პატრიარქი საზოგადოებას პროექტში - "წიგნი ყველა სოფელს" ჩართვისკენ მოუწოდებს

პატრიარქი საზოგადოებას პროექტში - "წიგნი ყველა სოფელს" ჩართვისკენ მოუწოდებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ "მოსიარულე ბიბლიოთეკას" წიგნები გადასცა. პროექტ "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში შექმნილი "მოსიარულე ბიბლიოთეკა", რომელიც სპეციალური ავტობუსის სახით არის წარმოდგენილი, დღეს სამების საკათედრო ტაძრის ეზოში გაჩერდა. პატრიარქმა ბიბლიოთეკას "ბიბლია", "ფსალმუნნი" და "დიდნი საქმენი" გადასცა.

აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა და მრევლს მიმართა, რომ საჭიროა ცოდნა და განათლება. მან საზოგადოებას პროექტისადმი მხარდაჭერისკენ და "მოსიარულე ბიბლიოთეკისთვის" წიგნების გადაცემისკენ მოუწოდა.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, შევქმნათ "მოსიარულე ბიბლიოთეკა" – ავტობუსი, რომელსაც ჩვენი ახალგაზრდები ხელმძღვანელობენ. "მოსიარულე ბიბლიოთეკა" ყველა სოფელში, ქალაქში შევა და წიგნებს დაარიგებენ. მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ, ვისაც გაქვთ ზედმეტი წიგნები გადასცეთ ბიბლიოთეკას. ეს იქნება დიდი დახმარება რომ ხალხმა წაიკითხოს წიგნები, გაიაზროს და გაიგოს მისი შინაარსი", - განაცხადა პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას.

"წიგნი ყველა სოფელს" გრძელვადიანი პროექტია და ამჯერად სვანეთის, იმერეთის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. პროექტი რეგიონების სასკოლო და ცენტრალური ბიბლიოთეკების წიგნებით მომარაგებას ისახავს მიზნად. "მოსიარულე ბიბლიოთეკა" სტარტს 14 აგვისტოს აიღებს და პირველად კახეთის რეგიონს ესტუმრება.

პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის, "ვისოლ ჯგუფის", საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის", ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის და არასამთავრობო ორგანიზაცია "სტუდენტური ერთობის" მხარდაჭერით ხორციელდება. პატრიარქმა დღეს ყველა ეს ორგანიზაცია დალოცა და პროექტისადმი მხარდამჭერთა გაზრდა ისურვა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია