"ქალა-ტვინის ტრავმა მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო" - მაია ნიკოლეიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების ახალ დეტალებზე

"ქალა-ტვინის ტრავმა მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო" - მაია ნიკოლეიშვილი ლევან კორტავას გარდაცვალების ახალ დეტალებზე

ლევან კორტავას საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის საკითხებთან დაკავშირებით ექსპერტი მაია ნიკოლაიშვილი ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვს.

2013 წლის მაისში ქუთაისის ცხაკაიას სახელობის ინტერვენციის ცენტრში გარდაცვლილ ლევან კორტავას საქმეში ახალ დეტალებთან დაკავშირებით ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა ადვოკატ დალი სულაქველიძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

მაია ნიკოლაიშვილის განცხადებით, დოკუმენტებით იკვეთება, რომ ლევან კორტავას გარდაცვალების მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო ის ტრავმები, რომელიც გარდაცვლილს 2013 წლის 12 მაისს გეგუთის N14-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ინცინდენტის დროს ცემისას მიაყენეს, არამედ სავარაუდოდ, ცხაკაიას სახელობის ინტერვენციის ცენტრში ექიმების დაუდევრობის შედეგია.

"დოკუმენტებით იკვეთება, რომ ლევან კორტავას სიკვდილის მიზეზი მართლაც რომ ყოფილიყო ტვინის ღეროს შეშუპება, რომელზეც ექსპერტები საუბრობენ, ტრავმული არ იყო. ქალა-ტვინის ტრავმა, რომელიც გარდაცვლილს აღენიშნებოდა, მისი სიკვდილის მიზეზი არ შეიძლება გამხდარიყო. მიკროსკოპულადაც დადასტურებულია რომ იქ იყო ფილტვების ანთება. ეს დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზამ და ქიმიური ექსპერტიზით ასევე დადგინდა, რომ ანტიბიოტიკზე კორტავას უარყოფითი მგრძნობელობა ჰქონდა. არც ტოქსიკოლოგი, არც ნარკოლოგი და არც ნევროპათოლოგი მის მკურნალობაში არ ჩარეულა", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

პრესკონფერენციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ გასარკვევია რა იყო რეალურად კორტავას სიკვდილის მიზეზი, რომელშიც 7 პირია დღეს ბრალდებული.

ნიკოლაიშვილის თქმით, ექსპერტები, რომლებიც ერთვებიან სამედიცინო ექსპერტიზაში სამედიცინო დაწესებულების ექიმების მიერ დაშვებულ შეცდომებს ხელს აფარებენ. ხელის დაფარების პოლიტიკაში მაია ნიკოლაიშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც დაადანაშაულა. ამდენად, ექსპერტი სამედიცინო რეგულირებისა და ექსპერტიზის საკითხებზე სასაუბროდ მინისტრ დავით სერგეენკოსთან შეხვედრას ითხოვს.

ამასთან, ადვოკატ დალი სულაქველიძის განცხადებით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ლევან კორტავას საქმესთან დაკავშირებით, ისინი აპირებენ პროკურატურას საჩივრით მიმართონ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ