მსახიობ გიორგი გურგულიასგან შევიტყვე, რომ ამერიკაში ერთი ქართველი გოგონა საკმაოდ პოპულარული მოდელია. მისი ფოტოები ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკანზე იბეჭდება, როგორებიცაა: "კოსმოპოლიტენი", "GQ", "ვიქტორიას სეკრეტი" და ა.შ.
ვიქტორია პლეშაკოვა წარმოშობით უკრაინელია, თუმცა, საქართველოში დაიბადა და გაიზარდა და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ქართველია. 15-წლიანი პაუზის შემდეგ, ვიქტორია საქართველოს ესტუმრა და ინტერვიუზეც დაგვთანხმდა.
- 14 წლის ვიყავი, სილამაზის კონკურსში, "მის თბილისი-99"-ში რომ მიმიწვიეს. "მის მომავალი მოდელის" ტიტული მომანიჭეს. ამ კონკურსზე ჩვენი ქორეოგრაფი თეა მაქაცარია გახლდათ, რომლის მიწვევითაც "ქართული მოდის სახლის" სახე გავხდი. ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ამ დროის განმავლობაში არაერთ ჩვენებაში ვმონაწილეობდი. ვთანამშრომლობდი ავთო ცქვიტინიძესა და მაკა ასათიანთან. რამდენიმე რეკლამაშიც გადამიღეს. კონტრაქტის დასრულების შემდეგ, ხელშეკრულება სააგენტო "ამსასთან" გავაფორმე, კიდევ ერთ კონკურსში, "მის მეტროპოლიტენი" მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე. საჩუქრად კი 175.000 დოლარი გადმომცეს. კონკურსს გერმანელი სტუმარი, ტომას ზოიმერი ესწრებოდა, რომელსაც ამერიკაში დიდი სააგენტო ჰქონდა. მან ნიუ-იორკში მიმიწვია და ორწლიანი კონტრაქტი გამიფორმა. მაშინ მხოლოდ 15 წლის ვიყავი. რასაკვირველია, ამერიკაში გავემგზავრე და ამდენი წლის განმავლობაში პირველი ქართველი მოდელი ვარ, რომელიც იქ სერიოზულად მუშაობს. იქ "სამარიაჟოდ" და "კარგად გასათხოვებლად" არ წავსულვარ.
- ნიუ-იორკში მარტო გაემგზავრე?
- კი, მარტო გავემგზავრე. ნიუ-იორკში "მეტროპოლიტენ მოდელ აგენსის" ვიცე-პრეზიდენტი, გიორგი რცხილაძე დამხვდა.
- რომელიმე ბრენდის სახე ხომ არ ყოფილხარ?
- დაახლოებით 50 ბრენდთან მიმუშავია. ასევე, ხშირად გამოვდივარ ნიუ-იორკის, მაიამისა და სხვა მოდის კვირეულებზე. ძალიან კარგ ბრენდებთან მომიხდა მუშაობა. "ეივონის" სახე გახლდით, "შანელის" პომადებს ვუკეთებდი რეკლამას, შამპუნის - "პანტინის" რეკლამაშიც გადამიღეს. ასევე ფოტოსესიები მქონდა ისეთი ჟურნალებისთვის, როგორებიცაა "კოსმოპოლიტენი" და "ვიქტორიას სეკრეტი". 15 წელია, ამ რეჟიმში ვმუშაობ. ბოლოს სააგენტო "ელიტთან" ვთანამშრომლობდი. კონტრაქტი დასრულდა და მათ მისი გაგრძელება სურდათ, მაგრამ უარი ვუთხარი. მინდა, ცოტა დავისვენო. ამ დროის განმავლობაში, მოვიფიქრებ, ურთიერთობას მათთან განვაგრძობ თუ სხვა რომელიმე სააგენტოსთან და ამერიკაში დაბრუნებული ახალ კონტრაქტს გავაფორმებ. კონტრაქტის პირობებში კი დასვენებას ვერ მოვახერხებდი... ამ 15 წლის განმავლობაში პირველად არის, რომ სამი თვე ვისვენებ. თუმცა, მოდელობის ხიბლი იმაშიც არის, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. მართალია, სამუშაო რეჟიმით, მაგრამ ბევრი რამ ვნახე. იქ ჩასული, მუშაობასთან ერთად, ქალაქის დათვალიერებასაც ვახერხებდი. მაგალითად, ახლა, საქართველოში ჩამოსვლამდე, ესპანეთში გახლდით, სადაც ქართული ცენტრი, "ევრო ჯორჯია" მუსიკალური ტალანტების ყოველწლიურ კონკურსს - "რეალური ვარსკვლავი" - ატარებს. ამ კონკურსზე ჟიურის წევრად მიმიწვიეს. ამასთანავე, იქვე ძალიან პრესტიჟულ "ფეშენ ვიკში" "MARBELLA LUXURY" ვმონაწილეობდი. მერე კი საქართველოში გამოვემგზავრე.
- 15 წელი საკმაოდ პატარა ასაკია იმისათვის, რომ გოგონა ამერიკაში წავიდეს და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყოს. როგორ დაიმკვიდრე თავი?
- მაშინ საქართველოში მძიმე პერიოდი იყო. არც შუქი გვქონდა და არც - წყალი. სამსახურზე ლაპარაკი ხომ ზედმეტი იყო. ჩემს ოჯახს მატერიალურად ძალიან უჭირდა. მიზნად დავისახე, ოჯახს დავხმარებოდი და ასეც მოვიქეცი. რასაკვირველია, მენატრებოდნენ ოჯახის წევრები, ჩემი სამშობლო, მაგრამ ამ ყველაფერს გავუძელი. ამის გამო დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ. როგორც ჩანს, ძლიერი ადამიანი ვარ. იქაური ცხოვრების წესს საკმაოდ მარტივად შევეწყვე და დიდი გამოცდილებაც შევიძინე.
- ამერიკული მოდის ბიზნესში შენ გარდა კიდევ არის ქართველი?
- რა თქმა უნდა, არიან. ამერიკაში მუშაობენ დიზაინერები - ნინი ქეი, უტა ბექაია და სხვები.
- პირველი კონტრაქტის დასრულების მერე რამ გადაგაწყვეტინა იქ დარჩენა?
- მეორე კონტრაქტი შემომთავაზეს, რომელზეც უარი არ ვთქვი. სულ მქონდა შემოთავაზებები. ხან სად მეპატიჟებოდნენ და ხან - სად. მუშაობის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვეღარ მოვახერხე.
- რომელიმე ფილმში ხომ არ მიგიწვიეს?
- ფილმში არა, მაგრამ შარშან მსოფლიოში პოპულარულ სატელევიზიო შოუში - project runway მოდელ ჰაიდი კლუმთან, დიზაინერ ზაც პოსენთან, სტილისტ ტიმ გუნ-თან ერთად ვმონაწილეობდი. პროჯეცტ რუნწაყ-მ პოპულარობასთან ერთად კარგი გამოცდილება შემძინა.
- ქართველი მეგობრები თუ გყავს?
- ძალიან ბევრი. ბავშვობიდან ჩემზე უფროს ადამიანებთან მეგობრობა უფრო მხიბლავდა. ამიტომ ახლაც ძირითადად, ჩემზე უფროსი მეგობრები მყავს. თავისუფალ დროს სულ ერთად ვატარებთ.
- შენი ერთი ჩვეულებრივი დღე როგორია?
- დილის საუზმის შემდეგ ელექტრონულ ფოსტას ვამოწმებ. მერე კი კასტინგებზე მივდივარ. კვირის ბოლოს ჩემი აგენტი მირეკავს და მეუბნება, თუ რომელმა დიზაინერმა "დამბრონა". მერე მიგზავნის მათ სახელსა და გვარს და მისამართს. ამ მისამართებზე მივდივარ და გადაღებები მაქვს.
- თავისუფალი დრო რამდენად ხშირად გაქვს?
- ძირითადად, ეს ზაფხულში ხდება, როცა ძალიან ცხელა. გარდა ამისა, შაბათი და კვირა ყოველთვის თავისუფალი მაქვს. ამ დღეებში მეგობრები მოდიან სტუმრად, ვმღერით, ვცეკვავთ. ჩვენი ბენდი გვაქვს და კარგ დროს ვატარებთ. ზღვაზეც ხშირად დავდივართ ან ლაშქრობაში - კარვებით. მგონი, საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს.
- წელს პირველად ხარ საქართველოში. 15 წლის უნახავ თბილისზე როგორი რეაქცია გქონდა?
- ვერაფერი ვიცანი. მეგონა, სიზმარში ვიყავი. თბილისი იმდენად პატარა მომეჩვენა, ჩემი სახლიც კი დაპატარავებულა. როგორც ჩანს, მე რომ გავიზარდე, ასე იმიტომ მომეჩვენა. ახლა ნელ-ნელა მივეჩვიე.
- ამ 15 წლის მანძილზე შენი ოჯახის წევრები არ გინახავს?
- არა. დედას ამერიკაში წაყვანა მხოლოდ ორი წლის წინ მოვახერხე. "მწვანე ბარათი" გავუკეთე და ჩემთან ჩამოვიდა. ის ერთ-ერთ ამერიკულ ოჯახში, ორ ბავშვს რუსულ ენას ასწავლის. "სკაიპი" რომ შემოვიდა საქართველოში, დედამ მაშინ პირველად დამინახა კომპიუტერის მეშვეობით და ბევრი იტირა. ახლა ხომ ორი წელია, იქ არის, მაგრამ როცა მხედავს, მაინც სულ ეტირება. ამბობს, სამი შვილი გავაჩინე და მაინც მარტო დამტოვეთო. ერთი და გათხოვილია და მეუღლესა და შვილთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. მეორე დასაც ჰყავს ქალიშვილი - ლიზიკო. ამერიკაში დედა ჩემთან არ ცხოვრობს, ხანდახან მსტუმრობს ხოლმე.
- ცოტა უტაქტო შეკითხვა უნდა დაგისვა. კარგი ანაზღაურება გაქვს?
- საკმაოდ კარგი. უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მაგალითად, დეიდას თბილისში ბინა ვუყიდე. როცა ამერიკაში გავემგზავრე, ჩემი ოჯახის არც ერთი წევრი არ მუშაობდა. დედასა და ჩემი დების გარდა, ბიძასა და დეიდასაც მუდმივად ვეხმარებოდი. ახლა დედა შემეშველა, ისიც ხომ მუშაობს და ამიტომ გადავწყვიტე, რომ დამესვენა.
- ახლა პირად ცხოვრებაზე ვისაუბროთ. ალბათ უამრავი თაყვანისმცემელი გყავს, თანაც - სხვადასხვა ეროვნების. თავად რომელი ეროვნების მამაკაცებს ანიჭებ უპირატესობას?
- ჰო, საკმაოდ ბევრი მამაკაცი გამოხატავდა ჩემი მისამართით სიმპათიებს. მეგობარი მეხუმრება ხოლმე, - შენ მხოლოდ მამაკაცებს კი არა, მგონი, ხეებსაც მოსწონხარო. რაც შეეხება მამაკაცებს, ორი წლის წინ გავთხოვდი და ჩემი მეუღლე, ზურა ალავიძე ქართველია. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ე.წ. აზიატი ქართველია. ჩემს საქმეში საერთოდ არ ერევა და არაფერში მზღუდავს. აბსოლუტურად დამოუკიდებელი პიროვნება ვარ. ზურას საკუთარი ბიზნესი აქვს. ნიუ-იორკში იტალიური რესტორანი გახსნა.
- რატომ შეაჩერე არჩევანი ქართველზე?
- მეგობრები ყოველთვის მეუბნებოდნენ, აჯობებს, თუ ქართველ მამაკაცს გაჰყვები ცოლადო.
- და დაუჯერე?
- რა თქმა უნდა. ისინი ხომ ჩემი ოჯახის წევრები არიან. ჩვენ ერთმანეთისგან დაფარული არაფერი გვაქვს, ნებისმიერ საკითხზე ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ, თუმცა, ნამდვილად არ ვგეგმავდი გათხოვებას. ყველაფერი მოულოდნელად მოხდა. ახლა მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი, ზედმეტად აღარავინ შემაწუხებს.
- მომავალი მეუღლე როგორ გაიცანი?
- ამერიკაში ჩასვლისთანავე საერთო მეგობრების მეშვეობით ერთმანეთი საბალეტო წარმოდგენაზე გავიცანით. მთელი ამ დროის განმავლობაში ვმეგობრობდით. ჩვენ შორის არანაირი გრძნობა არ ყოფილა, მხოლოდ მეგობრები ვიყავით და მისგან დამალული არაფერი მქონია. ყველაფერს ვუყვებოდი. ის საკუთარ თავზე არაფერს მიყვებოდა, თუმცა, მეგობარ გოგონებს მაცნობდა ხოლმე.
- შვილი არ გყავთ?
- არა და უახლოეს მომავალში არც ვგეგმავთ.
- ზურას ოჯახი საქართველოში ცხოვრობს?
- კი, აქ არიან, მაგრამ ჩვენთან სტუმრად ხშირად ჩამოდიან ხოლმე. არ მინდა, ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ.
- ახლა შენი მეუღლეც საქართველოშია?
- არა. აგვისტოს შუა რიცხვებში ჩამოვა და დასასვენებლად სტამბოლში წავალთ.
- მოდელის კარიერა ასაკზეა დამოკიდებული. როცა მოდელობას დაასრულებ, რას გააკეთებ?
- მოდელისთვის ასაკი სულაც არ არის მთავარი. მთავარია, როგორ გამოიყურები და როგორ განწყობაზე ხარ. ჯერ ვერ გადავწყვიტე, კარიერას როგორ განვაგრძობ. ყველაფერი ერთად მინდა, რაც სამწუხაროდ, არ გამოდის. უფრო მოდელების სააგენტოს დაარსებაზე ვფიქრობ. ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
- ამ სააგენტოს ამერიკაში გახსნი?
- რა თქმა უნდა.
- ე.ი. საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებ?
- რატომაც არა? ყველაფერი შესაძლებელია.
- მართალია, რესტორნის მფლობელები ხართ, მაგრამ საოჯახო საქმიანობა თუ გეხერხება?
- კი. მშვენივრად ვამზადებ ქართულ კერძებს. სხვათა შორის, ბაჟეს მომზადება ზურას დედამ მასწავლა. ღომი კი თავად ვისწავლე. მეგობრები სულ მპირდებოდნენ, გასწავლითო, მაგრამ ვერ მოახერხეს. წავედი და ესპანური ღერღილი ვიყიდე. სიმინდის ქვეყანა ხომ ესპანეთია. გავამზადე ღომი და თაიმს-სკვერში ჩემს ქართველ მეგობრებს წავუღე. ღომი და სულგუნი რომ დაინახეს, გადაირივნენ, - ნამდვილად ვერ წარმოგვედგინა, აქ თუ ღომს შევჭამდითო, მითხრეს. მოკლედ, კარგი კულინარი ვარ, თუმცა, სადილებს იშვიათად ვამზადებ.
- ქართველების ჩაცმულობაზე რას იტყვი?
- ძალიან კარგი გემოვნება აქვს თითქმის ყველას. ქართველებს ძალიან კარგად აცვიათ. ასევე კარგად იმოსებიან ევროპაშიც, მაგრამ ამერიკაში - არა. მე უკვე მიჩვეული ვიყავი, მაგრამ დედაჩემი თავიდან შოკში იყო. იქაურებს "შუბაზე" შეუძლიათ ბრილიანტის სამკაული გაიკეთონ და ფეხზე ე.წ. "ბალეტკები" ჩაიცვან. საერთოდ არ ფიქრობენ სტილზე. საღამოს კაბაზე შეუძლიათ ბოტასები ჩაიცვან, თუმცა ამას გამართლებაც აქვს. სადმე რომ მიდიან, თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ და ბოტასს იცმევენ, ჩანთაში კი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უდევთ და ლიფტში იცვლიან. უნდა ვაღიარო, რომ მეც ასეთი ჩვევა მაქვს. ლიფტში ვიცვლი ხოლმე.
ნათია ჟივიძე
(გამოდის ხუთშაბათობით)