დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთი საქართველოს, მეორე კი, თურქეთის მოქალაქეა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

დარიალის ხეობაში დაკარგული ორი ადამიანიდან ერთი საქართველოს, მეორე კი, თურქეთის მოქალაქეა - ფოტოები სტიქიის ზონიდან

ambebi.ge-მ დარიალის ხეობიდან ფოტომასალა მიიღო. ფოტოებზე აღბეჭდილია ის ტერიტორია, სადაც წუხელ მეწყერი ჩამოწვა.

მეწყერი დარიალის ხეობაში გუშინ, 22:00 საათზე იმავე ადგილზე ჩამოწვა, სადაც - მიმდინარე წლის 17 მაისს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაკარგულად მიიჩნევა ორი ადამიანი - ერთი საქართველოს და ერთი თურქეთის მოქალაქე. ორივე მათგანი ჰესის მშენებლობაზე იყო დასაქმებული და სტიქიის დროს გვირაბში მუშაობდა. დაკარგულების ძებნის სამუშაოები მას შემდეგ დაიწყება, რაც გვირაბამდე მისასვლელი გზის გაწმენდა მოხერხდება. თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სტიქიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიკარგა.

გუშინ მომხდარ სტიქიას იხსენებენ თვითმხილველებიც. ისინი ამბობენ, რომ დაახლოებით 22:10 საათი იქნებოდა, როდესაც გაისმა საშინელი გრუხუნი.

"გახსოვთ, რომ 17 მაისს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა ნაწილი დარჩა და შემდეგ გეოლოგები დაკვირვებას აწარმოებდნენ. ახლა ჩამოწვა მეორე ნაწილი. ჩაირთო სპეციალური ე.წ. გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა და ჰესის თანამშრომლები, ასევე მგზავრები, რომლებიც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოემართებოდნენ მთის ფერდობს შეეფარნენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. საბედნიეროდ, მდინარე თერგი არ ჩაკეტილა. ამ წუთებშიც მიედინება ეს წყალი, პემზანარევი შავი მასა მოაქვს, მაგრამ რა არის, კარგად ვერ ვარჩევთ", - უთხრეს თვითმხილველებმა წუხელ "ინტერპრესნიუსს".

დარიალის ხეობაში გარემოს დაცვის სამინისტროს ჰიდროლოგებისა და გეოლოგების ჯგუფის შესვლა მოხერხდა. ისინი ხეობაში დღეს გამთენიისას, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით შეფრინდნენ. მათივე ინფორმაციით, სპეციალისტებმა დაათვალიერეს მყინვარწვერი, დევდორაკის და ამალის ხეობები და რისკები შეისწავლეს. სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მდინარეების თერგისა და ამალი-დევდორაკის შეერთების უბანზე ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას. ჰიდროლოგებმა და გეოლოგებმა სტიქიური პროცესები ადგილზე შეაფასეს და რისკები განსაზღვრეს. კერძოდ, დევდორაკის ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექის შედეგად წინა (17 მაისის) ღვარცოფული მოვლენის დროს დარჩენილი მასის გადმოტანა მოხდა. ადგილზე ღვარცოფის ახალი მოწყვეტის კერები არ ფიქსირდება. გამოტანილი მასის სავარაუოდ მოცულობა უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

წუხანდელი სტიქიის შედეგად დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟოც. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კმ.ზე მეწყერის ჩამოწოლის გამო, ღვარცოფული ჩამონატანების შედეგად გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. დუშეთის რაიონის სოფელ ბოდორნასთან რუსეთისკენ მიმავალი ტრაილერებისა და მსუბუქი ავტომობილების კოლონაა გაჩერებული. "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტის ინფორმაციით, ტერიტორიაზე დაახლოებით ათამდე ტრაილერი და 20-მდე მსუბუქი მანქანაა. ავტომობილების უმრავლესობას რუსული ნომრები აქვს.

დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრის ტერიტორიიდან მოქალაქეების გამოყვანა კი უახლოეს საათებში დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" ყაზბეგის გამგებელმა, გივი ქირიკაშვილმა განუცხადა, მათ ვერტმფრენით სოფელ გველეთში გადაიყვანენ, რის შემდეგაც ავტომანქანებით სტეფანწმინდაში ჩაიყვანენ.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

იხილეთ ფოტოგალერეა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია