რამდენიმე დღის წინ ერთ ქალბატონს შევხვდი, რომელიც ახალგაზრდა დაქვრივდა. როგორც მითხრა, მეორედ გათხოვებაზე არასოდეს უფიქრია და მთელი თავისი ცხოვრება შვილს მიუძღვნა. ამას წინათ ქალბატონ ნინოს შვილთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რომლის შესახებაც მან ჩვენთან საუბარი ისურვა...
- შვილი უკიდურეს გაჭირვებაში გამოვზარდე. რომ არა ჩემი მშობლები, ძმა და მეგობრები, არ ვიცი თავს როგორ გავიტანდით. მეუღლე მაშინ გარდამეცვალა, როცა გვანცა 4 წლის იყო. ისეთი გამოუცდელი და უსუსური ვიყავი, არაფრის გაკეთება არ ვიცოდი. სანამ გავთხოვდებოდი ჩემს გასაკეთებელ საქმეს დედა აგვარებდა, შემდეგ კი - მეუღლე. 25 წლის ვხდებოდი, როცა ჩემი მეუღლე ორ მეგობართან ერთად ავტოავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ანუ ჩემსავით კიდევ ორი ქალი დაქვრივდა. მათ შორის ერთ-ერთს ოჯახი ახალი შექმნილი ჰქონდა, მეორეს კი ორი შვილი ჰყავდა. ჩემი გვანცა და ის ბავშვები ერთად გაიზარდნენ. სამივეს ერთმანეთი ღვიძლი დასავით უყვარს. როცა ჩემი მეუღლე დაიღუპა გადავწყვიტე ჩემებთან დავბრუნებულიყავი. რაღაცნაირად მომერიდა უცხო ხალხთან ერთად დარჩენა.
- ''უცხო'' რატომ?
- მიუხედავად იმისა, რომ მათთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაინც საკუთარ ოჯახში მერჩივნა ყოფნა. თან ჩემი მული ქმარს გაშორებული იყო და შვილთან ერთად ჩემს დედამთილ-მამამთილთან ცხოვრობდა. არ მინდოდა მე და ჩემი შვილი მათთვის რაიმე სახის ტვირთი ვყოფილიყავით. ასე რომ 40 დღის შემდეგ სახლში დავბრუნდი. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ პირველ ხანს გვანცას ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევდი. არც ღამით ვიწვენდი ჩემ გვერდით და არც დღის განმავლობაში ვატარებდი მის გვერდით დროს. ბავშვს მამაჩემი ასეირნებდა, დედა აჭმევდა, აბანავებდა...
- და თქვენ ამ დროს რა საქმით იყავით დაკავებული?
- არაფერს არ ვაკეთებდი. თავიდან ჩემს ოთახში შეკეტილი გამუდმებით ვტიროდი, შემდეგ მეგობრებთან სიარული დავიწყე. შემეძლო რამდენიმე საათი ვმჯდარიყავი ჩემი რომელიმე მეგობრის სახლში, სამი-ოთხი ჭიქა ყავა დამელია და დრო უქმად გამეტარებინა. არადა ვხედავდი, რომ ჩემთვის არავის ეცალა. ვინც არ მუშაობდა, საოჯახო საქმეებით იყო დატვირთული, ბავშვები ათას წრესა თუ გაკვეთილებზე დაჰყავდათ, ოღონდ სახლში არ ვყოფილიყავი და რამდენჯერმე ერთ ჩემს დაქალს თან გავყევი. შვილი ფეხბურთზე დაჰყავდა და მეც მათთან ერთად დავდიოდი. ზოგს სადილების კეთებაშიც ვეხმარებოდი და თან მაშინ, როცა სახლში არაფერი მიკეთებია. არ ვიცი ეს ყველაფერი სადამდე გაგრძელდებოდა, რომ არა ერთი ჩემი მეგობრის ქმრის სიტყვები. ერთხელ სამსახურიდან სახლში დაღლილი დაბრუნდა და მისაღებში, ისევ ყავის ჭიქით ხელში რომ დამინახა, სახე შეეცვალა. ეტყობა ნერვები ვეღარ მოთოკა და მითხრა, აქ ჯდომას, ჭორაობას და ყავის სმას, არ გირჩევნია შვილს მიხედოო?! ეს სიტყვები გულზე მომხვდა. ავდექი და წამოვედი. მეგობარი უკან დამედევნა, ბოდიშს მიხდიდა, მაგრამ მისთვის არ მომისმენია. ის ღამე თეთრად გავათენე. ვტიროდი და თან ჩემს საქციელზე ვფიქრობდი. მეორე დღიდან საოცრად შევიცვალე. ჩემი მთავარი საზრუნავი შვილი გახდა. ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე. ყველა გაკვირვებული იყო ჩემი მოულოდნელი გარდასახვით, ეტყობა ყველას ეგონა, რომ ბავშვი მძულდა.