ქართველი, რომელმაც მისტიკურ "ბერმუდის სამკუთხედში" შეცურა - ტელეწამყვანის "საშიში" მოგზაურობის დეტალები

ქართველი, რომელმაც მისტიკურ "ბერმუდის სამკუთხედში" შეცურა - ტელეწამყვანის "საშიში" მოგზაურობის დეტალები

"პალიტამედიის" სტრატეგიული პროექტების მენეჯერის, ილიაუნის ლექტორისა და "იმედის დილის" წამყვანის, გურამ შეროზიას ჰობი მოგზაურობაა, ის წლის განმავლობაში ოთხჯერ მაინც რომელიმე საინტერესო ქვეყანას ირჩევს და იქ მიემგზავრება. ეს საქმიანობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს. ახლა ზაფხულია, აბა, ამ შანს ხელიდან როგორ გაუშვებდა, რომ რაიმე მძაფრი შეგრძნება არ განეცადა და ბერმუდის სამკუთხედშიც შეცურა...

- გადავწყვიტე, აგვისტოში ნიუ-იორკში მემოგზაურა. რაკი მაიამის ბილეთები ძალიან იაფად "ვიპოვე", ბერმუდშიც მომინდა შერბენა. შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბერმუდის სამკუთხედი სწორედ მაიამიდან იწყება. ის ჩვენთან ჯერ კიდევ საშიშ და მისტიკურ ადგილად მიიჩნევა, რაზეც ამერიკელებმა დამცინეს. ამიტომ გადავწყვიტე, "გამერისკა" და ამ "საშიშ" ადილზეც შევსულიყავი...

- რადგანაც საკუთარი თვალით ნახე ბერმუდის სამკუთხედი, გვითხარი, რეალურად რა რის ის?

- რეალურად მეორე მსოფლიო ომის დროს მისტიკურად გამოცხადებული ადგილია, სადაც ახლა ყოველდღიურად უამრავი რეისი სრულდება, ტურისტები შედიან და არავინ იკარგება. გიდმა, რომ შევდიოდით, ხუმრობით თქვა, ახლა გავქრებითო, რაზეც ტურისტების უმრავლესობას გაეცინა, მგონი, მათგან მხოლოდ მე შემეშინდა...

არადა, მითის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც ამ მხარეში იკარგებიან, ორი დღის შემდეგ ბრუნდებიან, მაგრამ ამ დროს დედამიწაზე 50 წელი გადის... დროში მოგზაურობის ყველა ნიუანსი იმდენად ემოციურად წარმოვიდგინე, რომ ამ თემაზე წიგნის დაწერაც კი დავიწე, ანუ როგორ ქრება ხალხი სამკუთხედში და 50 წლის შემდეგ ბრუნდება. ასევე, მყავს მეგობარი, რომელიც "ბერმუდის სამკუთხედის" თემაზე მუშაობდა. მითხრა, - XXI საუკუნეშიც მოხდა რამდენიმე "გაქრობა," უბრალოდ, ამ ინფორმაციას მალავენო. შესაბამისად, ლოგიკური იყო ის ფაქტი, რომ ამ მოგზაურობისას ემოციებით ძალიან დატვირთული ვიყავი...

- მითი გასაგებია, მაგრამ რეალურად რა ნახე?

- რეალურად ოკეანის ჩვეულებრივი ნაწილია, ვერ მივხვდი, რა შეიცვალა, როცა გვითხრეს, უკვე "ბერმუდის სამკუთხედში" ვიმყოფებოდით... ვერც კი ვიგრძენი, რომ იმ წუთას იმ მისტიკურ ადგილას ვიყავი, სადაც მითის მიხედვით, არსებობს მიზიდულობის ძალა, ყველა გემი იძირება და ყველა თვითმფრინავი ვარდება. შეიძლება ითქვას, რომ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც მის შესახებ გამეგო, გაცილებით მეტს ველოდი მისგან და სინამდვილეში კი ოკეანის ძალიან ჩვეულებრივი ნაწილი დამხვდა. ასე რომ, ყველაფერი ძალიან ჩვეულებრივად დამტავრდა..

- ე.ი. ბერმუდის სამკუთხედი არ არის სახიფათო ადგილი?

- არანაირად, ეს ჩვეულებრივი მარშრუტია, ჩემი შეკითხვები უკვირდათ კიდეც, როდესაც ვამბობდი: რამე საშიში ხომ არ არის? და ა.შ. ასევე დავიქირავეთ ნავი და ნიაგარას ჩანჩქერის ვარდნის ადგილას შევცურეთ, საწვიმარები კი გვეცვა, მაგრამ მაინც ძალიან დავსველდით, ესეც ძალიან ექსტრემალური იყო...

- რამდენ ხანს იყავი იქ?

- ამერიკაში 11 დღე ვიყავი, სამი მაიამიში, ორი - ვაშინგტონში და ექვსი - ნიუ- იორკში. ფაქტობრივად, ამ ადგილებზე ნარკოტიკივით დამოკიდებული გავხდი, - ჩამოსული არ ვიყავი, რომ უკვე მომავალი ზაფხულის ბილეთებს ვათვალიერებდი... ჩემი შეხედულებით, საუკეთესო ქვეყანაა! გავგიჟდი! თავისუფლებისა და ბედნიერების პიკი...

- ისე, ყოველ მესამე თვეს სამოგზაუროდ სადღაც მიდიხარ. ამდენი ვოიაჟით არ იღლები?

- ყოველ მესამე თვეს, დაახლოებით, ვმოგზაურობ. დაღლის მომენტი არ არსებობს, რას ამბობ, პირიქით, ვივსები და დიდხანს მომყვება ის მუხტი, რომელსაც მოგზაურობების დროს ვიღებ. არის საიტი, "ქაუჩსერფინგი", რომლის დახმარებითაც, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ვპოულობ მასპინძლებს, რომლებთანაც უფასოდ ვრჩები, დილის კვებაც უმრავლესობასთან შესაძლებელია, შესაბამისად, მინიმალური დანახარჯებით ვმოგზაურობ და თან, უსაფრთხოც არის. მოქმედებს "რეფერენსების" სისტემა, ანუ ყველა სტუმარი, ვინც კონკრეტულ მასპინძელთან დარჩა, ვუტოვებთ კომენტარს, რომელიც არ იშლება, შესაბამისად ამით დაზღვეული ხარ. ყოფილა "უხამსი შემოთავაზებებიც," მაგრამ თუ არ გინდა, ძალით არავინ არაფერს გაიძულებს. პირადად მე, ერთი სისუსტე მახასიათებს: სხვა ქართველი ბიჭები თუ მიდიან და ტკბებიან სრულად ღამის ცხოვრებით, თავისი შემადგენელი ყველა ელემენტით - პირველივე დღეს ვიღაც მიყვარდება და მთელი დარჩენილი პერიოდი მისი ერთგული ვარ, ასე მოხდა მაიამიშიც...

- ამ საიტის საშუალებით ასე მარტივად გვარდება ბინით უზრუნველყოფის საკითხი?

- განვავრცობ ამ საიტის გამოყენების თემას, მაგალითად, რაკი მარტო ვცხოვრობ, მეც ხშირად ვიღებ ღამის გათევის თხოვნებს სხვადასხვა უცხოელისგან, მით უმეტეს, რომ ბევრი რეკომენდაცია მაქვს. ჩემი მეგობარი ხუმრობდა, რომ ქართველი ბიჭების ნაწილი იხდის საკმაოდ სოლიდურ თანხას, რომ წავიდეს "კაზანტიპზე" და შანსი ჰქონდეთ, უკრაინელი გოგონების "შებმის," ჩემთან უკრაინელი გოგონები თავისი ფეხით მოდიან და მთხოვენ, რომ შევიფარო, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს რამე სხვა დაინტერესებას, საიტი მხოლოდ მოგზაურობას ეხება, თუმცა გამორიცხული არაფერია...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია