"ქართული სირცხვილი" - The Wall Street Journal-ის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" და წულუკიანის საპასუხო წერილი

"ქართული სირცხვილი" - The Wall Street Journal-ის მწვავე კრიტიკა "ოცნებას" და წულუკიანის საპასუხო წერილი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პასუხს "The Wall Street Journal"-ი აქვეყნებს. "საქართველო არ უბრუნდება ავტორიტარიზმს", - ასე ჰქვია თეა წულუკიანის საპასუხო წერილს, რომელშიც ის გამოცემის სარედაქციო სტატიას "ქართული სირცხვილი" ეხმაურება.

"თქვენს სარედაქციო სტატიაში - "ქართული სირცხვილი" (30.07.2014), საქართველო მოხსენიებულია, როგორც დემოკრატიული პრინციპების მოღალატე, ხოლო მოქმედი ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის მთავრობის წინააღმდეგ მიმართულ "პოლიტიკურ შურისძიებაშია" დადანაშაულებული.

საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, მე კატეგორიულად ვაპროტესტებ აღნიშნულ მოსაზრებებს. ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ ფოკუსირებული ვართ ძლიერი დემოკრატიის მშენებლობაზე, რაც დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო სისტემის შექმნით გამოიხატება.

საქართველო, რომელმაც დიდ დემოკრატიულ პროგრესს მიაღწია 2012 წლის ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, თავისი საერთაშორისო პარტნიორებისგან დიდ ნდობას იმსახურებს და სწრაფად განაგრძობს სვლას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აშშ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვიქტორია ნულანდმა ახლახან დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული "თვალსაჩინო პროგრესი" დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების გზაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა ნატოს, ეუთოს, ევროსაბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციების (როგორიცაა "ფრიდომ ჰაუსი") მიერ საქართველოს მიმართ გაკეთებულ შეფასებებს. ევროკავშირი გამოეხმაურა ამ პოზიტიურ ძვრებს და დააჩქარა საქართველოსთან შორს მიმავალი პოლიტიკური და სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა", - აცხადებს წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ბრალის წაყენება მოხდა არა საქართველოს ხელისუფლების მიერ, როგორც ამას სარედაქციო სტატია გულისხმობდა, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, რომელიც 2013 წელს იუსტიციის სამინისტროსგან დამოუკიდებლად ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოში გატარებული ფართო რეფორმების ნაწილი.

"მიხეილ სააკაშვილისა და ზოგიერთი მისი ყოფილი კოლეგის წინააღმდეგ აღძრული საქმეები შორს არის ტრივიალურობისგან და სრულად უნდა იქნას გამოძიებული.

პროკურატურამ მიიღო თითქმის 20 ათასი მოქალაქის საჩივარი ყოფილი მმართველი პარტიის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევის თაობაზე. ხელისუფლებას გააჩნია კანონიერი ვალდებულება, გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. სააკაშვილს ბრალი ედება ძალადობრივი გზით მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და მედიაზე ზეწოლასთან დაკავშირებით, როგორც ამას "ჰუმან რაითს ვოჩ"-ი (Human Rights Watch) ადასტურებს. 2007 წელს მომხდარმა ამ სამარცხვინო ქმედებებმა საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა მოთხოვნები დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემის თაობაზე.

საქართველოს წარსულში მართლაც ბევრი სამარცხვინო გვერდია, მაგრამ 2007 წლის მოვლენები გადამწყვეტი მომენტია. დაზარალებულებს უფლება აქვთ მიიღონ პასუხი თავიანთ საჩივრებზე. ბატონი სააკაშვილის საქმეზე მიმდინარე დამოუკიდებელი გამოძიება უნდა მიჰყვეს ფაქტებს, იმოქმედოს გამჭვირვალედ და დაიცვას კანონი. ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის სამართლიანობა", - აღნიშნავს წულუკიანი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია