"კახა თარგამაძე დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში"

"კახა თარგამაძე დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში"

მმართველი კოალიციის წევრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ყოფილი შს მინისტრის, კახა თარგამაძისთვის მოაქალაქეობაზე უარის თქმის თემას ეხმაურება.

"კახა თარგამაძის მოქალაქეობისა გამო ატეხილ ამბავსა ზედა მინდა მოგახსენოთ ცოტა ვრცლად და, ვიმედოვნებ, არა მოსაწყენად.

სააკაშვილის ხელისუფლება ჩემთვის იყო პრინციპულად მიუღებელი, როგორც ადამიანის ღირსების შემლახავი და ძალადობაზე დაფუძნებული ავტორიტარული რეჟიმი.

მაგრამ როგორი მიუღებელიც არ უნდა ყოფილიყო ის რეჟიმი, ფაქტია, რომ მისი ცხრაწლიანი მმართველობის დროს ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ, პოლიტიკოსების და საზოგადოებრივად აქტიური პერსონების მიმართ დღეს ცოტა განსხვავებული დამოკიდებულებაა, განსხვავებული სტანდარტებია, ვიდრე ეს იყო ათი წლის წინ.

ჩემის ღრმა რწმენით, ეს ცვლილებები უფრო დრომ მოიტანა, ვიდრე სააკაშვილის მმართველობამ, ნაცმოძრაობის მომხრეები ალბათ (ალბათ კი არა დანამდვილებით) პირიქით ფიქრობენ, მაგრამ კონკრეტულად ამ სტატუსისთვის ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.

არსებითი მნიშვნელობა კი აქვს იმას, რომ კახა თარგამაძე თავისი შეხედულებებით, ღირებულებათა სისტემითა და დამოკიდებულებებით არის მთლიანად იმ პერიოდში ჩარჩენილი, რომელიც ჩვენ, მთელმა ქვეყანამ უკვე ათი წელია გავიარეთ. მისი ინტერვიუები, გამოხმაურებები და რეპლიკებიც ამას ცხადყოფს.

ეს არ ნიშნავს, რომ ის ბრუტალურად ბოროტია ან რაღაც ისეთი საშინელებები აქვს ნაკეთები, რომლის მსგავსიც არ გვსმენია. აქ მისი პიროვნების ავ-კარგზეც არაა ლაპარაკი და შეიძლება სხვას უარესი მინუსებიც გამოვუჩხრიკოთ. უბრალოდ თარგამაძის ტიპაჟი დღევანდელ ქართულ რეალობაში ისევე გამოიყურება, როგორც, ვთქვათ, შეიძლება გამოიყურებოდეს დმანისელი ზეზვა თანამედროვე მეგაპოლისში. ის მთლიანად ამოვარდნილია ეპოქის კონტექსტიდან, მისი ლექსიკა მთლიანად გაჟღენთილია ოთხმოცდაათიანების მიწურულის ნოსტალგიით და "ეჰ-დროზე-უნდა-მოგვეგრიხა-ამ-სოროსელებისთვის-კისერი" დისკურსით. ერთადერთი აზრი, რაც მისი მოსმენისას მიჩნდება, არის ის, რომ "ეს ისევ იქაა".

და ამ სიტუაციაში კახა თარგამაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება (არა ნატურალიზაციის წესით, არამედ ორმაგი მოქალაქეობის, დაშვებით, რაც ამ პიროვნების დამსახურებასა და აქტის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას გაუსვამდა ხაზს), იქნებოდა, არც მეტი არც ნაკლები, პირდაპირი გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ ჩვენთვის ასეთი პერსონები, ასეთი ღირებულებებისა და შეხედულებების მატარებელი ფიგურები მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი. და რა ქვეყანა შეიძლება აშენდეს ასეთი "ანგარიშგასაწევი" პერსონების ხელით, ეს უკვე ვიცით. ნანახი გვაქვს.

ამიტომ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება კახა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე უარის თქმისა, არის არა უბრალოდ სწორი, არამედ სახელმწიფოებრივად და პოლიტიკურად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. იმ ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი და რომელსაც ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის პრეტენზია გააჩნია.

ასეა ეს! @ დ. თუთაშხია კი არა და ზ", - წერს ზურაბიშვილი.

იხილეთ ასევე: გიორგი მარგველაშვილმა კახა თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს