წამლის შესახებ ახალი კანონის მომხრე და მოწინააღმდეგე ცნობილები

წამლის შესახებ ახალი კანონის მომხრე და მოწინააღმდეგე ცნობილები

პირველი სექტემბრიდან წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილება ძალაში შევიდა: ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები ანუ მომხმარებლებს რეცეპტის წარდგენის ვალდებულება ისეთი მედიკამენტების შეძენისას დაეკისრათ, რომლებსაც ადრე ურეცეპტოდ ხშირად მოიხმარდნენ... კანონის ცვლილების მიმართ, მოსახლეობის დიდი ნაწილი უარყოფითად განეწყო. ბევრმა წამლები ახალი კანონის ამოქმედებამდე მოიმარაგა. თადარიგის დაჭერისა და ფასდაკლების დღეებით სარგებლობისკენ სააფთიაქო ქსელებიც მოგვიწოდებდნენ... გადავწყვიტე, ახალი კანონის შესახებ აზრი ცნობილი ადამიანებისთვისაც მეკითხა.

აჩიკო სოლოღაშვილი:

- ადამიანი ყველაფერს ეგუება. მეც შევეგუები და როგორც ყოველთვის, კანონმორჩილი ვიქნები. ოჯახის ექიმთან ვიზიტისთვის ჩაწერას, შემდეგ - წამლის გამოსაწერად მისვლას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ ამისთვისაც მოვიცლი, სხვა რა გზა მექნება? ადრე საქმე მარტივად იყო, მაგრამ ალბათ, ეს კანონი ჩემზე ბევრად ჭკვიანმა ადამიანებმა მოიფიქრეს. თან, ყველა ქვეყანაში ასეა და იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც გაამართლებს.

- ანუ ექიმის გარეშე მედიკამენტების მიღება გჩვევია?

- მაქსიმალურად ვცდილობდი, წამალი ექიმის დანიშნულების გარეშე არ მიმეღო და ამას არც არავის ვურჩევ, თუ რა თქმა უნდა, რაიმე მსუბუქი ("ციტრამონის" მსგავსი) არ სჭირდებათ. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, როცა ადამიანები ანტიბიოტიკებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე იღებენ ან მეგობრებსა თუ მეზობლებს "კომპეტენტურად" ურჩევენ. ანტიბიოტიკების მეშინია, ხოლო "მსუბუქ" წამლებთან დაკავშირებით, პრობლემა არ მაქვს.

სალომე გოგიაშვილი:

- გააჩნია, რა მჭირს. ელემენტარულად, გაცივებული როცა ვარ და სიცხე მაქვს, ექიმს არ მივმართავ: ზრდასრული ადამიანი ვარ და ზუსტად ვიცი, რა წამალი მიშველის, თუკი ანთებითი პროცესი არ მაქვს. ანთების შემთხვევაში, მგონი, ანტიბიოტიკს ექიმის გარეშე ისედაც არავინ იღებს, არა? თუმცა, როგორც იმის დაშვება შეიძლება, რომ უვიცმა მომხმარებელმა არასწორი პრეპარატი მიიღოს, ასევე, შეიძლება, ექიმი იყოს უვიცი და მედიკამენტი შეცდომით დაგინიშნოს.

- როცა ბავშვები ავად არიან, სიცხე აქვთ, წამალს მათაც ექიმის გარეშე აძლევ?

- "უბრალო" წამალს თავად ვაძლევ, რადგან 2 შვილი მყავს გაზრდილი და ზუსტად ვიცი, რა სიტუაციაში რა მედიკამენტი უნდა მივცე. ღმერთმა ყველას გვაშოროს, მაგრამ თუკი ექიმის ჩარევა საჭიროა, ასეც ვიქცევი: თუ ბავშვს გადასხმა სჭირდება, ბუნებრივია, ამ საქმეს მარტო ვერ ვუმკლავდები. ისტერიკულად, გიჟივით ყველაფერზე ექიმს არ ვიძახებ.

- რეცეპტის გარეშე წამლების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით როგორ ხარ განწყობილი?

- ალბათ ამ კანონს დადებითად არავინ აფასებს, რადგან რეცეპტით გასაცემი წამლების სიაში ისეთი მედიკამენტები შედის, რომელთა 80%-ს ადამიანები აქტიურად მოიხმარენ, მაგალითად - ტკივილგამაყუჩებელი, რომელსაც თავადაც ხშირად ვიყენებ. ვერ ვხვდები, ასეთი წამლების რეცეპტით გაცემა ვისთვის არის საჭირო?! ბევრი პრეპარატია, რითიც წამალდამოკიდებული ადამიანები სარგებლობენ და "კაიფობენ". მესმის, რომ ასეთი პრეპარატები ურეცეპტოდ არ უნდა იყიდებოდეს, მაგრამ მაგალითად, რეცეპტით გასაცემი წამლების სიაში "ნიმესილი" რატომ შედის, ჩემთვის გაუგებარია.

- შენი აზრით, ახალი კანონი სააფთიაქო ქსელში "შავი ბაზრის" გააქტიურებას თუ გამოიწვევს?

- ალბათ არა, რადგან ხალხი ძალიან დაშინებულია და ამის გამო ციხეში მოხვედრა არავის მოუნდება, მაგრამ კანონი ხალხის აგრესიას რომ გამოიწვევს, ამის დიდი ალბათობა ნამდვილად არის. დიდი ბოდიში, მაგრამ ქალებს სხვადასხვა პრობლემა გვაქვს ხოლმე და როცა ტკივილი შემაწუხებს, ექიმს უნდა დავურეკო და წამალი გამოვაწერინო?! სისულელეა! მგონი, ქვეყანაში ბევრად უფრო მეტად საჭირბოროტო საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე წამლების ურეცეპტოდ გაყიდვაა.

- კანონის ძალაში შესვლამდე, სააფთიაქო ქსელები გააქტიურდნენ - მედიკამენტების მომარაგებისკენ მოგვიწოდებდნენ. მათი რჩევა გაითვალისწინე?

- სარეკლამო მესიჯი არ მიმიღია. თბილისში არ ვიყავი. ახლა დავბრუნდი, აფთიაქში თავად წავედი და წამლები მოვიმარაგე, მაგრამ ეს მარაგი როდის ამომეწურება, არ ვიცი...

თიკა ჯამბურია:

- საერთოდ, ვცდილობ, წამალი იშვიათად მივიღო. რამდენიმე დღის წინ (კანონის ძალაში შესვლამდე) გაცივებული ვიყავი და წამალს ექიმის დანიშნულების გარეშე ვსვამდი.

- როცა ბავშვია ავად, ასეთ დროს როგორ იქცევი?

- ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვს წამალს ექიმის რჩევით ვაძლევ.

- ექიმთან ვიზიტი პრობლემური ხომ არ არის?

- ყველა ნორმალური მშობლისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ ბავშვს წამალი თვითნებურად არ უნდა მისცეს. აუცილებლად ექიმს უნდა დაეკითხოს, რადგან ეს სახუმარო თემა არ არის.

- წამლების რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებული კანონი მოგწონს?

- ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან ჩვენს თაობაში დიდი პრობლემაა - ახალგაზრდები წამლებს ცუდი მიზნით იყენებენ, რაც არ შეიძლება.

ნიკა ქავთარაძე:

- ამ კანონთან დაკავშირებით, ცალსახად ჩამოყალიბებული პოზიცია არ მაქვს, მაგრამ მიმაჩნია, რომ საერთოდ, ადამიანები წამალს თვითნებურად არ უნდა იღებდნენ. კანონი ყველა წამალზე არ ვრცელდება. შეკითხვები მედიკამენტების სიასთან დაკავშირებით უფრო გვაქვს, ვიდრე - კანონთან. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანაში ექიმის რეკომენდაციის გარეშე წამალს ბევრი ავადმყოფი იღებს, რის გამოც ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულდებათ. კარგია, თუკი წამლების შესაბამის სიაში ყველა ის მედიკამენტი წერია, რომელიც უნდა ეწეროს.

- რეცეპტის გარეშე წამლების მიღება თავად თუ გჩვეოდათ ან როცა თქვენი შვილები ავად იყვნენ, მედიკამენტებს თვითნებურად თუ აძლევდით?

- ბავშვებს - არა, მაგრამ როცა სურდო მქონია, აფთიაქში ჩაი მიყიდია, თავის ტკივილის შემთხვევაში - ტკივილგამაყუჩებელი, თუმცა ალბათ, მაინც ჯობია, რომ ადამიანმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დისკომფორტის მიზეზი იცოდეს და ისე იმკურნალოს. ამიტომ კანონთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია არ მაქვს. პრაქტიკა გვიჩვენებს, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა ეს კანონი აამოქმედეს.

ქეთი ორჯონიკიძე:

- რა თქმა უნდა, ფსიქოტროპული წამლები რეცეპტის გარეშე არ უნდა გაიცემოდეს, მაგრამ ადამიანი უცებ ცუდად თუ გახდა, პირველადი პრობლემის აღმოსაფხვრელად, ტკივილგამაყუჩებელი ურეცეპტოდ უნდა იყიდებოდეს.

- ტკივილგამაყუჩებლის გარდა, ექიმის რჩევის გარეშე, სხვა წამალი თუ მიგიღია?

- როგორც ყველა ქართველს, ასეთი რამ მეც მჩვევია. საქართველოში ეს გლობალური პრობლემაა - ხალხი თვითმკურნალობას ეწევა, თუმცა ეს ბევრი რამის ბრალია... თუკი რეცეპტის გაცემა თანხის გარეშე მოხდება და შესაბამისად, ექიმთან კონსულტაციაც უფასო იქნება, ამ კანონის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

გიორგი გაგლოევი:

- ურეცეპტოდ წამლების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით უარყოფითად განწყობილი ვარ. ჯობდა, ჯერ სხვა რაღაცებისთვის მიგვეხედა.

- შენი აზრით, რა დონეები უნდა გავიაროთ, რომ წამლების რეცეპტის გარეშე გაცემა აიკრძალოს?

- იქიდან დავიწყოთ, რომ პენსია 150 ლარია, უმუშევრობის დონე მაღალია. ჩვენს ქვეყანაში ოჯახი ან ღარიბია, ან - საშუალოზე ოდნავ მაღალი შესაძლებლობა აქვს, საშუალო - არ არსებობს... უკვე ყველაფერი გასაგებია, არა?

- შენთვის ექიმთან ვიზიტი პრობლემურია?

- პირადად მე, ექიმთან ხშირად მისვლა არ მიწევს. მგონი, ბოლოს ბავშვობაში მივედი. სამაგიეროდ, ჩემი პატარა ძმისშვილები დადიან. ექიმთან შესასვლელად, ხშირად 3-4 საათი სიცხეში დგომა უწევთ. ელემენტარული პირობები არ არის, რომ ჩამოსხდნენ მაინც...

- გიორგი, ექიმთან წელიწადში ერთხელ მაინც რატომ არ მიდიხარ?

- წელიწადში კი არა, ადამიანი ექიმთან გამოკვლევისთვის 6 თვეში ერთხელ მაინც უნდა მივიდეს, მით უმეტეს - ისეთი, ვისაც ჩემსავით, ალკოჰოლი უყვარს (იცინის). ჩემნაირმა ადამიანმა ექიმთან კონსულტაცია წელიწადში 4-ჯერაც უნდა გაიაროს, მაგრამ არაფერს ვუჩივი, ყველაფერი მწყობრში მაქვს და იმედია, ექიმთან ვიზიტი კარგა ხანს არ მომიწევს.

სამწუხაროდ, რეგიონებში რეცეპტებზე მეტად, მოსახლეობას ის ადარდებს, რომ ექიმები არ ჰყავთ. ჯანდაცვის მინისტრის - დავით სერგეენკოს თქმით, ახალი პროექტი - "პოსტდიპლომური განათლების დაფინანსება" დაიწყება: სტუდენტს სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების მერე, დიპლომის შემდგომი განათლების მისაღებად თუკი ფული არ აქვს, სახელმწიფო გადაუხდის, ოღონდ - იმ პირობით, რომ 3 წელი სამუშაოდ რაიონში წავა. ჯანდაცვის სამინისტრო დეფიციტურ საექიმო სპეციალისტებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააფინანსებს. "რეგიონებში არ ჰყავთ ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ქირურგი, მეან-გინეკოლოგი. მაგალითად, რაიონში არის სამშობიარო განყოფილება, მაგრამ სისხლდენით რომ მივიდეს ქალი, ვერაფერს გაუკეთებენ, ვერ დაეხმარებიან, რადგან ანესთეზიოლოგი არ ჰყავთ. ჩვენ გამოვიკვლიეთ, რომელ რაიონში რა სპეციალობა უჭირთ და სელექციურად მოვუმზადებთ სპეციალისტებს", - აცხადებს სერგეენკო "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია