"გარდაცვლილის ცხედარს სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ" - სასტიკი მკვლელობა კახეთში

"გარდაცვლილის ცხედარს სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ" - სასტიკი მკვლელობა კახეთში

საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში, მოკლული ულფუკარ კ.-ს ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის სხვა წევრების დაკავებასაც ითხოვს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ მსხვერპლს არა მხოლოდ დაკავებული, არამედ მისი მეუღლე და ორი შვილი ურტყამდა.

"ერთი წელი უყვარდათ ერთმანეთი, ულფუკარმა გოგონასგან ღამე მესიჯი მიიღო - მამაჩემი სახლში არ არის და წამიყვანეო. ისინი მანქანით აპირებდნენ გაპარვას, როდესაც მოულოდნელად გოგოს მამა მივიდა. მან მანქანის შუშები ნაჯახით ჩაამტვრია, ბიჭს ხელ-ფეხი შეუკრა და სახლში შეათრია. სახლში კი მას გოგოს მამასთან ერთად მისი ცოლი და ორი ბიჭი ღამის 12-დან დილის 5 საათამდე ურტყამდა. უკვე გარდაცვლილის ცხედარს კი სიგარეტის ნამწვს აქრობდნენ", - აცხადებს გარდაცვლილის ბიძა.

მისივე თქმით, დაკავებულია მხოლოდ გოგოს მამა, ახლობლები კი დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დაკავებასაც ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ლინჩის წესით გასამართლებას გეგმავენ. მკვლელობაში ბრალდებულის სახლს ამჟამად პოლიცია იცავს.

გარდაცვლილი ულფუკარ კ. უკვე დაკრძალეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, დაელოდებიან გამოძიების დასრულებას, შემდეგ კი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ნოვრუზ ქ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით საგარეჯოს რაიონის სოფელ კაზლარში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ნოვრუზ ქ-მ ღამით, თავის საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას ჯოხით სცემა 1993 წელს დაბადებული ულფუკარ კ, რომელიც ფარულად შეიპარა ნოვრუზ ქ-ს საცხოვრებელ სახლში და მისი არასრულწლოვანი ქალიშვილის ცოლობის მიზნით მოტაცებას შეეცადა.

ულფუკარ კ. მიყენებული სხეულის დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნოვრუზ ქ. მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ