ქართველი ემიგრანტი რუსეთში, რომელმაც თაღლითობით მილიონი იშოვა

ქართველი ემიგრანტი რუსეთში, რომელმაც თაღლითობით მილიონი იშოვა

თერჯოლელ დათო ბუსიკვაძეს (სახელი შეცვლილია) ცხოვრების უმეტესი ნაწილი რუსეთში აქვს გატარებული, სადაც, არ მალავს, რომ თავს თაღლითობით ირჩენდა, თუმცა ამის გამო საპატიმროში არცერთხელ მოხვედრილა:

დათო ბუსიკვაძე:

- 13 წლის ვიყავი, როცა რუსეთში საცხოვრებლად გადავედით. დედა მალევე გარდაიცვლა. 18 წლისას მამაც დამეღუპა და სულ მარტო დავრჩი. მოგეხსენებათ ამ ასაკში ქუჩას ძალიან უახლოვდება მოზარდი, თან მე ობოლი ვიყავი, ჭკუის დამრიგებელი არ მყავდა და ცუდ წრეში მოვხვდი. წვრილმანი ხულიგნობით და ქურდობით ვირჩენდით თავს. საბედნიეროდ მერე ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, რომელმაც მითხრა, თუ მართლა გინდა ჩემთან ყოფნა, ცხოვრების ამ სტილს უნდა შეეშვა და სხვა ქალაქში წავიდეთო. დავთანხმდი და როსტოვში გადავედით საცხოვრებლად. ბინა ვიქირავეთ და იქ ვცხოვრობდით.

- თავს როგორ ირჩენდით?

- თავიდან ცოლის კმაყოფაზე ვიყავი, მაგრამ მერე ერთი კარგი იდეა დამებადა და განხორციელება ვცადე, რომელმაც გაამართლა და ამის საშუალებით საკმაოდ ფულიც ვიშოვე.

- კონკრეტულად, რა იდეა?

- მოკლედ, ერთ დღეს ჩემი მეგობრის ვაჟს ვიოლინო მივეცი და მდიდრების მაღაზიაში შევუშვი. იქ მან გამყიდველს სთხოვა, ვიოლინო შემინახეთ და ცოტა ხანში დავბრუნდებიო, ბუნებრივია, უარი არ უთქვამთ. იმის გამოსვლიდან დაახლოებით 10-15 წუთში შევედი მე. "შემთხვევით" დავინახე ვიოლინო და ვიკითხე, რა ღირდა. ამიხსნეს, რომ ეს ვიოლინო დატოვებული იყო. ახლავე მოგცემთ 50 000-ს და მომყიდეთ-მეთქი ვუთხარი. გაგიჟდნენ. ვეტყვით პატრონს და ხვალ მობრძანდითო. ჩემი წამოსვლიდან 1 საათში ეს ბიჭი დაბრუნდა ვიოლინოს წამოსაღებად და მაღაზიის დირექტორმა რამდენად მომყიდი ამ ვიოლინოსო ჰკითხა. ამანაც თავი გაიგიჟა, დიდი ბაბუის დატოვილია და ამას ვერაფრის დიდებით ვერ მოგყიდითო. მოკლედ, ბევრი ივაჭრეს და 10 000 დოლარზე შეთანხმდნენ. მართლაც მისცეს ეს ფული და ბედნიერებმა დამიწყეს ლოდინი, რომ მეორე დღეს მივიდოდი და ალბათ, ახლაც მელოდებიან.

- ჰო, მაგრამ რამდენი მაღაზია იყო როსტოვში, რომ ამ საქმით ბევრი ფული გეშოვა.

- როსტოვში მეორედ აღარც გაგვიკეთებია. რამხელაა რუსეთი კი მოგეხსენებათ და დავდიოდით სხვადასხვა ქალაქებში და 400-500 დოლარიან ვიოლინოს მინიმუმ 10 000 დოლარად ვყიდდით. ერთხელ ერთი მაღაზიის მეპატრონე კეთილი აღმოჩნდა და რადგან ბაბუის დანატოვარი ვიოლინო იყო, 20 000 დოლარი მისცა.

- პოლიცია არ ინტერესდებოდა ამ საქმით?

- დაინტერესებულიყო, მერე მე რა?! ხელი მოვუწერე სადმე, რომ დავბრუნდებოდი თუ ნოტარიულად დავამოწმე ჩემი უკან მისვლა?! კი დაინტერესდა და სარატოვში დამაპატიმრეს კიდეც, მაგრამ მოსამართლემ გამამართლა. ხვალ რომ შევიდეს და უთხრას, საღეჭ რეზინზე მილიონს გადავიხდიო და არ გადაიხადოს, ამაზეც ხომ არ დავაპატიმროთო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ხახვივით შემრჩა ეს ამბები. ჩემი მეგობრის ვაჟს ცოტა პრობლემები შეექმნა, მაგრამ ფული დავხარჯეთ და ეს პრობლემებიც მოგვარდა.

- დაახლოებით რამდენი იშოვეთ?

- რომ არ მოგატყუოთ, მილიონი ნამდვილად ვიშოვე. ბუნებრივია, შუაზე გავიყავით მე და ჩემმა მეგობარმა, რომლის შვილიც მონაწილეობდა ამ საქმეში. 500 000 დოლარი საკმაოდ დიდი თანხაა. ბინაც შევიძინე და პატარა ბიზნესიც დავიწყე. ზოგჯერ რომ წარმოვიდგენ, როგორ მელოდნენ მეორე დღეს, მეცინება. ზოგჯერ მინანია კიდეც, რომ სხვას ამ გზით მოვპარე ფული, მაგრამ იმ მაღაზიების მეპატრონეები იმდენად მდიდრები არიან და ისე ცუდ პირობებში ამუშავებენ თანამშრომლებს, რომ ვამართლებ ჩემ თავს. უფრო მეტიც უნდა მექნა.

ლადო გოგოლაძე, Ambebi.ge

"მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე" - სახალხო დამცველი

"ღირსების მარშის“ მოწინააღმდეგეები "ინტერპრესნიუსის“ ფოტოკორესპონდენტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

"ღირსების მარში“ დღეს არ შედგება - რა განცხადებას ავრცელებს "თბილისი პრაიდი"