მალხაზ ველიჯანაშვილი - ოლეგ მელნიკოვმა ზეწოლას ვერ გაუძლო

მალხაზ ველიჯანაშვილი - ოლეგ მელნიკოვმა ზეწოლას ვერ გაუძლო

ოლეგ მელნიკოვმა, როგორც ჩანს, ზეწოლას ვერ გაუძლო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული ოლეგ მელნიკოვის ყოფილმა ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მელნიკოვმა მისი აცილების შუამდგომლობა დაახლოებით 4 თვის წინ დააყენა, რაც ემთხვევა პერიოდს, როდესაც მის გვერდზე საკანში მყოფებმა გაიგეს გამომძიებლისა და მელნიკოვის გარიგების დეტალები.

"მელნიკოვი როდესაც ჩამოიყვანეს, მან პროცესზე განცხადება გააკეთა, რომ პროკურორები შემოდიან, დედაჩემი შემოჰყავთ და ჩემზე ზეწოლას ახდენენო. ასევე ამბობდა, ჩემს შვილზე საქმე აღძრესო. ამ ადამიანზე ზეწოლა იყო და ალბათ, ვერ გაუძლო", - განაცხადა ველიჯანაშვილმა.

ის, რომ მელნიკოვთან გარიგება ხდებოდა, გუშინ, საქალაქო სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილმა წარმომადგენლებმა, პატიმრობაში მყოფმა ზურაბ შამათავამ და ალექსანდრე გორგაძემ განაცხადეს.

გორგაძე და შამათავა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაიკითხნენ. აღნიშნული პროცესის შემდეგ საქალაქო სასამართლოში გირგვლიანის საქმის პროცესი დაიყო, სადაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა მელნიკოვმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

მალხაზ ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ პერიოდი, რომელზეც შამათავამ და გორგაძემ ისაუბრეს, ემთხვევა მისი, როგორც ადვოკატის აცილების პერიოდს.

"ეს პერიოდი იყო ზუსტად, მე რომ აცილება მომცა. გორგაძემ და შამათავამ, რომლებიც მელნიკოვის გვერდზე საკანში არიან, ისიც გაიგეს, რომ დათა ახალაიას საწინააღმდეგო ჩვენების სანაცვლოდ, მელნიკოვმა ქვეყნიდან გაშვება მოითხოვა", - განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ოლეგ მელნიკოვს ამჟამად ადვოკატი ვარლამ ბალხამიშვილი იცავს.

რაც შეეხება მელნიკოვის სკანდალურ განცხადებას, მან გუშინ გირგვლიანის საქმეზე ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ დათა ახალაიამ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, მას დაწერილ ჩვენებაზე მოაწერინა ხელი. მელნიკოვის თქმით, გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში მღელვარების ჩასახშობად, ახალაიამ ზურაბ ადეიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემდეგ, განახორციელა გეგმა, რომლითაც შსს-ს 4 თანამშრომელი დააკავეს. მისი თქმით, წინასწარ იყო დაგეგმილი, რომ ამ პირებს მალევე გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვმა საქმის ყველა ეპიზოდში ბრალი აღიარა და აღნიშნა, რომ ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, დათა ახალაიას თხოვნით, ცრუ ჩვენება აქვს მიცემული, ახლა კი, სიმართლეს ამბობს.

მელნიკოვის დაკითხვა საქალაქო სასამართლოში 18 აგვისტოს განახლდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ