულიად საქართველოზე მოინდომა ფრთების გაშლა.

ასეთი კაცისთვის როგორ არ უნდა "დამეთმო" ჩემი თავი. როგორც კი რუსთავის ყოფილ სასტუმროში (აქ, მგონი, ყველაფერი "ყოფილი" იყო) განლაგებული სტუდია ვნახე, ეგრევე დავთანხმდი - "მექსიკაში მივდივარ. როგორც კი დავბრუნდები, თქვენი ვარ!"

ორი კვირა იყვნენ ეთერში.

"რუსთავი 2"-ის დახურვის შესახებ მეხიკოში შევიტყვე. ნებისმიერი შემოქმედება - წინააღმდეგობაა. ამ სამყაროში სამოთხე რომ იყოს, არც რომანები დაიწერებოდა და არც მუსიკაო - წერდა გოდარი... ჩვენს თავს უნდა მივულოცოთ, რომ სამოთხეში არ ვცხოვრობთო.

ჰოდა, რა მინდოდა იმ შავ-ყვითელა სამოთხეში, როცა დედა-სამშობლო ბრძოლისთვის, წინააღმდეგობის გაწევისთვის, ე.ი. შემოქმედებისთვის მიხმობდა?

1997 წლის 7 მარტს მე 40 წლის იუბილეს ვზეიმობდი, ედუარდ შევარდნაძე კი საქართველოში დაბრუნების ხუთ წლისთავს. საიუბილეოდ შევარდნაძემ დიპლომატიური იმუნიტეტი მოუხსნა შეერთებულ შტატებში, საქართველოს საელჩოს თანამშრომელს გიორგი მახარაძეს, რომელიც, ამერიკული მხარის მტკიცებით ნასვამი იჯდა საჭესთან, რამაც 16 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. პარლამენტის თავმჯდომარემ, ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ შევარდნაძის ეს ნაბიჯი დიპლომატიურ სკოლათა სასწავლო პროგრამებსა და სახელმძღვანელოებში შევა, რაც კიდევ უფრო აწევს საქართველოსა და მისი პრეზიდენტის საერთაშორისო პრესტიჟს.

მსხვერპლშეწირვის იდეოლოგია, რომელსაც ძველებთან ერთად, ახალი თაობის პოლიტიკოსებიც ამკვიდრებდნენ, ჰარმონიულად ეწერებოდა უსაშველოდ მითოლოგიზირებულ და სიმულაციურ რეალობაში. თუმცა წინააღმდეგობის პროცესი უკვე დაწყებული იყო; იგივე ზურაბ ჟვანიას ძალისხმევა რომ არა, "რუსთავი 2" ვერასდროს მოიგებდა სასამართლოს და ეთერში ხელახლა ვეღარ გავიდოდა.

"ცრემლიანი სათვალე", თავი 25

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს