ვისზე ''გამოაცხადა'' გიორგი ოვაშვილმა შვიდდღეღამიანი ძებნა

ვისზე ''გამოაცხადა'' გიორგი ოვაშვილმა შვიდდღეღამიანი ძებნა

გიორგი ოვაშვილის მხატვრული ფილმი ''სიმინდის კუნძული''კარლოვი ვარის 49-ე საერთა-შორისო კინოფესტივალზე გრანპრის - ''ბროლის გლობუსის''მფლობელი გახდა. კარლოვი ვარის ფესტივალზე, საპრემიერო ჩვენების შემდეგ, საქართველოში ფილმის პრემიერა შემოდგომაზე გაიმართება და კინოთეატრებში 25 სექტემბრიდან გამოვა.

ფსიქოლოგიური დრამის გადაღებები 2012 წელს ქართულ-აფხაზურ საზღვარზე, მდინარე ენგურზე მიმდინარეობდა. შეიქმნა ხელოვნური კუნძული, დარგეს სიმინდის ყანა, აშენდა ხის ქოხი. წყალდიდობის დროს წარმოქმნილ კუნძულზე აფხაზ გლეხს, რომელსაც თურქი მსახიობი ილიას სალმანი განასახიერებს, სიმინდი მოჰყავს. მოგვიანებით იქ ქართველი მესაზღვრე ჩნდება და კაცისა და მისი 16 წლის შვილიშვილი გოგონას (მარიამ ბუთურიშვილი) სამყაროში იჭრება...

''გაღმა ნაპირის''მსგავსად, ''სიმინდის კუნძული''ჩვენი რესპონდენტის მეორე ფილმია, რომელშიც ქართულ-აფხაზური თემა გრძელდება. სცენარის ავტორებად ნუგზარ შატაიძე, რულოვ იან მინებო და თავად რეჟისორი სახელდებიან. გიორგი ოვაშვილის მესამე მხატვრული ფილმი ''ხიბულა''იქნება, რომლითაც რეჟისორი ტრილოგიას ''შეკრავს''.

- გვახსოვს, ''გაღმა ნაპირისთვის''მთავარ გმირს, თედო ბექაურს, პოლიკლინიკაში შემთხვევით შეხვდით. ფილმში ''სიმინდის კუნძული'' მამაკაცი პროფესიონალი მსახიობია, მარიამი როგორ აღმოაჩინეთ?

- მარიამ ბუთურიშვილი ცხინვალთან მიმდებარე სოფელ საქაშეში ცხოვრობს. ფაქტობრივად, ეს არის კონფლიქტის ზღვარი. ამ სოფელმა გადაიტანა 2008 წლის ომის საშინელება. მაშინ მარიამი 8 წლის იყო. როგორც წესი, მე ძალიან დიდ დროს ვუთმობ კასტინგს. შეიძლება ითქვას, გადამეტებულად დიდ დროს ვანდომებ. ზოგჯერ აუტანელიც ხდება ჩემი ასეთი ჩაციკვლა. უამრავი კასტინგის შემდეგ, როცა ვერანაირ შედეგს ვერ იღებ, დგება ისეთი პერიოდი, როცა სასოწარკვეთამდე მიდიხარ და ფიქრობ, რომ შეიძლება, სულაც არ არსებობს ის, ვისაც ეძებ.

ერთ დღეს მივიღე იმეილი ჩემი მოსკოველი მეგობრისგან, რომელიც მწერდა, ალბათ შენი ახალი ფილმისთვის შერჩეული გყავს პერსონაჟი, მაგრამ მე მაინც გიგზავნი ერთი გოგონას ფოტოს, ალბათ, სწორედ ასეთს ეძებდიო. ჩემს მეგობარს ამ გოგონაზე არავითარი ინფორმაცია არ ჰქონდა. პირველი ის დავადგინეთ, რომ ფოტო ქართველ ფოტოგრაფ ლევან ჩხატარაშვილს ეკუთვნოდა. როცა მას მივმართე, მან სამი წლის წინ ვარძიასთან ერთ-ერთ რელიგიურ დღესასწაულზე გადაღებული თავისი ფოტოები დამათვალიერებინა. არ იცოდა გოგონას ვინაობა. რახან ფოტოები სამხრეთ საქართველოში იყო გადაღებული, მეორე დღესვე მივმართე შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროებს და ვთხოვეთ, ფოტოს მიხედვით ეს გოგონა მოეძებნათ. შემდეგ ''ფეისბუქზე''გამოვაქვეყნე ფოტო და მეგობრებს დახმარებისთვის მივმართე. უამრავი ადამიანი მწერდა, ვიღაც ამბობდა, მონასტერში გალობსო, ვიღაც - ამა და ამ მამაოს მრევლიაო. ჩავრთეთ ძებნაში საეკლესიო პირები, მაგრამ უშედეგოდ. ფოტო სვანეთშიც გვქონდა გაგზავნილი, მაგრამ ვერც იქ ნახეს. ერთი სიტყვით, ეს გოგონა გახდა მისტიკა, არა და არ ჩანდა.

- და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს პროცესი?

- ვთქვი, ამ გოგონას მოვძებნი შვიდი დღე-ღამის განმავლობაში და თუ ვერ ვიპოვე, მაშინ ეს თემა დაიხურება-მეთქი. ხანდახან ასეთი რამეების მჯერა ხოლმე (იღიმის). ძიების მეექვსე დღე იქნებოდა, როცა ვიღაც გოგონამ ლევანის გვერდზე გამოაქვეყნა 7-8 წლის გოგონას ფოტო - მგონი, ის არის, ვისაც ეძებთო. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ ხელთ არსებულ ფოტოსა და ახალს შორის რამდენიმეწლიანი შუალედი იყო, მივხვდით, რომ ფოტოგრაფს ერთი და იგივე ადამიანი ჰყავდა აღბეჭდილი, მაგრამ მორიგი ფოტოს ავტორისგან მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ეპიცენტრში იმყოფებოდა და ის კადრები სადღაც სკოლის ეზოში აღბეჭდა. ეს იყო გასაღები, რადგან დაახლოებით ვიცოდით რეგიონი, სოფელი.

ძლივს მოვძებნე სკოლის დირექტორის ნომერი. 12 საათს იყო გადაცილებული, როცა დავურეკე. ''ფეისბუქის''მეშვეობით ვაჩვენე ბავშვის ფოტო და ვკითხე, სწავლობდა თუ არა მის სკოლაში. 2 საათი რომ დაიწყო და ხმას არ მცემდა, ავღელდი, მაგრამ ბოლოს მომივიდა პასუხი: ''დიახ, ეს არის მარიამი, მაგრამ მეტს ვერაფერს გეტყვით, რა ვიცი, ვინ ხართო''(იღიმის). ავუხსენი და ვთხოვე, მეორე დილას მარიამი მშობლებთან ერთად დაეხვედრებინათ სკოლაში. ერთი სიტყვით, დილითვე გავემგზავრეთ საქაშეში, სადაც მარიამი და დედამისი დაგვხვდნენ. ბავშვი რომ შემოვიდა, სამი წლის წინანდელი ფოტოსგან განსხვავდებოდა, გაზრდილიყო, მაგრამ მე მაინც მივხვდი, რომ სწორედ ის იყო, ვისაც ვეძებდი. მარიამს კინოში გადაღება რომ შევთავაზე, თავი დააქნია. ის საერთოდ არ ლაპარაკობდა, კონტაქტში არ შემოდიოდა. ჩუმად ყოფნა უყვარს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება